LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა – რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე / ბიზნესკურიერის პოდკასტი

დღეიდან რადიო „ფორტუნას“ ეთერში იწყება განახლებული „ბიზნესკურიერი“, რომელსაც გიორგი კეპულაძე გაუძღვება.

“შევეცდებით, გავაანალიზოთ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და გავაკეთოთ ფრთხილი პროგნოზები.

ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ ფინანსებს და ბიზნესს.

ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ ანალიტიკას, სტატისტიკას და რიცხვებს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კარგად აღწერს.” – ამბობს გადაცემის წამყვანი გიორგი კეპულაძე და დღეს, მთავარ თემად განიხილავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და პოლიტიკის გავლენას ეკონომიკაზე.

ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა.

2021 წლის სექტემბერში ფასების დონე 2020 წლის სექტემბერთან შედარებით, საშუალოდ, 12.3 %-ით გაიზარდა. 

გაცილებით მეტად გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 15.9 %,

ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 20. 3 %-ით.

ფასები გაიზარდა საწვავზე, რომელიც დამატებით აძვირებს სხვა საქონელსა და მომსახურებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შარშანდელთან შედარებით გვაქვს ეკონომიკური ზრდა, (თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს), ინფლაცია მთლიანად ჭამს ჩვენს ამ ეკონომიკურ ზრდას. ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს იმ ეკონომიკური არასტაბილურობის, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ.

“ბიზნესკურიერის” სტუმარია აკაკი ცომაია, ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი

კითხვაზე, არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა, დაძაბული საარჩევნო გარემო, მეორე ტურის მოლოდინი, მესამე პრეზიდენტი ციხეში …  რამდენად მოქმედებს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პროფესორი პასუხობს:

„ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ბევრი რამ. განსაკუთრებით გარემო და პოლიტიკური ფაქტორები.

მე ვიტყოდი, რომ ეს მოვლენები ყველაზე მეტად საინვესტიციო გარემოზე ახდენს გავლენას, ჩვენ  ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვამბობთ და ჩვენი მოქმედებებით ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთან ინვესტიციების განხორციელება ძალზე სახიფათოა და არ შეიძლება.

საინვესტიციო გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის პროდუქტიულობას.

თანდანანობით ხომ გვსურს, რომ გვქონდეს ისეთი საქონელი და ისეთი მომსახურება, რაც უნდა გაიყიდოს მსოფლიო ბაზარზე და ცხადია, თუ არ მოხდა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება,  თუ არ გაჯანსაღდა და არ გაუმჯობესდა პოლიტიკური გარემო, ჩვენ მომავალშიც დავკარგავთ იმის შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი.

საინვესტიციო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში დანაზოგები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შიდაინვესტიციით მხოლოდ ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ამისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები და ამ გარემოზე თავისთავად მოქმედებს ჩავარდნილი დიდი პროექტები“. – აცხადებს „ბიზნესკურიერთან“ ცომაია.

წელს ინვესტიციების ზრდა არ გვაქვს, შარშანდელთან შედარებით პირიქით შემცირება გვაქვს,  რასაც მხოლოდ პანდემიას ვერ დავაბრალებთ.

„შიდაინვესტიციები აუცილებელია თავისთავად.  მაგრამ მე თავისთავად ვგულისხმობ იმასაც, რომ ცოდნა არ გვაქვს.

უცხოური ინვესტიციები ამასთან ერთად არის გზა, რომ ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიები შემოვიდეს და ქვეყანა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო ბაზარზე.

ინვესტიცია, არაა მხოლოდ ფული, რომელიც კომპანიებს შემოაქვთ, ეს არის ის გამოცდილება, რომლებსაც შემდეგ უკვე ადგილობრივ მუშახელს გადასცემენ და მათი კვალლიფიკაციის დონე იზრდება.

მათ შემდეგ უკვე შეუძლიათ, დამოუკიდებლად შეძლონ ოპერირება იგივე სექტორზე. სასტუმროების სექტორი ერთგვარი მაგალითია, იქ შემოსულმა ინვესტორებმა შემოიტანეს არამარტო კაპიტალი, არამედ შემოიტანა ის ცოდნა და განათლება, რომელიც არსებობს დასავლეთში და მსხვილ ბრენდებში ამ მიმართულებით“,- აცხადებს ცომაია.

ინფლაციის დონე, რომელიც საკმაოდ მაღალია, ცენტრალური ბანკის გათვლებით, წლის ბოლომდე შემცირდება. ეროვნული ბანკის მოლოდინია, რომ ასე გაგრძელდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზები  ინფლაციის და როდემდე გაგრძელლდება.

ეთანხმებით, თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მომავალი წლის კვარტლიდან ინფლაცია უკვე ნელნელა დაიწყებს მიზნობრივი მაჩვენებლისკენ, 3 %-ისკენ დაბრუნებას?

„ვფიქრობ, რომ ინფლაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უფრო მეტად უნდა ვეძებოთ მოცემულ ეტაპზე საერთაშორისო ფაქტორებში.

კერძოდ იმაში, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლეულზე ფასების დონის მატება შეინიშნება, რაც ჩემი აზრით, მეტწილად გამოწვეულია იმით, რომ პანდემიის პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

და ვფიქრობ, ამან თავის გამოხმაურება ჰპოვა და აისახება ყველა ქვეყნის ბაზარზე.

ნედლეულზე ფასები როდესაც იზრდება, ამას ეკონომიკურ ლიტერატურაში „მიწოდების ეკონომიკურ შოკს“ ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ ამ დროს ფასების დონე შესაბამისად იზრდება.

საქართველოს, როგორც მსხვილ იმპორტიორ ქვეყანაზე, ფასების დონეზე ეს ფაქტორი გავლენას ახდენს.

თავისთავად ცხადია ისიც, რომ წინა რამდენიმე თვის წინ ლარის გაუფასურებემაც თავისი დაღი დაასვა ამ პროცესს და გარკვეული მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში.

ენერგომატარებლები მნიშვნელოვნად გაძვირდა და ენერგომატარებლის ტარიფის ზრდამ ორგვარი გავლენა მოახდინა.

მყისიერი ტარიფის ზრდა და ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდა ნიშნავს საწარმოო დანახარჯების გაზრდასაც. ესეც ცხადია, გავლენას ახდენს ინფლაციაზე.

ვრცელდება მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თითქოს ცენტრალური ბანკი ბეჭდავს ფულს, მაგრამ ეს არის მხოლოდ მითი.

ცენტრალური ბანკი დიდი ხანია არ ბეჭდავს ფულს და ბოლო პერიოდი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ამკაცრებს და ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ებრძვის ინფლაციას.

ამ ეტაპზე ინფლაცია ნამდვილად არ არის გამოწვეული ეროვნული ბანკის მიზეზით.

ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზეზით რომ იყოს გამოწვეული, ინფლაციის მოლოდინი უნდა არსებობდეს, რომელიც ცვლადია და შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ ინფლაციური მოლოდინები ჩამოყალიბებულია, რაც გავლენას ახდენს შემდგომ ინფლაციაზე.

შესაბამისად ,თუ ინფლაციური მოლოდინები არ არის პოზიტიური და დადებითი, ამ შემთხვევაში ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ერვნული ბანკის პოზიციას იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი შენელებას დაიწყებს.

მით უფრო რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრია. ეს ხელს უწყობს, სტაბილურობის შენარჩუნებასაც“, – აცხადებს ცომაია „ფორტუნასთან“.

მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან მაინც დაიწყებს ინფლაცია შემცირებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფასები შემცირდება. ეკონომიკური ზრდის ეფექტის  შეგრძნება მოქალაქეებს, ცოტა გვიან უჩნდებათ და ინფლაცია კი მათ ჯიბეებს პირდაპირ ურტყამს…

„ეკონომიკურ ზრდაში იგულისხმება რეალური ეკონომიკა. არ ანგარიშობენ ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით. შესაბამისად, ინფლაციის კომპონენტი გამოკლებულია აქედან.

ცხადია, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, იმიტომ რომ საბაზისო ეფექტი ამოწურულია. 

სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი წინა წლებთან შედარებით როგორი იქნება, უცნობია. ამდენად ჯერჯერობით ალბათურია ის, რომ შეიძლება გვქონდეს ორნიშნა ზრდა.

ცხადია, რომ ათვლას ქვედა ნიშნულიდან დავიწყებთ, იმიტომ რომ ეკონომიკამ დაიწყო გაუმჯობესება მინუსებიდან.

ამასთანავე ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ მსოფლიო ეკონომიკამ დაიწყო გამოცოცხლება და შესაბამისად, საექსპორტო ბაზარზეც გაიზარდა მოთხოვნა.

ავტომობილებზე რეექსპორტი წამოიწია. სპილენძი და ფერადი ლითონების ექსპორტზე მოთხოვნაც ძალიან გაიზარდა.

აქ რუსეთის ბაზარიც თამაშობს როლს. რუსეთის ბაზარზე ჩვენი ექსპორტი სახიფათოც შეიძლება იყოს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ ჩაიკეტოს ბაზარი.

მოულოდნელად ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა, ანუ ჩვენი საგარეო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი” გიორგი კეპულაძესთან ერთად.