LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია

აქციაზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. მისი განცხადებით, ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია:

“მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, არც მეტი და არც ნაკლები, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ [“ქართული ოცნება”], თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით. გაითვალისწინეთ ხალხო, არ მინდა მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენს ხელშია, თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ.

თუ გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით თქვენ [“ქართული ოცნების”] თავს თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუ გიფიქრიათ, და მე მგონია გიფიქრიათ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს”, – განაცხადა მელიამ “მთავარ არხთან”.

მისი თქმით, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, მას სააკაშვილის მონახულების უფლება უნდა მიეცეს, თუმცა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მელიას ეს უფლება აღარ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მე-10დღეა შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფოტო: რადიო თავისუფლება; David Mchedlidze