LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა: სალომე ზურაბიშვილი

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით აცხადებს.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.

დღეს  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.

გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – მათ შორის 1 ბავშვია

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.