შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა რთულია და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად.
მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუშინვე, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.
გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – მათ შორის 1 ბავშვია
როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
