ბედ ბანი და საბრინა კარპენტერი ტელეხელოვნების უმაღლესი ჯილდოს – „ემი“ მფლობელები გახდნენ.
ეს გამარჯვება ორივე არტისტისთვის ისტორიულია, რადგან მათ კარიერაში პირველი „ემი“ მოიპოვეს.
მათ Creative Arts Emmy Awards-ზე გაიმარჯვეს, რომელიც ტრადიციულად „ემის“ მთავარ ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება და ავლენს გამარჯვებულებს ტექნიკურ, პროდიუსერულ და სპეციალურ შემოქმედებით კატეგორიებში.
ბედ ბანიმ ჯილდო კატეგორიაში – „საუკეთესო ცოცხალი გასართობი პროგრამა“ მიიღო, როგორც Super Bowl LX Halftime Show-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა და მთავარმა შემსრულებელმა. აღსანიშნავია, რომ მისმა ამ გრანდიოზულმა შოუმ იმავე საღამოს ჯამში 7 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.
რაც შეეხება საბრინა კარპენტერს, მან ტრიუმფი კატეგორიაში – „საუკეთესო წინასწარ ჩაწერილი გასართობი პროგრამა“ იზეიმა. საბრინამ ჯილდო Disney+-ის პოპულარული პროექტის – The Muppet Show სპეციალური გამოშვებისთვის დაიმსახურა, სადაც ასევე პროდიუსერისა და ვარსკვლავური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. საბრინამ ამ ნომინაციაში ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმსაც კი აჯობა, რომელიც ასევე ფავორიტად მიიჩნეოდა.
ორივე მუსიკოსისთვის ეს გამარჯვება ახალი მწვერვალია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მრავალმხრივ ნიჭს არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ სატელევიზიო და პროდიუსერულ ინდუსტრიაში.
