„მე, როგორც საქმით დაინტერესებული პირი, კატეგორიულად მოვითხოვ საზოგადოებისა და მედიის წინაშე ოფიციალურ განმარტებას, თუ რატომ არ ხდება ჩემი საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩემთან სათანადო კომუნიკაცია და რატომ არ მიმიღია დღემდე პასუხი ჩემს არაერთ მიმართვაზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანი წერს.
გავრცელებულ განცხადებაში ვიბლიანი წერს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მისთვის სათანადოდ არ განუმარტავთ შესაბამის ორგანოებს, თუ რა ეტაპზეა მისი საქმე და რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.
ვიბლიანი წერს, რომ მოითხოვს პროკურორისა და საქმის გამომძიებლის აცილების საკითხის კანონით დადგენილი წესით განხილვას.
„მე, როგორც საქმით დაინტერესებული პირი, კატეგორიულად მოვითხოვ საზოგადოებისა და მედიის წინაშე ოფიციალურ განმარტებას, თუ რატომ არ ხდება ჩემი საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩემთან სათანადო კომუნიკაცია და რატომ არ მიმიღია დღემდე პასუხი ჩემს არაერთ მიმართვაზე.
ხუთი თვის განმავლობაში ველოდები გამოძიების შედეგებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთვის არ ყოფილა სათანადოდ განმარტებული, რა ეტაპზეა საქმე და რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.
სწორედ ამ გარემოებების გამო, საჯაროდ მოვითხოვ პროკურორისა და საქმის გამომძიებლის აცილების საკითხის კანონით დადგენილი წესით განხილვას, თუკი არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც ობიექტურად აჩენს მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვს.
მე არავის ვადანაშაულებ წინასწარ. ჩემი მოთხოვნა არის ერთი — კანონის დაცვა, ობიექტური გამოძიება და საზოგადოების წინაშე შესაბამისი განმარტებები.
ამიტომ მივმართავ ტელევიზიებსა და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას: მსურს საჯაროდ ვისაუბრო საქმის გაჭიანურების საკითხზე და მოვითხოვო კომპეტენტური ორგანოებისგან პასუხი.
მე ვითხოვ არა განსაკუთრებულ მოპყრობას, არამედ კანონით გარანტირებულ უფლებას — ობიექტურ, მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას“, – წერს ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში.
ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი მოთხოვნაა, მის საქმეში გენერალური პროკურატურის უშუალო ჩართულობა.
„მოვითხოვ საქართველოს გენერალური პროკურატურის უშუალო ჩართულობას ჩემს საქმეში და ჩემთან პირდაპირ, რეგულარულ კომუნიკაციას.
ხუთი თვის განმავლობაში ვისმენ განმარტებებსა და დაპირებებს, თუმცა გამოძიების შედეგი და რეალური პროგრესი ჩემთვის არ არის სათანადოდ ცნობილი. მოვითხოვ, დეტალურად და გამჭვირვალედ მაცნობონ, რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რა ეტაპზეა საქმე და რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე, ვითხოვ იმ გამომძიებლებისა და პასუხისმგებელი პირების საქმიანობის ობიექტურ შეფასებას, რომელთა მხრიდანაც ხუთი თვის განმავლობაში სათანადო შედეგი ვერ მივიღე, მათ შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მიუკერძოებლობის საკითხის შემოწმებას.
მე აღარ ვაპირებ უსაფუძვლო განმარტებების მოსმენას. ვითხოვ კანონის ფარგლებში რეალურ მოქმედებას, პასუხებს და პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება ჩემ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, მოტყუების მცდელობებს, მუქარებსა და სხვა შესაძლო უკანონო ქმედებებს — ყველა შესაბამის ფაქტს და მტკიცებულებას წარვადგენ სამართალდამცავ ორგანოებთან და მოვითხოვ თითოეული შემთხვევის სათანადო სამართლებრივ შეფასებას.
ჩემი მოთმინების ზღვარი ამოიწურა. თუმცა მე ვიმოქმედებ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მოვითხოვ, რომ ყველა იმ პირმა, ვინც ჩემთვის ზიანი მიაყენა ან უკანონო ქმედებაში მონაწილეობდა, პასუხი კანონით დადგენილი წესით აგოს.
ხუთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ საზოგადოებასა და დაზარალებულ ადამიანს ჰქონდეს პასუხი — რა გაკეთდა, რატომ ჭიანურდება გამოძიება და როდის იქნება რეალური შედეგი“, – წერს ვიბლიანი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
