LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ ქალბატონ მარიამ კუბლაშვილს და შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს…“ – რა განცხადებას ავრცელებს ნატა ვიბლიანი

338
მარიამ კუბლაშვილი, ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საგამოძიებო ორგანებსა და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს, რომელიც ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს.

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც ადვოკატი მის მამაზე საუბრობს.

„მე სულ ვიძახი, რომ კონფლიქტური ფონი აქვს და ნატას მამის მიერ ჩადენილი, ძალიან მძიმე ამბავიც, რომელიც მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლის ოჯახს უკავშირდება და მის ნათესავს, არასრულწლოვანი ბავშვი როგორ გაიტაცეს და მისი კონკრეტული მონაწილეობა…“ – ამბობს კუბლაშვილი ინტერვიუში.

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში სვამს კითხვას, „რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება გარდაცვლილი პირის მიმართ, მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ, ასეთი მძიმე ბრალდებების დაყენება და გავრცელება“.

ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ ითხოვს კანონის საფუძველზე მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხს.

„მინდა დავსვა კონკრეტული სამართლებრივი კითხვა:
ჩემს გარდაცვლილ მამას, რომელიც 35 წლის წინ გარდაიცვალა, დღეს საჯაროდ ედება მძიმე ბრალდება ძალადობაში.
მივმართავ ქალბატონ მარიამ კუბლაშვილს და შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს:
რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება გარდაცვლილი პირის მიმართ, მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ, ასეთი მძიმე ბრალდებების დაყენება და გავრცელება?
თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებას ადასტურებს, საზოგადოებას და, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილს, როგორც მის ახლო ნათესავს, აქვს უფლება იცოდეს:
1. რა სამართლებრივ პროცედურაში ხდება ამ საკითხის განხილვა; 2. რა მტკიცებულებებს ეფუძნება აღნიშნული ბრალდება; 3. ვის აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება გარდაცვლილი პირის მიმართ ასეთი ბრალდების საჯაროდ დაყენებისა და გავრცელების; 4. როგორ არის დაცული გარდაცვლილი ადამიანის სახელი, პატივი და ღირსება; 5. და რა სამართლებრივი დაცვის საშუალება მაქვს მე, როგორც მის შვილს, თუ მიმაჩნია, რომ ჩემი გარდაცვლილი მამის პატივი და ღირსება უკანონოდ ილახება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 19-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს გარდაცვლილის სახელის, პატივის, ღირსებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას სიკვდილის შემდეგ.
ამიტომ ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმეს წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება.
ჩემი მოთხოვნაა კანონის დაცვა.
თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი — წარმოადგინეთ იგი.
თუ არსებობს მტკიცებულება — შეფასდეს კანონით დადგენილი წესით.
მაგრამ თუ ჩემი გარდაცვლილი მამის წინააღმდეგ ვრცელდება მძიმე ბრალდებები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე, მე, როგორც მის შვილს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი სახელის, პატივისა და ღირსების დაცვა.
ჩემი მამა დღეს ცოცხალი აღარ არის და საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. ამიტომ მე ვსვამ ამ კითხვას მის ნაცვლად:
ვინ და რა სამართლებრივი საფუძვლით აყენებს 35 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის მიმართ ასეთ მძიმე ბრალდებას?
მე ვითხოვ არა ემოციით, არამედ კანონის საფუძველზე პასუხს“ – წერს ნატა ვივლანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები