LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იძულებული ვარ გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს… თუ ნატა ვიბლიანმა გადაიტანა უბედურება, მას აქვს უფლება იპოვოს სამართალი და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებით სამართალს ვერ იპოვის“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს

1174
ნატა ვიბლიანი,მარიამ კუბლაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი ნატა ვიბლიანის მიმართ ერთხელ უკვე ძალიან გარკვევით ვთქვი, კვლავ იძულებული ვარ გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს, რადგან მან პირდაპირ მე მომაწერა კონკრეტული ქმედებები და სიტყვები, რომლებიც არ ჩამიდენია და არ მითქვამს“, – ამის შესახებ განცხადებას, მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნუ მემუქრებით. ნინო ვიბლიანთან არანაირი კავშირი არ მქონია, არასდროს! – ვერანაირი საზოგადოებრივი ზეწოლა ვერ მაიძულებს, უარი ვთქვა ადამიანის დაცვაზე“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ნატა ვიბლიანი „განუწყვეტლივ ესხმის თავს არაერთ ქალბატონს, რომელთაც დახმარებისთვის მიმართეს, მათ შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს, მეუღლის დას და შვილებს“.

კუბლაშვილის განმარტებით, ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილში კი მისი პოზიცია უცვლელია.

ადვოკატის განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი ნატა ვიბლიანის მიმართ ერთხელ უკვე ძალიან გარკვევით ვთქვი, კვლავ იძულებული ვარ გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს, რადგან მან პირდაპირ მე მომაწერა კონკრეტული ქმედებები და სიტყვები, რომლებიც არ ჩამიდენია და არ მითქვამს. ამასთან, იგი განუწყვეტლივ ესხმის თავს არაერთ ქალბატონს, რომელთაც დახმარებისთვის მომმართეს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს, მეუღლის დასა და შვილებს.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, თითქოს მე მასზე და მის გარდაცვლილ მამაზე „ბინძურ ჭორებს“ ვავრცელებ.

კატეგორიულად ვაცხადებ: ნატა ვიბლიანის გარდაცვლილი მამის შესახებ არასოდეს გამივრცელებია არც ჭორი, არც რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია და არც რაიმე ბრალდება.

ამ საქმეზე ჩემი ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში იყო და ამ განცხადებას ვურთავ შესაბამის ვიდეოფრაგმენტს, რათა საზოგადოებამ თავად მოისმინოს, რა ვთქვი სინამდვილეში.

პოდკასტში ნატა ვიბლიანის მძიმე ბავშვობასა და ტრავმებზე საუბრისას, პირიქით, ღიად ვთქვი, რომ მჯერა მისი მძიმე და ტრავმული ბავშვობის და არ გამოვრიცხავ მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებსაც. მის მამასთან დაკავშირებულ ტრაგედიას კი მხოლოდ თანაგრძნობით შევეხე, როგორც მისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე ტრავმას.

მამის დაკარგვის თემა ჩემთვის, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ თემაზე მომეწეროს სიტყვები და ქმედებები, რომლებიც არასოდეს მითქვამს და ჩამიდენია.

პოდკასტის მსვლელობისას წამყვანმა არაერთი კითხვა დამისვა და გარკვეული ინფორმაციაც გამაცნო, თუმცა შეგნებულად არ გავყევი ნატა ვიბლიანის პირადი ცხოვრების განხილვის გზას და მკაფიოდ განვაცხადე, რომ როგორც ადვოკატს, პროფესიული ეთიკა ამ მხრივ გარკვეულ ზღვარს მიწესებს. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ, ნუ მომაწერენ სხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა ჩატში, ჯგუფსა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და არა სხვის ნათქვამსა თუ დაწერილზე.

თუ არსებობს ჩემი ერთი ვიდეო, პოსტი, კომენტარი ან წინადადება, სადაც ნატა ვიბლიანის გარდაცვლილ მამაზე მის მიერ აღწერილ „ბინძურ ჭორს“ ვავრცელებ – გამოქვეყნდეს! თუ ასეთი რამ არ არსებობს, მოვითხოვ ჩემ შესახებ გავრცელებული ამ ინფორმაციის შეწყვეტასა და უარყოფას!

რაც შეეხება პოლონეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ინსტიტუციებისთვის მიმართვის შესახებ ჩემ მიმართ მუქარის ტონით გაკეთებულ განცხადებებს ვპასუხობ, რომ მე ვარ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვერც პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ზეწოლა და ვერც რომელიმე ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელის ხსენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩემზე და მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის კანონიერ დაცვაზე.

აქვე განვმარტავ, რომ სხვა პირებთან მიმართებით რა გადაწყვეტილებებს მიიღებს გამოძიება, იქნება თუ არა ვინმესთვის ბრალის წარდგენა და, რაც მთავარია, რა შედეგით დასრულდება მათი საქმე სასამართლოში – ეს ჩემი დაცვის საგანი არ არის. მათ არც უდანაშაულოდ ვაცხადებ და არც მათ შესაძლო პასუხისმგებლობას ვაფასებ.

ნატა ვიბლიანის ტკივილის მიმართ თანაგრძნობა და ჩემს მიერ ჯიმშერ ვიბლიანის დაცვა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

თუ ნატა ვიბლიანმა ბავშვობაში მართლაც გადაიტანა ის უმძიმესი ძალადობა, რომლის შესახებაც საუბრობს, მე, როგორც ქალი, დედა და ადამიანი, მხოლოდ იმას ვისურვებ, რომ სიმართლე სრულად დადგინდეს და რეალურმა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული უმძიმესია, მისი ჩადენა არ შეიძლება მიეწეროს კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი საჯაროდ დასახელდა.

ერთი ადამიანის შესაძლო ტრაგედიის აღიარება არ გვაძლევს უფლებას, მეორე უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება გავანადგუროთ.

არც დაზარალებულის საპროცესო სტატუსი, არც გამოძიების მიმდინარეობა და არც თუნდაც მომავალში რომელიმე პირისთვის ბრალის წარდგენა წარმოადგენს საბოლოო განაჩენს. საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.

მე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ:

ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფთ. მის კანონიერ ინტერესებს ბოლომდე დავიცავ.

მე არ ვარ ნატა ვიბლიანის მტერი. მე ვარ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ნატა ვიბლიანმა გადაიტანა უბედურება, მას აქვს უფლება იპოვოს სამართალი და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებით სამართალს ვერ იპოვის კვლავ ვიმეორებ.

ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილში კი ჩემი პოზიცია უცვლელია, იგი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – სიმართლე და კანონი ერთად იზეიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.

23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები