LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბროვნიკი მასობრივ ტურიზმთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერად დაასახელეს

119
ქირიას NEWS შაბლონი

ხორვატიის ქალაქი დუბროვნიკი მასობრივი ტურიზმის მართვის წარმატებული მოდელისთვის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ქალაქმა 2026 წლის Virtuoso Global Stewardship Award მიიღო მდგრადი ტურიზმისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

დუბროვნიკს ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს, მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლეობა მხოლოდ 41 ათას ადამიანს შეადგენს. ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ისტორიულ ცენტრს აწვებოდა, რის გამოც ქალაქი რამდენიმე წლის წინ ევროპის გადამეტებული ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ითვლებოდა.

ვითარების შესაცვლელად დუბროვნიკმა 2017 წელს პროგრამა „Respect the City“ („პატივი ეცი ქალაქს“) აამოქმედა. მისი ფარგლებში ქალაქმა საკრუიზო გემების რაოდენობა შეზღუდა – პორტში ერთდროულად მაქსიმუმ ორი გემის შესვლა და ჯამში 4 000-მდე მგზავრის მიღებაა შესაძლებელი. გემები პორტში მინიმუმ რვა საათით უნდა დარჩნენ, რათა ძველ ქალაქში ათასობით ტურისტი ერთდროულად არ აღმოჩნდეს.

შეზღუდვები ტურისტულ ავტობუსებსაც შეეხო. მათ ქალაქში შესვლის დრო წინასწარ უნდა დაჯავშნონ, რაც ხელისუფლებას ტურისტების ნაკადის დღის განმავლობაში გადანაწილების საშუალებას აძლევს. ქალაქი ასევე იყენებს სპეციალურ სენსორებს ისტორიულ ცენტრში ადამიანების რაოდენობის დასათვლელად, მიღებულ მონაცემებს კი დუბროვნიკის უნივერსიტეტთან ერთად აანალიზებს.

ტურისტების ნაკადის მართვისთვის გამოიყენება Dubrovnik Pass-იც. ბარათი მუზეუმებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომასთან ერთად ვიზიტორებს პოპულარული ადგილების მონახულებისთვის ნაკლებად დატვირთულ პერიოდებსაც სთავაზობს. ქალაქის მიზანია ტურისტების რაოდენობის შემცირება კი არა, მათი ნაკადის ისე გადანაწილება, რომ ისტორიული ცენტრი გადატვირთული არ იყოს.

დუბროვნიკმა ამასთან ერთად 80%-ით შეამცირა ქუჩებში სუვენირების კიოსკების რაოდენობა, ხოლო რესტორნების გარე სივრცეებში მაგიდებისა და სკამების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ნაკლებია. შედეგად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გადაადგილება გამარტივდა და ტურისტული ნაკადის კონტროლი უფრო ეფექტური გახდა.