LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ადგილობრივების ტურისტებისგან დაცვა გადაწყვიტეს, ამჯერად საცხოვრებლის ბაზარზე

120
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ევროკავშირში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის დასაცავად ახალი წესების შემოღებას გეგმავენ. ევროკომისიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შესახებ აქტი“ წარადგინა, რომელიც განსაკუთრებით იმ ქალაქებსა და ტურისტულ მიმართულებებს შეეხება, სადაც საცხოვრებლის დეფიციტი და ფასების ზრდა მწვავე პრობლემაა.

ახალი ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებებს მეტ სამართლებრივ სიცხადეს მისცემს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ საცხოვრებელი ფართების გამოყენება მოკლევადიანი გაქირავებისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის. ევროკომისიის განმარტებით, პოპულარულ ტურისტულ ადგილებში საცხოვრებლების პირველადი დანიშნულებისგან განსხვავებული გამოყენება ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი ბინების რაოდენობას ამცირებს და ფასებზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

თუმცა, ქალაქებს ტურისტებისთვის ბინების გაქირავების შეზღუდვის დაწესება ავტომატურად არ შეეძლებათ. ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რომ მოკლევადიანი გაქირავება ადგილობრივ საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სულ მცირე სამი წლის განმავლობაში და რომ ნაკლებად მკაცრი ზომები პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება.

ევროკომისიის ახალი წესი ასევე ითვალისწინებს მოკლევადიანი გაქირავების ობიექტების რეგისტრაციას და იმ განცხადებების წაშლას ან დაბლოკვას, რომლებიც მოქმედ წესებს არ აკმაყოფილებს. ხელისუფლებას ასევე შეეძლება შესაბამისი მონაცემების გამოყენება იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ტურისტული გაქირავება ადგილობრივ საცხოვრებელ ბაზარზე.

ახალი წესები მხოლოდ ტურისტებისთვის ბინების გაქირავებას არ ეხება. ევროკავშირის ინიციატივა ითვალისწინებს ზომებს სახლებისა და ხანგრძლივად ცარიელი საცხოვრებლების პრობლემის მოსაგვარებლადაც, თუ ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე საცხოვრებლის დეფიციტს აძლიერებენ.

ევროკომისიის მონაცემებით, ქალაქების მცხოვრებთა ნახევარზე მეტი საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას საკუთარ ქალაქში მნიშვნელოვან და გადაუდებელ პრობლემად მიიჩნევს. ახალი ინიციატივის მიზანია, ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მეტი ინსტრუმენტი მისცეს და პარალელურად ხელი შეუწყოს ახალი საცხოვრებლის მშენებლობასა და არსებული შენობების საცხოვრებლად გადაკეთებას.

ამასთან, საცხოვრებლის პოლიტიკის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები კვლავ სახელმწიფოების, რეგიონებისა და ქალაქების კომპეტენციაში დარჩება. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ახლა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები