ჩინურმა Geely-მ ელექტრომობილებისთვის ახალი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია და სადგურები წარადგინა, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 2 250 კილოვატს აღწევს. კომპანია აცხადებს, რომ შესაბამისი ბატარეით აღჭურვილი ელექტრომობილის 10%-დან 70%-მდე დამუხტვა მხოლოდ 4 წუთსა და 30 წამშია შესაძლებელი.
Geely Smart Charging-ის მეხუთე თაობის სადგური ერთ დასამუხტ პორტზე 2,25 მეგავატამდე სიმძლავრეს ავითარებს, რაც ამჟამად ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ დასამუხტ სისტემებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. ტექნოლოგია ჩინეთში 23 სექტემბერს წარადგინეს და ის უშუალოდ ელექტრომობილების ულტრასწრაფი დამუხტვის მიმართულებით BYD-სთან კონკურენციას უკავშირდება.
ტესტირებისას Lynk & Co 10-მა და Zeekr 001-მა 10%-დან 70%-მდე დამუხტვას 4 წუთი და 30 წამი მოანდომეს, ხოლო 10%-დან 97%-მდე – 8 წუთი და 40 წამი. Geely-ს განცხადებით, ეს მისი წარმოებისთვის მზადყოფნაში მყოფი ტექნოლოგიის ყველაზე სწრაფი შედეგია.
ასეთი სიჩქარის მისაღწევად მხოლოდ მაღალი სიმძლავრის დასამუხტი საკმარისი არ არის. Geely-მ სპეციალური 12C ბატარეა და ხელოვნური ინტელექტის სისტემა შეიმუშავა, რომელიც ავტომობილის, ბატარეის, დასამუხტის, ელექტროქსელისა და ენერგიის დამგროვებელი სისტემების მუშაობას კოორდინაციას უწევს.
Geely-მ ასევე ახალი თაობის Ultra Short Blade Battery წარმოადგინა. 12C ვერსიის გარდა, კომპანია უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილებისთვის 6C ბატარეასაც ავითარებს. Geely-ის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია დამუხტვის დროს წარმოქმნილ სითბოს დაახლოებით 10%-ით ამცირებს.
Geely ახალი ტექნოლოგიის პარალელურად დასამუხტი ინფრასტრუქტურის მასშტაბურად გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიის მიზანია, 2027 წლის ბოლომდე ჩინეთში 100 ათასზე მეტი დასამუხტი პორტი განათავსოს, მათ შორის 50 ათასზე მეტი Geely Smart Charging-ის სისტემა.