Honda-მ Prelude-ის სპეციალური Limited Edition ვერსია ევროპულ ბაზარზე წარადგინა. ლიმიტირებული მოდიფიკაცია თავდაპირველად იაპონიაში გამოჩნდა, სადაც მას კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კომპანიამ მოდელის ევროპაში გაყიდვაც გადაწყვიტა.
Prelude Limited Edition-ის მთავარი განსხვავება ექსტერიერისა და ინტერიერის განსაკუთრებული გაფორმებაა. ავტომობილი Premium Crystal Garnet Metallic-ის სახელით ცნობილ მუქ წითელ მეტალიკშია შეღებილი. წითელი აქცენტები აქვს როგორც წინა, ისე უკანა ბამპერებს, წითლადაა შეღებილი Brembo-ს სამუხრუჭე სისტემაც ხოლო ავტომობილი 19 დუიმიან შავ დისკებზე დგას.

განსაკუთრებულ ფერთა კომბინაცია სალონშიც გრძელდება. ინტერიერი ბორდოსფერი და შავი ფერების კომბინაციაშია შესრულებული, სავარძლებზე, საჭეზე, ცენტრალურ კონსოლსა და კარის პანელებზე კი წითელი ნაკერია გამოყენებული. წინა მგზავრის წინ, დაფაზე, Prelude-ის სახელწოდებაც წითელი ძაფითაა ამოქარგული.

ტექნიკური თვალსაზრისით Limited Edition-ი დიდად არ შეცვლილა. ავტომობილი კვლავ e:HEV ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც 2,0 ლიტრიან შიდა წვის ძრავსა და ორ ელექტროძრავას აერთიანებს. ევროპული ვერსიის სიმძლავრე 184 ცხენის ძალას, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 315 ნმ-ს შეადგენს. იაპონიისა და აშშ-ის ბაზრებზე Prelude-ის სიმძლავრე 203 ცხენის ძალაა.
კუპეს ასევე აქვს Honda S+ Shift სისტემა, რომელიც ავტომატური გადაცემათა კოლოფის მუშაობის შეგრძნებას რვა ვირტუალური გადაცემის იმიტაციით ქმნის. გარდა ამისა, ბორტის აუდიოსისტემას შეუძლია ძრავის მუშაობის ხმის იმიტაციაც.

ევროპისთვის Limited Edition-ის ზუსტი ტირაჟი და ფასი Honda-ს ჯერ არ დაუსახელებია. მაგალითად, გერმანიაში სტანდარტული Prelude-ის ფასი 49 500 ევროდან იწყება. იტალიაში ახალი Limited Edition-ის გაყიდვები 2027 წლის თებერვლიდან დაიწყება, ხოლო ესპანეთში ჰიბრიდული Prelude-ის საბაზისო ფასი 43 600 ევრო იქნება.
ახალი თაობის Prelude თითქმის 50 წლიანი ისტორიის მქონე მოდელის დაბრუნებაა. Honda-ს განცხადებით, ახალი ვერსიის კონცეფცია სპორტთან ერთად მსუბუქ და თავისუფალ მართვაზეა ორიენტირებული.