LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ციფრულ დამოკიდებულებასთან ბრძოლის პირველი ცენტრი გაიხსნება

135
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიაში, ფლორენციაში, ციფრულ დამოკიდებულებასთან ბრძოლის პირველი სპეციალიზებული ცენტრი გაიხსნება. დაწესებულება სმარტფონებისა და სოციალური ქსელების გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება. ცენტრი მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს. 

ცენტრს Discover – „აღმოაჩინე“ ეწოდება, ხოლო მისი მეორე ნაწილი სახელწოდებით Fuori dal guscio, ანუ „გამოდი ნიჟარიდან“, ფლორენციის სან-სალვის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკაში განთავსდება.

პროგრამა 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ცენტრს დღეში დაახლოებით 40 ადამიანის მიღება შეეძლება. სპეციალისტები მათ არ მოსთხოვენ ტექნოლოგიებზე სრულად უარის თქმას – მთავარი მიზანი იქნება ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რამდენ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში, შეძლონ დაგეგმილი შესვენებების გაკეთება და ციფრული ტექნოლოგიები კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენონ. 

ცენტრში სმარტფონებისგან თავისუფალი სპეციალური სივრცეც მოეწყობა. აქ ახალგაზრდები პოდკასტების, ციფრული ისტორიებისა და კომპიუტერული თამაშების შექმნას ისწავლიან, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემოქმედებით პროექტებზე იმუშავებენ. იდეა ისაა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ უსასრულო სქროლვის საშუალებად კი არა, სწავლისა და შემოქმედების ინსტრუმენტად გამოიყენონ. 

დახმარება მხოლოდ ახალგაზრდებზე არ იქნება გათვლილი. ცენტრი კონსულტაციებს მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებსა და სპორტის მწვრთნელებსაც შესთავაზებს, თუ ისინი შეამჩნევენ, რომ ბავშვი ზედმეტად დიდ დროს ატარებს სმარტფონთან, თანატოლებთან ურთიერთობას ერიდება ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტი სწორედ გაჯეტების გამოყენებას უკავშირდება. 

პროექტში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისიც იქნება. მისი მიზანია დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ციფრული დამოკიდებულება უკვე სერიოზულად აისახება მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე – მაგალითად, ის სახლიდან თითქმის აღარ გადის, თავს არიდებს სოციალურ ურთიერთობებს ან უჭირს რეალურ გარემოში კომუნიკაცია. 

ფლორენციის ინიციატივა ევროპის მასშტაბით ციფრული დამოკიდებულების პრობლემის მიმართ მზარდი ყურადღების ფონზე ჩნდება. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე განიხილავენ სკოლებში სმარტფონების გამოყენების შეზღუდვას, ხოლო ევროკავშირში სოციალური ქსელების იმ ფუნქციებსაც აკვირდებიან, რომლებიც მომხმარებლების ხანგრძლივ ჩართულობასა და დამოკიდებულებას უწყობს ხელს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები