კრისტინა აგილერამ მონაკოში გამართულ გრანდიოზულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და წითელი ხალიჩის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
ამერიკელი შემსრულებელი პრინც ალბერ II-ის გარემოსდაცვითი ფონდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრო. გალა-საღამომ წარმატებით აღნიშნა ფონდის ოცწლიანი მოღვაწეობა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კლიმატის ცვლილებებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ასობით პროექტი დაფინანსდა.
მონტე-კარლოს ოპერის თეატრში გამართულ საღამოზე აგილერა „ვერსაჩეს“ ექსკლუზიური შავი აბრეშუმის კაბით გამოჩნდა. დახვეწილ სამოსს მკვეთრი დეკოლტე, მაღალი ჭრილი და ყელის არეში მასიური, კრისტალებით გაფორმებული თვალისმომჭრელი დეტალი გამოარჩევდა. 45 წლის ვარსკვლავმა ვიზუალი „კრისტიან ლუბუტენის“ კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და „შოპარდის“ მდიდრული საყურეებით დაასრულა.

საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც პრინც ალბერ II-ისა და პრინცესა შარლინის მასპინძლობით ჩატარდა, 250-ზე მეტი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის ჰოლივუდის ლეგენდა – რიჩარდ გირი, იტალიელი კინოხატი – მონიკა ბელუჩი, სუპერმოდელი – ევა ჰერციგოვა და ფრანგი მსახიობი – იზაბელ იუპერი.

კრისტინა აგილერა მხოლოდ სტუმრის სტატუსით არ ყოფილა. მან საღამოს მუსიკალურ ნაწილშიც მიიღო მონაწილეობა და სცენაზე პლასიდო დომინგოსა და ჯგუფ – Sister Sledge-თან ერთად დაუვიწყარი პერფორმანსი გამართა.