ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე გამძლე ავტომობილების მწარმოებლებს შორის პირველ ადგილს Toyota იკავებს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბრენდის ავტომობილებს სხვა მწარმოებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი ალბათობა აქვთ, რომ 400 ათას კილომეტრამდე გარბენს მიაღწიონ. რეიტინგის პირველ ოთხეულში მთლიანად იაპონური ბრენდები მოხვდნენ – Toyota, Lexus, Honda და Acura.
კვლევა კომპანია iSeeCars-მა ჩაატარა და ანალიზისას 395 მილიონზე მეტი ავტომობილის გარბენის მონაცემები გამოიყენა. სპეციალისტებმა შეაფასეს, კონკრეტული ბრენდის ავტომობილს რა ალბათობა აქვს, რომ 250 ათას მილს, ანუ დაახლოებით 400 ათას კილომეტრს, მიაღწიოს.
შედეგებში Toyota აშკარა ლიდერია – მისი ავტომობილებისთვის 400 ათასი კილომეტრის გადალახვის ალბათობა 19.7%-ს შეადგენს. ეს კვლევაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე, 5.4%-ზე, სამჯერ მეტია. მეორე ადგილზე Lexus გავიდა 14.4%-ით, შემდეგ კი Honda – 13.3%-ით და Acura – 9.5%-ით.
მნიშვნელოვანი სხვაობა პრემიუმ და მასობრივ ბრენდებს შორისაც გამოიკვეთა. მასობრივი მწარმოებლების ჯგუფში Toyota-სა და Honda-ს შემდეგ საუკეთესო შედეგები GMC-მ, Mazda-მ და Ram-მა აჩვენეს. პრემიუმ სეგმენტში კი Lexus-ისა და Acura-ს შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლები Lincoln-ს, Cadillac-სა და Tesla-ს ჰქონდათ.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაციის შანსი მხოლოდ კონკრეტული ბრენდის ტექნიკურ გამძლეობაზე არ არის დამოკიდებული. iSeeCars-ის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკოსის, კარლ ბრაუერის შეფასებით, პრემიუმ ავტომობილების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ მათი გამოყენების თავისებურებითაც შეიძლება აიხსნას – ასეთ მანქანებს მფლობელები საშუალოდ უფრო ნაკლებად ამუშავებენ.
რეიტინგის მეორე ბოლოში რამდენიმე ბრენდი აღმოჩნდა, რომელთა ავტომობილებს 400 ათას კილომეტრამდე მიღწევის შანსი კვლევის მიხედვით თითქმის არ აქვთ. Jaguar-ის, Maserati-სა და MINI-სთვის ეს მაჩვენებელი ნულოვანი იყო, ხოლო Kia-ს, Hyundai-ს, Mitsubishi-ს, BMW-ს, Audi-ს, Land Rover-ს, Porsche-სა და Fiat-ს შემთხვევაში ალბათობა 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა.
კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ აქვს Toyota-ს ყველაზე გამძლე მწარმოებლის რეპუტაცია. თუმცა 400 ათასი კილომეტრის გავლა მხოლოდ ბრენდზე არ არის დამოკიდებული – მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონკრეტული მოდელი, ძრავა, ტექნიკური მომსახურება, ექსპლუატაციის პირობები და ავტომობილის მოვლა.