LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დგება ორსულობა? – 10 მნიშვნელოვანი კითხვა გინეკოლოგ ქეთევან ქანთარიასთან

6446
ქეთევან-ქანთარია

ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, კლინიკა „ლიდერმედის“ ექიმი – ქეთევან ქანთარია სტუმრობდა, რომელმაც უშვილობაზე და ინვიტრო განაყოფიერებაზე, როგორც უშვილობის დამარცხების ერთ-ერთ საუკეთესო გზაზე, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებულ მითებზე, მცდარ წარმოდგენებზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა.

როდესაც უშვილობაზე ვსაუბრობთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ასაკი და რატომ კეთდება ხოლმე ნაკლები აქცენტი მამაკაცის ასაკზე, ქალბატონების ასაკისგან განსხვავებით?

ქალის და მამაკაცის ასაკი მნიშვნელოვანია, როცა უშვილობის დიაგნოზზე ვსაუბრობთ, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ ქალბატონების ასაკს. ბიოლოგიურად ისე აეწყო ჩვენი სისტემა, რომ რაც უფრო იმატებს ჩვენი ასაკი, მით უფრო გვიმცირდება ფოლიკულური მარაგი. შემცირების პროცესი განსაკუთრებით 30-32 წლის ზემოთ იწყება, 35 წლის მერე ძალიან ინტენსიური ხდება, ხოლო 38 წლის მერე, როგორც იტყვიან, ჩართულია წამმზომი.

შესაბამისად, ნებისმიერ ქალბატონს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის, კარიერის, სწავლის, გამო, შესაძლოა, გადადოს შვილის ყოლა, რადგან ჰქონდეს იმედი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა კალენდარულად და შეუძლია, რომ ეს ყველაფერი გადადოს, მოვუწოდებ, რომ შეამოწმოს თავისი რეპროდუქციული პოტენციალი სულ მარტივი ექოსკოპიური და ერთი ჰორმონული კვლევით, ეს არა იმიტომ, რომ ის შევაშინოთ და ვუთხრათ, რომ „თქვენი წამმზომი ჩართულია და თქვენი გამოსავალი შემდგომში მხოლოდ და მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერება იქნება“, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ მან სწორად დაგეგმოს თავისი შემდგომი ცხოვრება. ეს ერთგვარი კულტურაც კი არის უკვე განვითარებულ ქვეყნებში და მე მიხარია, რომ დღეს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამო, ჩვენც უკვე ნელ-ნელა მოგვმართავენ, რაც 5 – 10 წლის წინ მნიშვნელოვნად უცხო იყო.


არ არის აუცილებელი, რომ რამე აწუხებდეს ქალბატონს, დაერღვეს მენსტრუალური ციკლი ან აუცილებლად იყოს პარტნიორულ თანაცხოვრებაში და არ დგებოდეს ორსულობა, რომ სკრინინგი ჩაიტაროს, ვინაიდან ქალის ასაკი მნიშვნელოვან ცუდ ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ მარაგზე. როგორც აღვნიშნე, მცირდება ფოლიკულების მარაგი, ფუჭდება კვერცხუჯრედების ხარისხი, ყველა ციკლი აღარ არის ფერტილური, განსაკუთრებით 38-40 წლის ასაკის ზემოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა დროულად ჩაიტაროს რეპროდუქციული სკრინინგი.

მამაკაცის ასაკთან მიმართებით არ არის ასეთი მკაცრი მიდგომა. რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად სპერმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ფუჭდება და ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი ბიოლოგიური საათი მათ შემთხვევაში არ არის ჩართული.

ზოგადად, შვილოსნობის გადავადება, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს სასურველ მდგომარეობას.

როგორც გითხარით, მამაკაცების შემთხვევაში არ არის ასეთი მკაცრი მიდგომა, მაგრამ ბოლო პერიოდში, არის რიგი კვლევები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ შესაძლოა, მამაკაცის ასაკს უშუალოდ ფერტილობაზე არ ჰქონდეს გავლენა, მაგრამ შემდგომში, ბავშვის ნეირო-ფსიქიკურ განვითარებაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა ეს კვლევები ჯერჯერობით საბოლოო დასკვნას ვერ დებენ.

თუ ვსაუბრობთ ასაკზე და რეპროდუქციაზე, განსაკუთრებით და პირველ რიგში მივუთითებ ქალბატონებს, რომ ნუ დაელოდებიან უნაყოფობის დიაგნოზს და მანამდე ჩაიტარონ რეპროდუქციული სკრინინგი, ჩივილების არ არსებობის შემთხვევაშიც, ხოლო ისეთ შემთხვევაში, როცა ისტორიაში რაღაც საყურადღებო უკვე აქვს ქალბატონს ან თუ მუდმივად დარღვეული აქვს მენსტრუალური ციკლი, თუ სხვადასხვა პრობლემის გამო უკვე მოუწია ოპერაციული ჩარევა საკვერცხეებზე, რაც ჩვენთვის ესოდენ სათუთი ორგანოა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი.

როცა არ დგება ორსულობა, რამდენ ხიანი თანაცხოვრების მერე უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ უკვე ექიმის დახმარება გვჭირდება? ასევე, თუ ასეთი სასურველია ორსულობა, უნდა დავუმიზნოთ თუ არა იმ ოვულაციის დღეებს, რომლებიც ასეთი ცნობილია?

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს, თუ ორსულობა არ დგება, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ასაკი, თუ ქალის ასაკი 35 წელზე ნაკლებია და ერთი წელი რეგულარული, დაუცველი სქესობრივი თანაცხოვრების შემდგომ არ დგება ორსულობა, მაშინ ვურჩევდი წყვილს და არა მხოლოდ ქალბატონს, რომ ექიმ-რეპროდუქტოლოგს მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკი არის 38 და მეტი, რეკომენდებულია 6 თვის შემდგომ მიმართოს ექიმს ამ პირველადი კვლევების ჩასატარებლად. შეიძლება თუ არა, რომ უფრო ადრე დაიწყოს ეს ყველაფერი?! არ ვურჩევდი, რომ უფრო ადრე დაიწყოს, რადგან ზედმეტი ვიზიტი ექიმთან, ზედმეტი კვლევა, თითოეული შეხება სამედიცინო მანიპულაციასთან, შესაძლოა, რომ სტრესთან იყოს დაკავშირებული და არანაირად არ დააჩქაროს ის ბიოლოგიური პროცესი, რასაც საბოლოო ჯამში, ორსულობამდე მივყავართ. 

ერთი ციკლის განმავლობაში ორსულობის მიღების ალბათობა 12-16 %-ს არ აღემატება, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველაფერი ნორმაშია ქალთანაც და მამაკაცთანაც, ამიტომ მას უნდა მივცეთ დრო. ამაზე ადრე გარკვეული ინტერვენციების ჩატარება უბრალოდ ზედმეტი სტრესია და არც ძალიან ადრე და არც იმ ოპტიმალურ ვადაზე გვიან არ უნდა მოხდეს ეს.

საშუალოდ, რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის მეათედან მეოცე დღის ჩათვლით იქონიოს წყვილმა სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე ან დღეგამოშვებით. არ არის აუცილებელი ოვულაციის პერიოდში სქესობრივი თანაცხოვრების დამთხვევა, პირიქით, მე ვურჩევ წყვილებს, რომ არანაირი თანხვედრა, არანაირი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რომ „მე დღეს ვიყავი ექიმთან და რადგან ექოსკოპიურად დადასტურდა ოვულაცია, აუცილებლად დღეს უნდა გვქონდეს სქესობრივი კონტაქტი“, ასეთი დაძაბულობა საერთოდ უნდა მოხსნან, რადგან არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ამ თანხვედრამ ოვულაციის დღისა და სქესობრივი ცხოვრების საერთოდ არ გაზარდა ორსულობის მიღების შანსები.

რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს უსარგებლოდ გაწელილი კვლევები და მკურნალობა, რომელიც ინიშნება იმისთვის, რომ იქნებ თავისით დადგეს ორსულობა და გადავადდეს ინვიტრო განაყოფიერება?

ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდის უნდა დაიწყოს კვლევები წყვილმა და საერთოდ საჭიროა თუ არა ფართომასშტაბური კვლევები ან ჩარევები იმ მიზნით, რომ ინვიტრო განაყოფიერება გადავადდეს და ეს არის, ალბათ, ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ. ცალსახად, არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ წყვილებთან, რომლებსაც პირველადი კვლევების შედეგად მიეცათ რეკომენდაცია, რომ მათი ყველაზე ოპტიმალური გზა არის ინვიტრო განაყოფიერება იმისათვის, რომ დაამარცხონ უშვილობა და მივიდნენ ორსულობამდე, ნებისმიერი ჩარევა და დამატებითი კვლევა, რომელიც ინვიტრო განაყოფიერების თავიდან აცილების მიზნით კეთდება, აუცილებლად არის უფრო მეტ დანახარჯთან, უფრო მეტ სტრესთან დაკავშირებული და არ ზრდის ორსულობის მიღების შანსებს.

ელემენტარული მაგალითი განვიხილოთ, მაგალითად, გვყავს ქალბატონი, რომლის ასაკიც აღემატება 39 წელს და რომელსაც უკვე შემცირებული აქვს ფოლიკულური მარაგი. გავუკეთეთ მის პარტნიორს სპერმის ანალიზი და ვნახეთ, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესებისკენ არის ტენდენცია, ჩვენ კი ვიწყებთ მარტივი მეთოდით, ოვულაციის, ინდუქციის თუ მილების შემოწმებით იმის მიღწევას, რომ მივიღოთ ორსულობა, ასეთ შემთხვევაში, ერთ ციკლში ორსულობის მიღების შანსი არ არის 5 %-ზე მეტი და ქალბატონს ეკარგება უამრავი დრო და მერე, ინვიტრო განაყოფიერებისთვისაც კი არ რჩება საკმარისი ფოლიკულური მარაგი და რეალურად, როცა ინვიტრო ვითომ გადადებულია, ვითომ, ეს საბოლოო მეთოდია, როდესაც უკვე გადადგამენ ამისკენ ნაბიჯს, აღმოჩნდება, რომ ინვიტრო განაყოფიერებითაც კი ძალიან შემცირებულია ორსულობის მიღების შანსი, ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის თითოეულ წყვილთან ინდივიდუალური მიდგომა, არ არსებობს ერთი რეცეპტი, ერთი თარგი, რომელიც ყველა წყვილს მოერგება. ყოველთვის ვახსენებ წყვილს, რომ ეს უნდა იყოს განხილული, როგორც ორი ადამიანის ერთი მთლიანი სიტუაცია.

სხვათა შორის, აღნიშნული მარტივი გამოკვლევები და ჩარევები სტრესულია, მთელ თვეს მოიცავს, რადგან ქალის მენსტრუალური ციკლი 28-30 დღისგან შედგება. ანუ, მაინც უნდა მიჰყვე იმ პროცესს და ეს არ არის ხანმოკლე, ეს არ არის ერთი ვიზიტით, ერთი ექოსკოპიით, ერთი ჰორმონალური ტესტით შემოფარგლული და ეს ექიმთან დაუსრულებელი სიარული, როგორც არ უნდა მოსწონდეს წყვილს ექიმი, როგორც არ უნდა ენდობოდეს მას, დამერწმუნეთ, რომ მაინც იწვევს შეფერხებას ემოციური თვალსაზრისით, რაც ასევე ზემოქმედებს ორსულობის დადგომის შანსზე, რომ არაფერი ვთქვათ ხარჯებზე, რომელიც წყვილს ამ პერიოდში აქვს. 

შესაბამისად, ნებისმიერ იმ წყვილს, რომელსაც ექიმმა დასაბუთებულად, დიაგნოზზე დაყრდნობით ურჩია ინვიტრო განაყოფიერება, ვურჩევდი არ გადადოს, არ გადაავადოს ეს ყველაფერი. სჯობს, რაღაც პერიოდი მოემზადოს მატერიალურად და გარკვეული პერიოდის მერე ჩაიტაროს ეს მანიპულაცია, რადგან დღესდღეობით, ინვიტრო განაყოფიერება მაინც ითვლება უალტერნატივო და ყველაზე მაღალეფექტურ მეთოდად.

უამრავი მითი არსებობს საკვერცხეების სტიმულაციაზე, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ის, რომ ის, თითქოს, რაღაც საფრთხეს უქმნის კვერცხუჯრედის მარაგს და აჩქარებს მენოპაუზის დაწყების პერიოდს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

საკვერცხეების სტიმულაცია არ ამცირებს ფოლიკულების მარაგს. ისევ დავუბრუნდეთ ბიოლოგიას, თითოეული მენსტრუაციული ციკლის დროს, ერთი დომინანტური, ლიდერი ფოლიკულის ზრდა და შემდგომ ჩამოყალიბება ხდება, შემდეგ, სკდება ეს ფოლიკული, რასაც ოვულაციას ვუწოდებთ და იქიდან გადმოსროლილი კვერცხუჯრედი უნდა შეხვდეს სპერმატოზოიდს, რომ დადგეს ორსულობა. მთელი ამ შერჩევის პროცესს, რასაც დომინანტური ფოლიკულის ჩამოყალიბებამდე მივყავართ, თან მისდევს უამრავი ანტრალური, ანუ მცირე ზომის ფოლიკულების ასევე ხარჯვა და ეს ასე ხდება თითოეული თვის განმავლობაში, ანუ ბუნებრივი ციკლის დროს საერთოდ არანაირი სტიმულაცია არ ხდება ხომ?!  თუმცა, იცოდეთ, რომ იმ ერთ დომინანტურ ფოლიკულთან ერთად ასეულობით ფოლიკულის ხარჯვა მიმდინარეობს, ეს ჩვენი ბიოლოგიური პროცესია.

ჰორმონული სტიმულაცია იწყება მენსტრუაციული ციკლის ადრეულ ფაზაში, სადღაც, მეორე-მესამე დღიდან. ჩვენ ამ მედიკამენტების გამოყენებით, ვცდილობთ, გავზარდოთ არა ერთი ფოლიკული, რომელიც ისედაც გაიზრდებოდა მედიკამენტის გარეშეც, არამედ გავზარდოთ ისინიც, რომლებიც, პირიქით, დაიკარგებოდნენ იმ ციკლში, ანუ მთელი კოჰორტა იზრდება ფოლიკულების, თუმცა იქიდანაც ყველა არ გიპასუხებს, ოპტიმალური რაოდენობა 8-დან 15-მდე ითვლება. შემდეგ, უკვე გაზრდილი, მომწიფებული ფოლიკულებიდან ვაკეთებთ სითხის ასპირაციას, ანუ აღებას, რომ იმ სითხეში მოვძებნოთ ის კვერცხუჯრედები, რომლებიც თავისით აუცილებლად დაიკარგებოდა იმ თვეში. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით გაიზარდოს ის, რაც თავისით ვერ გაიზრდებოდა. კარგვა, შემცირება ჰორმონული სტიმულაციით არც ჩქარდება და არც არის განპირობებული.

მენოპაუზას ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან არის ასეთი შეხედულება, რომ სტიმულაცია აჩქარებს ფოლიკულების მარაგის შემცირებას და შესაბამისად, ჰგონიათ, რომ რადგან ეს მარაგი ამოიწურება, მენოპაუზაც უფრო ადრე დადგება. ეს ნამდვილად მითია და არ შეესაბამება რეალობას.

თუ ემბრიონი კარგი არის გარეგნულად, თუ გვაქვს კარგი ემბრიონი, შეიძლება, რომ ეს იყოს 100 %-იანი გარანტია იმისა, რომ ბავშვი გენეტიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნება?

კარგი ემბრიონის უკან დგას კარგი ემბრიოლოგიური ლაბორატორია და ძალიან გამოცდილი ემბრიოლოგთა გუნდი, რომელიც ჩვენს კლინიკას ნამდვილად განსაკუთრებული ჰყავს. კარგი ხარისხის ემბრიონი ორი სახით შეიძლება დავახასიათოთ, ერთი, იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებიც მსოფლიოში არის მიღებული, ანუ თუ როგორ გამოიყურება ემბრიონი მიკროსკოპის ქვეშ და რამდენად აკმაყოფილებს იმ შეფასების სისტემას, რომელიც მთელს მსოფლიოშია. ადრე, როდესაც არ არსებობდა დამატებითი ტექნიკა იმისთვის, რომ ამ ემბრიონებიდან ყველაზე ხარისხიანი ამოგვერჩია, ემბრიონის არჩევა დაფუძნებული იყო მხოლოდ მიკროსკოპულ შეფასებაზე, ანუ მორფოლოგიურ დონეზე როგორ აკმაყოფილებდა ემბრიონი ხარისხის კრიტერიუმებს. ამ დამატებითი კვლევების გარეშეც მშვენივრად ხდებოდა ემბრიონის არჩევა, გადატანა საშვილოსნოს ღრუში და ჩვეულებრივად დგებოდა ორსულობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გენეტიკური კვლევები მნიშვნელოვნად შემოიჭრა რეპროდუქციულ მედიცინაში, ფაქტობრივად, ჩვენი ნაწილი გახდა. რა შესაძლებლობა მოგვცა მან?! ჩვენ დღეს შეგვიძლია, რომ იმ ხარისხიანი, მორფოლოგიურად შეფასებული ემბრიონიდან ავიღოთ რამდენიმე უჯრედი, ჩავატაროთ ემბრიონის ბიოფსია, ეს მიღებული უჯრედები მოვათავსოთ სპეციალურ სინჯარაში, გავაგზავნოთ გენეტიკურ ლაბორატორიაში, გენეტიკური გაშიფვრის ანუ მისი ქრომოსომული შემადგენლობის გაშიფვრის მიზნით და ამას ჰქვია პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი არის და ეს საშუალებას იძლევა, რომ ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა დაუნის სინდრომი და სხვა ქრომოსომული პათოლოგიები, წინასწარ გაიშიფროს, გამოირიცხოს და ისე მოხდეს ემბრიონის სელექცია და გადატანა საშვილოსნოს ღრუში.

არის თუ არა გენეტიკურად ტესტირებული ემბრიონის გადატანა გარანტი ორსულობის ან აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვის?! არა, ნამდვილად არა, რადგან დღეისათვის არ არსებობს არცერთი გენეტიკური ტესტირება, რომელიც 100 %-ით მოახდენს გენეტიკური პათოლოგიების პრევენციას, მაგრამ ის, რაც შეუძლია ამ ტესტირებას, აუცილებლად უნდა დავაფასოთ და ის პირდაპირ სამედიცინო ჩვენებაც კი არის ცოტა მძიმე ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის. შესაბამისად, შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ეს არის დამატებითი, ძალიან პროგრესული კვლევისა და დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ დამატებით, გარდა მორფოლოგიური შეფასებისა, გენეტიკურადაც შევარჩიოთ კარგი ხარისხის ემბრიონი, მაგრამ ეს 100 %-ში არ ნიშნავს ორსულობას, რადგან ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში, ენდომეტრიუმში მიმაგრების პროცესი მხოლოდ ემბრიონზე არ არის დამოკიდებული, 60 %-ში ემბრიონია, მაგრამ რჩება კიდევ 40 %.

მართლაც მოქმედებს თუ არა სტრესი უნაყოფობაზე, აქვს თუ არა მას გავლენა ინვიტრო განაყოფიერების წარმატებაზე და თუ სტრესი ამ ყველაფერზე მოქმედებს, როგორ უნდა მოვახერხოთ მისი მართვა?

ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ისეთ რთულ და კომპლექსურ სისტემას, რასაც რეპროდუქციული სისტემა ჰქვია, სრულად მართავს თავის ტვინის ქერქი, როგორც ქალბატონში, ასევე მამაკაცში და ფაქტობრივად ის არის დირიჟორი ამხელა ორკესტრის, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი კომპონენტებისგან შედგება, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, რომ თავის ტვინის მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნამ დადებითი ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე?! სულ ვამბობ, რომ თუ კი სტრესულ სიტუაციაში შეიძლება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდეს, კუჭ-ნაწლავის სისტემა განიცდიდეს, რეპროდუქციული სისტემა რამე სხვა სისტემაა?! არა, ნამდვილად არა. სტრესულმა გარემომ და ძალიან ძლიერმა სტრესმა ქალბატონთან შესაძლოა, რომ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტაც კი გამოიწვიოს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ყველაფერი ცენტრალური ნერვული სისტემისგან, კერძოდ თავის ტვინის ქერქისგან იმართება, მაგრამ ჩვენ 21-ე საუკუნეში იმდენად მრავალმხრივ სტრესულ გარემოში გვიწევს ყოველდღიური ყოფა, რომ ასე პირდაპირი განმსაზღვრელი, ერთი და დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც 100 %-ში შეიძლება, რომ უშვილობის განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, რადგან ყოფილა, რომ ძალიან ძლიერი სტრესული გადატვირთვის დროსაც დამდგარა ორსულობა, თუმცა რა თქმა უნდა, სტრესი არახელსაყრელ გარემოს ქმნის. სტრესია ყველაფერი, გარემო, საკვები, აუცილებელი ხომ არ არის რომ ეს ნერვული სტრესი იყოს?!

მნიშვნელოვანი კვლევა ჰქონდა ევროპის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციას, იმაზე, თუ რამდენად მოქმედებდა ჰაერის დაბინძურება ბუნებრივი განაყოფიერების შედეგებზე და პირდაპირ ჰქონდათ დათვლილი მაგისტრალური ტრასიდან რა რადიუსზე ცხოვრობდა წყვილი და რამდენად იყო შეფერხებული ორსულობის ალბათობა და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ახლოს იყვნენ ტრასასთან და შესაბამისად, მეტი იყო ჰაერის დაბინძურება, ინდექსი ყოველთვიური ორსულობის მიღების გაცილებით უფრო დაბალი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოქმედებს, სტრესი, გარემო, ის თანამედროვე ცხოვრების რიტმი, რომელიც ასეთი სწრაფია, მაგრამ როგორც ასეთი ცალკე აღებული დამოუკიდებელი ფაქტორი არ განიხილება.

მინდა გკითხოთ მამაკაცის უშვილობაზე და მეთოდზე, როცა სპერმატოზოიდი პირდაპირ კვერცხუჯრედში შეჰყავთ, არის თუ არა ეს პირდაპირი გამოსავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად?

X მეთოდი განაყოფიერების ძალიან დახვეწილი ტექნიკაა, რომელმაც საშუალება მისცა მამაკაცებს გადაელახათ თავისი უშვილობის საკითხი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბუნებრივი გზით ვერასდროს დადგებოდა ორსულობა.

ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ მიკროსკოპის ქვეშ ძალიან დიდ გადიდებაზე აირჩეს თითოეული სპერმატოზოიდი. ზოგჯერ, თითო სპერმატოზოიდის ამარა ვართ ხოლმე ინვიტრო განაყოფიერების პროცესში. ზოგჯერ, საერთოდ, ბუნებრივი გზით ვერ გამოიყოფა სპერმა და ქირურგიული გზით ხდება რამდენიმე ცალი ან რამდენიმე ათეული სპერმატოზოიდის მიღება, რაც ბუნებრივი განაყოფიერებისთვის საკმარისი არ არის, რადგან რამდენიმე მილიონია ამისთვის საჭირო და ასეთ სიტუაციაში, მძიმე ოლიგოსპერმიების ან აზოოსპერმიების დროს ან როდესაც საერთოდ არ გამომუშავდება სპერმატოზოიდები, თითოეული სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეყვანამ, შეიძლება, რომ წყვილი წარმატებულ ორსულობამდე მიიყვანოს და ასეთი შემთხვევა ჩვენ ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი გვაქვს. 

ამ ტექნოლოგიამ პაციენტების მთელი ჯგუფი, რომლებიც ვერასდროს მიიღებდნენ ჩვეულებრივი ბუნებრივი განაყოფიერებით და ვერც ჩვეულებრივი ინვიტრო განაყოფიერებით ორსულობას, ფაქტობრივად, დაასაჩუქრა ორსულობით და ეს რეპროდუქციულ მედიცინაში ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

დღესდღეობით, რა თქმა უნდა, გარდა ამ ტექნიკის არსებობისა, სხვა უამრავი საშუალება არსებობს, რომ საერთოდ უძრავი სპერმატოზოიდების გააქტიურება მოხდეს და ეს არის საოცრება, რომ ფაქტობრივად განაჩენის მქონე მამაკაცს, რომ მას არასდროს ეყოლებოდა თავისი ბიოლოგიური შვილი, მის მეუღლეს თითო ცალი სპერმატოზოიდით ეძლევა საშუალება, რომ ორსულობა მიიღოს, ეს წარმოუდგენელი სიტუაციაა. ამ შემთხვევაში იმარჯვებს რეპროდუქციული მედიცინა და ემბრიოლოგია თავისი დახვეწილი ტექნოლოგიებით.

წეღან, ქალბატონების სტრესზე ვსაუბრობდით და დამერწმუნეთ, რომ მამაკაცებიც არანაკლებ სტრესს გადიან, როდესაც ამ დიაგნოზს იგებენ.

ემბრიონის გადატანის შემდეგ, საჭიროა თუ არა ქალბატონებისთვის განსაკუთრებული რეჟიმი?

საჭიროა თუ არა წოლითი რეჟიმი ემბრიონის ტრანსფერის შემდგომ, ძალიან აქტუალური და ხშირად დასმული შეკითხვაა.

ემრბიოტრანსფერი ეს არის პროცედურა, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს არც ანესთეზიას და არც რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობას. ის მიმდინარეობს ექოსკოპიის მეთვალყურეობით და თვითონვე შეუძლია პაციენტს, რომ ნახოს ეს პროცესი. აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ტარდება ის და ის ასე ვთქვათ, ინვიტრო განაყოფიერების ფინალური ეტაპია.

გაიარა მედიცინამ ის ეტაპი, როდესაც წოლითი რეჟიმი იყო რეკომენდებული ტრანსფერის შემდგომ. დღეისათვის, აბსოლუტურად შეცვლილია ეს მიდგომა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის, მაგრამ ემბრიოტრანსფერის შემდგომ, დაახლოებით 10 – 15 წუთის შემდგომ, აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია ქალბატონს დატოვოს კლინიკა, დაუბრუნდეს თავის ყოველდღიურ სამუშაო გარემოს.

რომ ავიღოთ ბუნებრივი ორსულობა, როდის იგებს ქალბატონი რომ დაორსულდა?! მინიმუმ ერთი თვის შემდგომ, სანამ შემდგომი ციკლი არ გადაუცდება და პირველ ტესტს არ გაიკეთებს და შეიტყობს, რომ იგი ორსულად არის… საკმაოდ დიდი დროა აქამდე. შესაბამისად, ის ცხოვრობს ჩვეულებრივად, დაკავებულია თავისი ყოველდღიური საქმიანობით და მაინც დგება ორსულობა… ანუ, ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის შემდგომ, აბსოლუტურად ისეთივე ბიოლოგიური პროცესები უნდა წავიდეს საშვილოსნოში, რაც ბუნებრივი განაყოფიერების დროს, შესაბამისად, რაც უფრო ბუნებრივ სიტუაციაში იქნება ქალბატონი, ზედმეტი გადატვირთვების გარეშე, მაგრამ არა წოლით, მით უფრო გაუმჯობესდება ემბრიონის მიღების შანსი. სქესობრივი კონტაქტიც კი არ არის აკრძალული ემბრიოტრანსფერის შემდეგ.

მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ქალბატონი ზუსტად ასე თავისუფლად აგრძელებდა ცხოვრებას ემბრიოტრანსფერის შემდგომ, განსაკუთრებული დაძაბულობების გარეშე, გაცილებით უფრო მაღალ პროცენტში დგებოდა ორსულობა.

ინვიტრო განაყოფიერებით და ბუნებრივი გზით მიღებული ორსულობა რით განსხვავდება ერთმანეთისგან და არის თუ არა განსხვავება მართვის, მეთვალყურეობის ნაწილში, თუნდაც მშობიარობის ნაწილში, როდესაც ისევ აქტიური რჩება კითხვა, მართალია თუ არა, რომ ჩვენ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში თავიდანვე საკეისრო კვეთაზე უნდა ვიფიქროთ?

ინვიტრო განაყოფიერებით და ბუნებრივი გზით მიღებული ორსულობა თავისი მიმდინარეობით არანაირად არ განსხვავდება, ორსულობა არის ორსულობა.

რაც შეეხება კითხვას საჭიროებენ თუ არა ეს პაციენტები უფრო განსაკუთრებულ მიდგომას, ნებისმიერი ორსული საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას, მაგრამ აქ კიდევ უფრო სპეციფიკური, მულტიდისციპლინარული მიდგომაა საჭირო, არა მხოლოდ რეპროდუქტოლოგის ჩართულობა მართვაში, არამედ აქ ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ენდოკრინოლოგებიც, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ იმ მართვის ნაწილში, რასაც ორსულობის ენდოკრინოლოგია ჰქვია. ასევე, არიან სხვა სპეციალისტები საჭიროებისამებრ. სპეციფიკური მიდგომა საჭიროა, რადგან ეს პაციენტები რიგ შემთხვევაში უკვე ბევრი სხვა თანმხლები პრობლემით მოდიან და აქ მხოლოდ გინეკოლოგიურ პრობლემას არ ვგულისხმობ. მათ უკვე აქვთ სხვადასხვა დამძიმებული სამედიცინო ისტორია, როგორც გინეკოლოგიური, ასევე კარდიოლოგიური, უროლოგიური და ა.შ. სწორედ იმიტომ არის ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა საჭირო ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის მქონე პაციენტებთან, რომ მათ უკვე აქვთ დამძიმებული ანამნეზი სხვადასხვა მიმართულებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ასაკზე. შესაძლოა, საერთოდ არანაირი პრობლემა არ ჩანდეს ანალიზებში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკი შეიძლება რეპროდუქციული თვალსაზრისით მაღალი იყოს, მხოლოდ ასაკი შეიძლება მოგვევლინოს ცალკე დამოუკიდებელ რისკფაქტორად, რა დროსაც შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების მეტი რისკია ორსულობის დროს, რაც ამძიმებს მდგომარეობას და ამიტომ არის, რომ ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება საკეისრო კვეთა და არა იმიტომ, რომ ინვიტრო განაყოფიერებაა.

სხვა დამამძიმებელი ფაქტორების და სამეანო რისკების გათვალისწინებით ერთად და კომპლექსურად, მეან-გინეკოლოგთან ერთად უნდა შეირჩეს სწორი სწორი მეთოდი. აპრიორი ინვიტრო განაყოფიერება არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას.

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });