14 სექტემბერს მსოფლიო ატოპიური ეგზემის დღეს აღნიშნავს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“, „გოთუას სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-ალერგოლოგი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა ატოპიური დერმატიტის გამოვლენის გზებზე, მის მიმდინარეობაზე, წამყვან სიმპტომებზე, დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა.
ქალბატონო ნინო, რა არის ატოპიური ეგზემა, როგორ ვლინდება ის, როდის უნდა მიიტანოს ეჭვი ადამიანმა მის არსებობაზე და როგორ უნდა განვასხვაოთ ის სხვა ტიპის ალერგიული პრობლემებისგან?
მართლაც საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღეს, რადგან 14 სექტემბერი ეს არის ატოპიური ეგზემის დღე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აღინიშნება, იქიდან გამომდინარე, რომ თავად დაავადება არის ძალიან აქტუალური. მსოფლიოში, დაახლოებით, 230 მილიონზე მეტ ადამიანს სწორედ ატოპიური ეგზემა, ატოპიური დერმატიტი აღენიშნება, ამ ადამიანების ძირითადი წილი კი ბავშვთა პოპულაციაზე მოდის, თუმცა, რა თქმა უნდა, ატოპიური დერმატიტი მოზრდილთა ასაკშიც არის.
უნდა აღინიშნოს, რომ ატოპიური დერმატიტი არ არის მხოლოდ გამონაყარი. შეიძლება, მარტივად ვთქვათ, რომ ადამიანს სხეულის სხვადასხვა უბანზე აღენიშნება დერმატიტი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის უკან ძალიან დიდი ტვირთია მშობლისთვის, თავად მოზრდილისთვის და რატომ?! იმიტომ, რომ მას აქვს საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომები, ახასიათებს ქავილი, ძილის დარღვევა, შფოთვა, რაც პირდაპირპროპორციულია იმის, რომ ღამის უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს სკოლის გაცდენა, გამოუძინებელმა მდგომარეობამ სამსახურში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა შფოთვა…
შესაბამისად, ეს მოქმედებს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დაავადების შესახებ ცნობადობა მაქსიმალურად იყოს ამაღლებული. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ამ დაავადების სწორად მართვა, რადგანაც თუ დროულად მოხდება ექიმთან მისვლა და მკურნალობის, მართვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რა თქმა უნდა, ამ დაავადების მართვა გაცილებით უფრო იოლია.
თავად ატოპიური დერმატიტი ეს არის ქრონიკული განმეორებადი პრობლემა და ის ძირითადად გენეტიკურად განწყობილ ადამიანებს უვითარდებათ. მისი მთავარი მიზეზი კანის ბარიერის არასრულფასოვნება, ანუ კანის ბარიერის მთავარი კომპონენტის, ცილა ფილაგრინის დეფექტია. გენეტიკური მუტაციის შედეგად გარკვეულ ადამიანებს აღენიშნებათ ამ ცილის დეფექტი, რომელიც პასუხისმგებელია წყლის, ანუ ჰიდრატაციის შეკავებაზე. კანის ბარიერის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რომ კანი იყოს შესაბამისად ჰიდრატირებული და იმის გამო, რომ კანის ბარიერი არის არასრულფასოვანი, ხდება წყლის აორთქლება, კანი შრება, ერთვება მთელი რიგი იმუნოლოგიური მექანიზმი, ვითარდება დერმატიტის უბანი, ქავილის ციკლი, ერთვება სიმპტომები და შესაბამისად, პაციენტი არის ძალიან შეწუხებული.
ეს თავისთავადი პროცესია თუ მას ხელს უწყობს გამაღიზიანებელი ფაქტორები?
რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს და შესაბამისად, იწვევს ამ ყველაფერს. ჩამოვთვალოთ, რა გამაღიზიანებელ ფაქტორებზეა საუბარი და პირველი, ეს არის კლიმატური პირობები, ზედმეტი სიცხე ან ზედმეტი სიცივე, რადგან გარკვეულ წილად, სიცხეში, როდესაც კანის ბარიერი არ არის სრულფასოვანი, იგივე მოძრაობის დროს, ოფლის გამოყოფისას, სიცხემ, მზემ, ოფლმა, შეიძლება, რომ გააღიზიანოს კანი და ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხელი შეუწყოს, ისევე, როგორც სიცივემ, რადგან სიცივე ხელს უწყობს გამოშრობას და ისედაც სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი კიდევ უფრო ღიზიანდება და შესაძლებელია, რომ ამ ქავილის ციკლმა, რომელიც ატოპიური დერმატიტის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია, გამონაყართან და სიმშრალესთან ერთად, მკვეთრად დაარღვიოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, ძილი, გამოიწვიოს უძილობა და ა.შ.
არის თუ არა მკვეთრად გამოხატული უბნები, სახე და ა.შ. , სადაც ატოპიური დერმატიტი ვლინდება და გამოვლენის ფორმა დამოკიდებულია თუ არა ასაკზე?
დიახ, რა თქმა უნდა, დისტრიბუცია განსხვავდება ადრეული ასაკის ბავშვებში და შემდგომ. თუ ჩვილ, დაახლოებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში მისი დისტრიბუცია ძირითადად არის სახეზე, მხრებზე, ლოყებზე, შუბლზე, თავის არეში, კისერზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, ტანზე, ასაკის ზრდასთან ერთად, შესაძლებელია, რომ დისტრიბუცია შეიცვალოს და მაგალითად, პუბერტატულ ასაკში მყოფ ბავშვებში ის უფრო მეტად გამოხატული იყოს ზედა და ქვედა კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, მაჯებზე, კისერზე, ყურის უკან. შესაბამისად, ვიზუალური მხარეც ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან თანაკლასელების გარკვეულ წილად რცხვენიათ მათ.
არის თუ არა ქავილი წამყვანი სიმპტომი ატოპიური დერმატიტის დროს და ხომ არ აქვს განსაკუთრებულად გამოხატული პერიოდი, მაგალითად, დღის საათები, ღამის საათები და ა.შ.?
რა თქმა უნდა, ღამის საათებში ქავილი ყოველთვის უფრო მძაფრდება, იქიდან გამომდინარე, რომ დღე თუ კონცენტრაცია გადატანილია სხვადასხვა საგნებზე, სკოლაზე და ა.შ. , ღამე, როდესაც ბავშვი სახლშია, არის მოსვენებულ მდგომარეობაში, ქავილი უფრო მეტია და ამას ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, ქავილიც, რადგან რაც უფრო მეტს იქავებ, მით მეტად აზიანებ სხეულის გარკვეულ უბნებს და ქავილის ეს ჩართული ციკლი კიდევ უფრო მეტად იწვევს იმუნოლოგიურ ანთებას და შესაბამისად, გამონაყარი და დერმატიტის გამწვავება, რა თქმა უნდა, არ აყოვნებს.
შეიძლება ითქვას, რომ ატოპიური დერმატიტი, ატოპიური ეგზემა ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანების დაავადებაა და ხშირად არის თუ არა მისი თანხვედრა ალერგიულ პრობლემებთან, მაგალითად, როგორიცაა ალერგია საკვებზე, ალერგია მტვერზე, ანუ აქვს თუ არა რაიმე კავშირი სხვა ტიპის ალერგენებთან?
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ატოპიური დერმატიტი, შეიძლება, რომ პარალელურად, არ ჰქონდეს სხვა ტიპის ალერგიული გამოვლინებები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ ნაწილს, ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისა, პარალელურად, აღენიშნება სხვა ალერგიული გამოვლინებებიც, როგორიცაა ალერგიული რინიტი, იგივე ასთმა, კვებითი ალერგია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რა თქმა უნდა, ყველა ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვს არ აღენიშნება კვებითი ალერგია, ამიტომაც ექიმის შეფასების და დიაგნოსტიკის გარეშე, თვითნებურად საკვები პროდუქტების ამოღება კვებითი რაციონიდან არ არის სწორი, რადგან ხანდახან არის, რომ მშობელი თვითნებურად ან ოჯახის ექიმის რჩევით იღებს პროდუქტებს და პრაქტიკულად, მშიერია ბავშვი ან არის მეძუძური დედა, რომელიც თვითნებურად, ოჯახის ექიმის ან პედიატრის რჩევით არის ძალიან მკაცრ დიეტაზე, ამიტომაც ჩვენ სწორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ ყველაფერს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩართულობა.
ჩვენ უნდა ავუხსნათ პაციენტს, რომ ერთის მხრივ, თავად ატოპიური დერმატიტის მიზეზი, როგორც ჩვენ ვთქვით, არის კანის ბარიერის დეფექტი, ცილა ფილაგრინის დეფექტი, რომელიც პასუხისმგებელია კანში ჰიდრატაციის შენარჩუნებაზე და მეორეს მხრივ, ის, რომ ასეთი ბავშვების დაახლოებით 10-15 %-ს შეიძლება, რომ პარალელურად, ჰქონდეთ კვებითი ალერგია, თუმცა ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს ატოპიური დერმატიტი, არ აქვს კვებითი ალერგია. სპეციალისტის მთავარი ამოცანაა, რომ სწორად შეაფასოს, გამოიკვლიოს და სწორად დააკვალიანოს პაციენტი, თავად დიეტის შერჩევის კუთხითაც. თვითნებურად საკვების ამოღება, გარკვეული შეფასების გარეშე, პირიქით, მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანს.

რამდენად რთულად სადიაგნოსტიკო პრობლემაა ატოპიური დერმატიტი და როგორ, რა კვლევებით დგინდება ის?
ატოპიური დერმატიტი დგინდება კლინიკურად. როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, ექიმი აფასებს მიმდინარეობას, დერმატიტის უბნებს, დისტრიბუციას, გამწვავების სიხშირეს და დიაგნოზი, პრაქტიკულად, კლინიკურად ისმევა, თუმცა მერე, ხდება ჩაკითხვა, რადგან ატოპიური დერმატიტის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, პაციენტების გარკვეულ ნაწილს აქვთ სხვა ტიპის ალერგიული გამოვლინებები, ალერგიული რინიტი, ასთმა, კვებითი ალერგია და ა.შ. შესაბამისად, ატოპიური დერმატიტის დიაგნოზის დასმასთან ერთად, რა თქმა უნდა, თავად პაციენტის სამედიცინო ისტორიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად არის, რომ პაციენტს აღენიშნება ატოპიური დერმატიტი და მაგალითად, ურტიკარია იგივე კვერცხზე, რძეზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ბავშვთა პოპულაციას ეხება, რადგან თავად კვებითი ალერგიის ძირითადი წილი არის ბავშვთა პოპულაციისთვის უფრო მეტად აქტუალური. ასევე, შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს ატოპიური დერმატიტი და 6 – 7 წლიდან მას სეზონური ალერგია, ასთმა და ა.შ. დაემატოს, რასაც უკვე ატოპიური მარში ეწოდება.
ატოპიური მარში არის, როდესაც სკოლამდელი ასაკის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ატოპიური დერმატიტი და შეიძლება, პარალელურად, აღენიშნება კვებითი ალერგიაც და ასაკის ზრდასთან ერთად, მას უვითარდება სხვა ტიპის ალერგიული გამოვლინებები, როგორიცაა ალერგიული რინიტი, ასთმა.
არსებობს თუ არა ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, წარმოადგენს თუ არა კანის ხშირი დატენიანება ერთ-ერთ შემამსუბუქებელ ფაქტორს თუ სამკურნალოს არა და დღეის მდგომარეობით, მკურნალობის მიმართულებით თუ გამოიხატა რაიმე სიახლე?
როდესაც ატოპიური დერმატიტის მართვაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი კანის მოვლით იწყება, კანის მოვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დამატენიანებელი არ არის უბრალოდ კოსმეტიკური საშუალება, რომელიც უნდა დაიტანოს დაბანის შემდგომ, დამატენიანებელი არის ის მნიშვნელოვანი რამ, რაც კანის ბარიერის აღდგენას უწყობს ხელს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატენიანებლის სწორად შერჩევას, ის უნდა იყოს ჰიპოალერგიული, არ უნდა შეიცავდეს პარფუმებს, ალკოჰოლს, სხვა დანამატებს, რომელთაც შეიძლება, რომ კანი გააღიზიანონ. შესაბამისად, სწორად შერჩეული დამატენიანებელი ყოველდღიური ჰიგიენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც დაბანა. დაბანა აუცილებელია ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებისთვის. სირცხვილია, ამაზე რომ ვსაუბრობთ, მაგრამ ხანდახან არის, რომ პაციენტის მშობელი კითხულობს, „უნდა დავბანო თუ არ შეიძლება დაბანა, გავიგე რეკომენდაცია, რომ დაბანა არ შეიძლება“, პირიქით, დაბანა აუცილებელია, დაბანა უნდა იყოს ყოველ დღე, მაგრამ თავად ეს პროცედურა 10 წუთზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან არ შეიძლება, რომ დერმატიტის მქონე ბავშვი 1 საათი იჯდეს წყალში, რადგან კანი უარესად ლბება და შრება.
ყველაზე ეფექტური არის, რომ ბავშვს როგორც კი ამოვიყვანთ აბაზანიდან და ოდნავ შევამშრალებთ, ოდნავ ნოტიო კანზე, სანამ აორთქლდება წყალი, დამატენიანებელი დავატანოთ რეგულარულად. დამატენიანებელი უნდა დავიტანოთ დღეში ორჯერ, ზოგჯერ, როცა კანი ზედმეტად გამომშრალია, მაგალითად, ზამთრის პერიოდში, მეტჯერაც შეიძლება, რომ კანის ბარიერი აღდგენილი იყოს. დაბანას და დატენიანებას ძალიან დიდი წვლილი აქვს ატოპიური დერმატიტის მართვაში.
თუ ძალიან მსუბუქი გამოვლინებაა, ხანდახან, მხოლოდ დამატენიანებელიც საკმარისია, რომ სიმპტომები იმართოს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, შესაბამისად, დამატენიანებელი ბოლომდე ვერ მოაგვარებს გამწვავების ფაზას, თუ ეს გამონაყარი ვიზუალურადაც სხვადასხვა უბანზე არის გამოხატული, ასეთ შემთხვევაში, უკვე ლოკალურად სამკურნალო საშუალებების დატანა ხდება იმ გაღიზიანებულ, წითელ უბნებზე. ეს საშუალებები არის სწორად შერჩეული ტოპიკური სტეროიდული საშუალებები, თუმცა ტოპიკური სტეროიდული საშუალებების გარდა არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც არ არის ჰორმონალური რიგის და ა.შ.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა იყოს შესაბამისი ალერგოლოგის, დერმატოლოგის მიერ სწორად შერჩეული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტოპიკური სტეროიდი არის ქვაკუთხედი გამწვავების მკურნალობის, ის სწორი პოტენციით, სწორი კლასის, სწორი სიძლიერის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული, რადგან თავად ტოპიკური სტეროიდებიც სხვადასხვა კლასისაა, ამერიკული კლასიფიკაციის მიხედვით შვიდი კლასია, ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით – ოთხი. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა უბანზე, როგორი სიძლიერის და რა ხანგრძლივობით უნდა დაიტანოს აღნიშნული მედიკამენტი, რომ სწორად იყოს დაავადება მართული და ტოპიკური სტეროიდებისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები თავიდან იყოს აცილებული.
გვერდითი ეფექტების ყველაზე მეტად ეშინიათ მშობლებს და ხშირად ამბობენ „მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებას“, რას უპასუხებდით მათ?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, გამოვიყენოთ თუ არა ტოპიკური სტეროიდი, პირველ რიგში, უნდა მოხდეს თავად ბავშვის შეფასება, თუ რა სიმძიმის ატოპიური დერმატიტი აქვს მას. არავის არ უნდა ზედმეტი პრეპარატის გამოყენება.
სპეციალური სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ სწორად შევაფასოთ ატოპიური დერმატიტის სიმძიმე, რადგან მოგეხსენებათ ატოპიური დერმატიტი ყოველთვის არ მიდის მსუბუქად, მისი საშუალო და მძიმე ფორმებიც არსებობს, რომელსაც კიდე სხვა ტიპის მკურნალობა უნდა ტოპიკური სტეროიდების გარდა. ბიოლოგიური პრეპარატების ერაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, თუ პაციენტს სჭირდება, ეს მკურნალობაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი და გასათვალისწინებელია.
ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ექიმის, სპეციალისტის მიერ მოხდეს სწორი შეფასება და სწორი დანიშნულების მიცემა, რადგან ტოპიკური სტეროიდის არ უნდა შეგვეშინდეს, თუ სწორად არის შერჩეული, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით, შესაბამისი სიძლიერის. ხანმოკლე კურსით გამოყენება თუ ამ დაავადების გამწვავების სამკურნალოდ საჭიროა, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ეს არის არჩევის პრეპარატი ყველა საერთაშორისო რეკომენდაციით ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ტოპიკური სტეროიდების გარდა არსებობს სხვა ტიპის მალამოები, რომლებიც არ შეიცავენ სტეროიდს, თუმცა რომელი გამოიყენოს და რომელი დაიწყოს პაციენტმა, ეს სიმძიმეზეა დამოკიდებული.

სადამდე შეიძლება, რომ მიგვიყვანოს ატოპიური ეგზემის დროულად ვერ დადგენილმა დიაგნოზმა, გვიან ექიმთან მისვლამ?
როგორც წესი, ბოლო წლების მანძილზე ატოპიური დერმატიტის ამოცნობა ექიმებს არ უჭირთ, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მოხდეს დიაგნოზის დადგენა. აქ ლაპარაკია, თუ პაციენტს აქვს საშუალო და მძიმე მიმდინარეობა, ამ ჯგუფის პაციენტების სწორ მართვაზე და მუდმივად მაღალი პოტენციის სტეროიდული საშუალებების გამოყენებაზე, ამიტომაც მთავარი აქ არის, ერთის მხრივ, დიაგნოზის სწორი დადგენა და მე ვთვლი, რომ ბოლო წლებში, ოჯახის ექიმების და პედიატრების აქტიურმა ინფორმირებულობამ, სხვადასხვა კონფერენციებმა, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თავად დიაგნოზის დასმა ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ რეფერალი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს დარგის სპეციალისტთან, იმისთვის, რომ საშუალო და მძიმე მიმდინარეობის ატიპიური დერმატიტის მქონე პაციენტები დარგის სპეციალისტმა მართოს.
რა არ უნდა გავაკეთოთ ატოპიური ეგზემის დროს, რამ შეიძლება, რომ კიდევ უფრო გააუარესოს არსებული სიმპტომატიკა? მაგალითად, ჩემი დაკვირვებით ძალიან ხშირია ასეთ დროს ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენება…
რა თქმა უნდა, ხალხური საშუალებების გამოყენება ისედაც ბარიერ დაზიანებულ კანზე არაფრით არ შეიძლება, ამიტომაც როდესაც ლაპარაკია თავად ატოპიური დერმატიტის მართვაზე, ერთის მხრივ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თვითონ ტრიგერებისგან დავიცვათ ბავშვი. ტრიგერებისგან დაცვა ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ არის აქტიური მზის პერიოდი, უნდა იყოს რეგულაცია, რადგან ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისთვის მზეზე დიდხანს გასვლა არ შეიძლება და ისედაც ყველასთვის, რადგან მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მზის ალერგიის გარდა, უფრო მეტად მოქმედებს იმ კანზე, რომელსაც ისედაც დაზიანებული აქვს ბარიერი.
მეორეს მხრივ, თუ კანი არ არის შესაბამისად მოვლილი და დატენიანებული და კანი არის გამომშრალი, ზღვაში, აუზში ჩასვლამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ძალიანაც კარგია ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისთვის. ქლორმა შეიძლება, რომ ცურვის დროს გააღიზიანოს კანი. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვისთვის ცურვა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ, თავად ეს დაავადება უნდა იყოს კარგად კონტროლირებული. თუ დაავადება კარგად იქნება კონტროლირებული, დაცული იქნება შესაბამისი მზის რეჟიმი, იგივე ზღვის, თუ წყალში ჩასვლამდე და ცურვის შემდგომ კანი იქნება დატენიანებული, რომ ქლორმა ირიტაციული ზეგავლენა არ მოახდინოს, ასეთ შემთხვევაში, ატოპიური დერმატიტი ნაკლებად გამწვავდება.
ზამთარშიც შესაბამისი დამატენიანებელი არის შესარჩევი. საერთოდ, დამატენიანებელი საშუალება ზამთარში და ზაფხულში განსხვავდება, რადგან ზამთარში უფრო ცხიმოვანი ტექსტურა გვჭირდება, იმის გამო, რომ უფრო მეტად შრება კანი. დამატენიანებლის უფრო თხელი ტექსტურა არის საჭირო ზაფხულში, რადგან კანი ოფლიანობს და ზედმეტად სქელმა დამატენიანებელმა შეიძლება, რომ პირიქით, უკუეფექტი გამოიწვიოს.
შესაბამისად, თუ ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, სწორად შევარჩევთ მოვლის საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში მართვა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო გაიოლდება.
როდესაც ვსაუბრობთ ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებზე, ეს იმდაგვარი პრობლემაა, რომელიც ერთი მკურნალობით დასრულდება თუ შეიძლება, ახლდეს განმეორება ან პირიქით, შეიძლება, მოზრდილობის პერიოდში ის საერთოდ გაქრეს? მოზრდილების შემთხვევაში, მკურნალობის შემდეგ, საბოლოოდ სრულდება პრობლემა თუ შეიძლება მან კვლავ იჩინოს თავი?
როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვით, ძირითადი წილი ატოპიური დერმატიტის ეს არის ბავშვთა პოპულაცია და გარდატეხის ასაკისთვის პაციენტების, დაახლოებით, ორი მესამედი რემისიის ფაზაში გადადის, ანუ შესაძლებელია, რომ მათ საერთოდ აღარ ჰქონდეთ ეს პრობლემა, თუმცა არის ის ერთი მესამედი, რომელსაც მოზრდილობის პერიოდშიც უგრძელდება ატოპიური დერმატიტი და რომელთაც შესაბამისი რეკომენდაციები მუდმივად უნდა გაითვალისწინონ და დაიცვან.
როგორც ვთქვით, ატოპიური დერმატიტი ეს არის ქრონიკული, განმეორებადი დაავადება, მიუხედავას იმისა, რომ როგორც ახლა აღვნიშნეთ, ის ორ მესამედს ასაკთან ერთად გასდის.
თუ ჩვენ სწორად ვმართავთ დაავადებას და მივყვებით მკურნალობას, გაცილებით უფრო მშვიდად, წყნარად და უმტკივნეულოდ შეიძლება, რომ მივაღწიოთ იმ პერიოდს, როდესაც ეს პრობლემა ნელ-ნელა ისედაც გადის. რა თქმა უნდა, ექიმის და პაციენტის სწორ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი მართვით გამწვავებების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია.