Sia-მ საკუთარი მუსიკალური კატალოგის 50%-იანი წილი გასართობ და საინვესტიციო კომპანიას – Pophouse მიჰყიდა.
TMZ-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 180 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულება მოიცავს უფლებებს ავსტრალიელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ისეთ გლობალურ ჰიტებზე, როგორებიცაა: Chandelier, Cheap Thrills და დევიდ გეტასთან კოლაბორაციით შექმნილი Titanium.
მუსიკალური უფლებების გაყიდვა არტისტს საშუალებას აძლევს, მომავალში მისაღები პოტენციური შემოსავალი ერთიან, მსხვილ კაპიტალად აქციოს.
სია ერთჯერადად იღებს სოლიდურ თანხას, $180 მილიონს, რაც მას ფინანსურ სტაბილურობასა და ახალ პროექტებში ინვესტირების საშუალებას აძლევს.
Pophouse კი მიიღებს წილს, ამ შემთხვევაში 50%-ს ყოველი სტრიმინგიდან, რადიოეთერიდან, ფილმში თუ რეკლამაში გამოყენებული სიმღერებიდან.
Pophouse Entertainment შვედური კომპანიაა, რომელიც ცნობილია მუსიკალურ ინდუსტრიაში მსხვილი ინვესტიციებითა და ბრენდების განვითარებით, მათ შორისაა ABBA-ს ვირტუალური შოუ – ABBA Voyage და ჯგუფ KISS-ის კატალოგის სრული შესყიდვა.
მუსიკალური კატალოგების შესყიდვა ბოლო წლებში უმსხვილეს ბიზნეს-ტრენდად იქცა. ინვესტორები პოპ-ჰიტებს განიხილავენ, როგორც სტაბილურ აქტივს, ისევე, როგორც უძრავ ქონებას ან ოქროს, რადგან კლასიკური სიმღერები წლების განმავლობაში არ კარგავენ აქტუალობას და მუდმივად აგენერირებენ ფულად ნაკადებს ციფრულ პლატფორმებზე.
სიამდე მსგავსი ნაბიჯი ისეთმა ლეგენდარულმა ვარსკვლავებმა გადადგეს, როგორებიც არიან: ბობ დილანი, ბრიუს სპრინგსტინი, შაკირა და ჯასტინ ბიბერი.