Stellantis-მა ახალი კონცეპტუალური ავტომობილი BOW (Box on Wheels) წარადგინა, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილისგან საკმაოდ განსხვავდება. ეს არის სრულად ელექტრო, ავტონომიური სატვირთო პლატფორმა, რომელსაც მძღოლის კაბინა, საჭე და პედლები არ აქვს. კონცეფცია ქალაქებში საქონლისა და ამანათების ავტომატურად გადასატანად შეიქმნა.
BOW-ის მთავარი იდეა სწორედ მის სახელშია ნაგულისხმევი – Box on Wheels, ანუ „ყუთი ბორბლებზე“. Stellantis-ის დიზაინერებმა და ინჟინრებმა ტრადიციული ფურგონისგან განსხვავებით უარი თქვეს მძღოლისთვის განკუთვნილ სივრცეზე, რათა ავტომობილის გაბარიტებში ტვირთისთვის მეტი ადგილი დარჩენილიყო.
კონცეფცია პირველ რიგში ურბანული ლოგისტიკისთვის არის გათვლილი. მსგავსი ავტომობილები შეიძლება გამოიყენონ საკურიერო კომპანიებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, დაბალი ემისიის ზონებში, ასევე დახურულ ტერიტორიებზე – მაგალითად, ქარხნებში, აეროპორტებსა და საავადმყოფოებში.
BOW-ის შექმნაზე Stellantis-მა ჩინურ კომპანია UQI Robotics-თან ითანამშრომლა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და ავტონომიური მართვის სისტემებზე მუშაობს. სწორედ UQI Robotics მონაწილეობდა კონცეპტის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის განვითარებაში.

ავტომობილის ტექნიკური მონაცემების დიდი ნაწილი ჯერ უცნობია. Stellantis-ს არ გამოუქვეყნებია არც ბატარეის ტევადობა, არც სვლის მარაგი, ძრავის სიმძლავრე, დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა ან ავტონომიური მართვის კონკრეტული დონე. შესაბამისად, BOW ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეპტუალურ პროექტად რჩება და მისი სერიული წარმოების გეგმები ჯერ არ გამოცხადებულა.

კომპანიამ BOW გერმანიაში, ჰანოვერში გამართულ IAA Transportation 2026-ზე წარმოადგინა. გამოფენაზე წარმოდგენილ ავტომობილთან ერთად Stellantis-მა ცალკე სადემონსტრაციო ეგზემპლარიც მოამზადა, რომლის შესაძლებლობების ნახვა ვიზიტორებს საგამოფენო ტერიტორიის გარეთ შეუძლიათ.
Stellantis-ისთვის BOW მხოლოდ ახალი ავტომობილის კონცეფცია არ არის – კომპანია მას ურბანული ლოგისტიკის ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად განიხილავს, სადაც ელექტრიფიკაცია, ავტონომიური მართვა, დაკავშირებული სერვისები და ლოგისტიკური მომსახურება ერთ სისტემაში გაერთიანდება.