გადაცემას – „უსმინე ახალს“ ჯგუფი – „ქორალი“ სტუმრობდა, რომელსაც ქართველი მსმენელი 2006 წლიდან იცნობს. ბენდი დაფუძნდა ანსამბლ – „ადილას“ ბაზაზე და თავიდანვე მისი მთავარი მიმართულება იყო ქართული მრავალხმიანობისა და საესტრადო მუსიკის გაერთიანება. კოლექტივის სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს, ,,ქორალი” – მრავალხმიანობასთან დაკავშირებული სახელწოდებაა.
ჯგუფის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მათი საწყისი სწორედ ქართული ტრადიციული მუსიკაა და სადაც არ უნდა წავიდნენ, საკონცერტო პროგრამას ქართული ხალხური სიმღერით ხსნიან.
ჯგუფის ძირითად ბირთვს და შემსრულებლებს წარმოადგენენ: გიორგი მაღლაფერიძე, კაკო კიკვაძე და რამაზ ტყეშელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ჰქონდათ შემოქმედებითი პაუზა, თუმცა ბოლო წლებში განაახლეს აქტივობა და ჩაწერეს ახალი სიმღერები.
2006 წლიდან იწყება ჩვენი ისტორია. 2007 წელს სიმღერა – ,,სამშობლო” ჩაეშვა რადიო ,,ფორტუნას” ეთერში, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის. მაშინ დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ფესტივალი კონკურსის სახით, სადაც მივიღეთ ,,წლის ნოვატორული პროქტის” ტიტული. მას შემდეგ იყო ,,მეგა” რამდენჯერმე, რაც დიდ სტიმულს გვაძლევდა. ერთიც რომ დავრჩეთ, ,,ქორალი” უნდა არსებობდეს. დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ განვითარებაში, გურამ ლომინაძეს და რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნას”’ ჩვენი შემოქმედების გაჟღერებისთვის.

ვთვლით, რომ მუსიკაში რთულია შეინარჩუნო თავდაპირველი ხაზი და მიჰყვე თანამედროვე ტენდეციებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მსმენელის გათვალისწინებით, არ დავაზიანოთ ჩვენი სტილი და მიმდინარეობა და ამჟამად ორიენტირებული ვართ ძირითადად ხარისხზე. დიდი გეგმა გვაქვს, ვაპირებთ ერთი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ ახალი სიმღერა და კლიპი გამოვუშვათ, რათა მივიდეთ იმ ეტაპამდე, რომ გვქონდეს ცოცხალი კონცერტის საპროგრამო ბაზა.
,,ქორალს” სული სერგო ეგოიანმა შთაბერა. ის დღესაც ჩვენი პროდიუსერია და ერთობლივი ძალისხმევით ვმუშაობთ შემოქმედების გაღვიძებასა და სიახლეებზე.
სულ სხვა ძალებით და გეგმებით მოვდივართ და კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი დაბრუნება.
ვფიქრობთ, განვითარება ყველაფერს სჭირდება, აუცილებელიც კია, მაგრამ არის ძალიან ფაქიზად მოსაფიქრებელი. ჩვენ ვცდილობთ ქართულ ელემენტებს დავამატოთ თანამედროვე სტილის გარკვეული ნაწილი მუსიკალურ და ვიზუალურ ნაწილში. ქართველებს შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი დონის მუსიკალური ნაწარმოებები, რომელთაც მთელი მსოფლიო მოუსმენს.
ძირი და საფუძველი მაინც გვექნება ის, რაც გვქონდა.
2006 წელს ჩაიწერა სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. მაშინდელი ვერსიის გამოშვება ვერ მოხერხდა. ეს ტრეკი შინას თანამონაწილეობით შეიქმნა და ახლაც მისი ჩართულობით გადაკეთდა. ოცი წლის წინ, შინა ახალი ჩამოსული იყო ნიგერიიდან საქართველოში. ის გახლდათ პროფესიონალი ფეხბურთელი. ამავდროულად, შინა არაჩვეულებრივად მღერის. გაგვაცნო მეგობარმა, რომელმაც შემთხვევით მოიყვანა ჩვენთან სტუდიაში. იქ იმღერა მან თავისი სოულის ელემენტებით, რაც ახლოს იყო ქართულ ჰარმონიებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა დუეტი.
მოგეხსენებათ, 2006 წელს არანაირი სოციალური პლატფორმა არ იყო. მაშინ გვქონდა გეგმა, რომ სიმღერები, რომლებიც გვქონდა ეტაპობრივად გამოგვეშვა, რაც ვერ განხორციელდა. შინაც წავიდა საქართველოდან, ახლა კი, როცა განახლება დავიწყეთ რეპერტუარის, მოგვივიდა იდეა ხელახლა ისევ შინასთან ერთად ჩაგვეწერა ახლებურად. დავუკავშირდით შინას, რომელიც ახლა ნიგერიაშია, იქ მან ჩაწერა თავისი პარტია, გამოგვიგზავნა და ახალი სიცოცხლეც შევძინეთ სიმღერას.