მსახიობი თათული დოლიძე „იმედის დღეში“ ეკო ფანგანის რუბრიკის „ფილტრის გარეშე“ სტუმარი იყო. მსახიობმა ისაუბრა ბავშვობაზე, მშობლებზე, მეუღლეზე, შვილებსა და კარიერაზე.
„დავიბადე ატენის ქუჩაზე, სახლში, რომელიც მამამ ააშენა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობდით. ახლა ვფიქრობ, ხოლმე, როგორ ვეტეოდით-მეთქი, ან სად გვეძინა. მაგრამ იყო ძალიან მხირული ოჯახი, ის წლები ძალიან კარგად მახსენდება.
სახლში ერთად თერთმეტი ადამიანი ვცხოვრობდით… ბევრს ვმხიარულობდით და კონცერტებიც გვქონდა ხოლმე.
12 წლის რომ ვიყავი, ფილმში „მეტოქეები“ გადამიღეს. ძალიან დიდხანს, გათხოვებამდე, დამჯერი ბავშვი ვიყავი, რასაც მეტყოდნენ, ვაკეთებდი. ასე მოხდა ფილმში გადაღების შემთხვევაშიც, მითრეს და გადავიღე, თორემ არ მაინტერესებდა.
მინდოდა თუ არ მინდოდა, კარგად უნდა მესწავლა. შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში,“- იხსენებს თათული დოლიძე.
მსახიობმა მეუღლეზე, ჟანრი ლოლაშვილთან ქორწინების ამბავს იხსენებს.
„როგორც მსახიობი მომწონდა, მაგრამ დიდწილად არ ვურთიერთობდი. არც ის. არც ვმეგობრობდი ჟანრისთან. მერე თემურ ჩხეიძემ დადგა „ქალის ტვირთი“ და ვთამაშობდი ქეთევანს. მაშინ გავიცანი უფრო ჟანრი. მერე ნელ-ნელა, ნელ-ნელა რაღაცნაირად, არ ვიცი, როგორ მოხდა… რატომღაც მახსოვს, რომ მაინც ჟანრისგან დაიწყო ეს ამბავი. რაღაცა ასე მახსოვს და შეიძლება ვცდები, არ ვიცი. ერთ წელიწადში თუ წელიწად-ნახევარში დავქორწინდით…“
