2026 წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს – უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს, რომელიც უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას და საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური განვითარების ახალ ეტაპს!
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და სულიერი ცხოვრების ფორმირებაში, განსაკუთრებული როლი შეასრულა და საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კულტურული იდენტობის საფუძვლად იქცა.
ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 2026 წლის განმავლობაში, ტარდება საკონცერტო პროგრამათა ციკლი, რომელიც აერთიანებს მსოფლიო კლასიკური მუსიკის, ქართული საეკლესიო და ხალხური მუსიკის ნიმუშებს.
პროექტის ფარგლებში, უკვე გაიმართა საგუნდო კოლექტივების კონცერტები, რომელიც მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს (კახეთი, რაჭა, სვანეთი, აჭარა); ჩატარდა კლასიკური მუსიკის სამი მნიშვნელოვანი კონცერტი: 3 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში- გუსტავ მალერის სიმფონია №10. 21 ივლისს იმავე თეატრში – ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“, 18 სექტემბერს კი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის აუდიტორიაში – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია N5, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი სოლ მაჟორი და ზვიად ბოლქვაძის „მონოლოგი “.
14ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტი, ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II ხსოვნას, სადაც ცენტრალური ადგილი დაეთმობა მის მიერ შექმნილ საგალობლებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, აფხაზეთის გ. ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელა, ანსამბლი ,,ბასიანი’’, მოწვეული სოლისტები და ბავშვთა გუნდი. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია – ზვიად ბოლქვაძე, რომელიც პატრიარქის საგალობლების საორკესტრო და საგუნდო არანჟირებების ავტორიცაა. საქართველოს სახელმწიფო კამერულ გუნდს უხელმძღვანელებს სვიმონ ჯანგულაშვილი, ანსამბლ ,,ბასიანს’’ – გიორგი დონაძე.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება საგალობლები:
- „შენ ხარ ვენახი“ – აღმოსავლეთ საქართველო, სვეტიცხოვლის სკოლა
- „წმიდაო ღმერთო“ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
- „ევქარისტიული კანონი №1“ – კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, არანჟირება ზვიად ბოლქვაძე;
- „მოდი ჩემთან, უფალო“ – კათოლიკოს პატრიარქი ილია II არანჟირება – პაატა ცეცხლაძე
- „შეყვარებულნი ოდეს ქარები“ – ზვიად ბოლქვაძე
- „ეგზერსისი“ -იოსებ კეჭაყმაძე
- „ლაშარის გზაზე“ – იოსებ კეჭაყმაძე
- „წუთისოფელი“ – ზვიად ბოლქვაძე
დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული მუსიკის წარმოჩენას. ანსამბლი „ბასიანი“ შეასრულებს ქართულ ფოლკლორულ და საეკლესიო მუსიკის ნიმუშებს:
- „სუფრის ხელხვავი“ – გურული ტრიო
- „ვაგიორქო მა“ – მეგრული საჩონგურო
- „წმინდაო ღმერთო“ – წირვის საგალობელი
- „ჩაკრულო“ – კახური სუფრული
- „ჩოჩხათურა“ – გურული ნადური
დირიჟორი: გიორგი დონაძე
კონცერტის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საგალობლებს (არანჟირება ზვიად ბოლქვაძე)
ორკესტრის, გუნდის, სოლისტების, ბავშვთა გუნდის მონაწილეობით გაჟღერდება:
- Kyrie Eleison
- Sanctus
- Agnus Dei
- Te Deum
- Ave Maria
- ალილუია
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 საიუბილეო წლის აღნიშვნა მაღალი მხატვრული და კულტურული მნიშვნელობის საკონცერტო პროგრამით; ქართული საეკლესიო, ხალხური და პროფესიული მუსიკის წარმოჩენა მსოფლიო კლასიკური მუსიკის კონტექსტში; ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა თაობის მუსიკოსების, შემსრულებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ერთიან კულტურულ სივრცეში გაერთიანებას და ქართული მრავალხმიანობის, საეკლესიო მუსიკისა და თანამედროვე მუსიკალური ინტერპრეტაციების წარმოჩენას.
მოსალოდნელი შედეგი და სამიზნე ჯგუფი
პროექტი აერთიანებს სიმფონიურ, საგუნდო, საეკლესიო, ქართულ ხალხურ, ტრადიციულ მუსიკას და ქმნის ერთიან მუსიკალურ პროგრამას, რომელიც ქრისტიანული კულტურისა და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნება მასშტაბური საკონცერტო პროგრამა, რომელიც ერთიან მუსიკალურ სივრცეში წარმოაჩენს საქართველოს ქრისტიანულ, საეკლესიო და ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, სხვადასხვა თაობის შემსრულებლებს შორის თანამშრომლობასა და ფართო საზოგადოების ჩართულობას საიუბილეო წლის კულტურულ ღონისძიებებში.
