ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ წავიდა 1.
ამავე პროექტის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციას სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია გადაეცა.
შეგახსენებთ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას, ბიუროს პირველ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი გავიდა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის – რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა. როგორც ცნობილია, რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. მამუკა მდინარაძის მიერ მთავრობის დატოვების შემდეგ, მთავრობამ პარლამენტში ინიციირებული პროექტი უკან გაიტანა.
