პრინცესა დაიანას ძმის, გრაფ ჩარლზ სპენსერის, მემუარებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ ახალი, სკანდალური დეტალები გახდა ცნობილი. წიგნში, რომელიც დაიანას ცხოვრებასა და მის ქორწინებას ეძღვნება, სპენსერი ამტკიცებს, რომ მისი დის გარდაცვალების შემდეგ მეფე ჩარლზ III-მ მასთან საუბრისას ისეთი ფრაზა თქვა, რომელმაც ის განსაკუთრებით გააოგნა.
მემუარებიდან ნაწყვეტები მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც Daily Mail-მა წიგნის რამდენიმე მონაკვეთი გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ჩარლზ სპენსერის წიგნს Swan Song: Diana, My Sister („გედის სიმღერა: დაიანა, ჩემი და“) ეწოდება.


სპენსერის მტკიცებით, 1997 წელს, დაიანას დაკრძალვისთვის მზადების პერიოდში, მას ჩარლზთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. გრაფი იხსენებს, რომ ჩარლზმა მას უთხრა:
„დარწმუნებული იყავი, მალე დაგვავიწყდება ის!“
ჩარლზ სპენსერი ამ სიტყვებს დაიანას მიმართ ჩარლზის მხრიდან დაფარულ ზიზღად აღიქვამს. თუმცა, მეფის წარმომადგენლებმა ამ განცხადებას უპასუხეს და სპენსერის მიერ აღწერილი საუბრის სისწორე ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენეს.
ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახი, როგორც წესი, წიგნებსა და მემუარებს საჯაროდ არ ეხმაურება. თუმცა, ამ შემთხვევაში მეფეს ესმის, რომ „ძმის მიერ განცდილი მწუხარების ტკივილმა შესაძლოა, ადამიანის გონებაზე გავლენა მოახდინოს, გავლენა იქონიოს მის შეფასებებზე და შეცვალოს მოგონებები ისე, რომ წლების შემდეგაც კი, სხვა ადამიანებისთვის ისინი განსხვავებულად აღიქმებოდეს“.
ცნობისთვის, ჩარლზ სპენსერის მემუარები დღე დღეზე უნდა გამოიცე. წიგნმა უკვე მიიპყრო მედიის განსაკუთრებული ყურადღება. ავტორი წიგნში დაიანასა და ჩარლზის რთულ ქორწინებაზე საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში დაძაბული და სკანდალური იყო.

შეგახსენებთ, პრინცესა დაიანა 1997 წლის აგვისტოში, 36 წლის ასაკში, პარიზში ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა, პაპარაცებისგან თავის დაღწევისას გვირაბში მდებარე ბოძს შეეჯახა.
მისი გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ დაიანას ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები კვლავ იწვევს საზოგადოების ინტერესს, ხოლო ჩარლზ სპენსერის მემუარების გამოქვეყნებამ სამეფო ოჯახის წარსულთან დაკავშირებული დაპირისპირება კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
მეფე ჩარლზის გარდაცვალების შემთხვევაში, პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეფის დაკრძალვაზე მიიწვევენ
