ბათუმელი მომღერალი ნინა ცხვარიაშვილი გაბედნიერდა. მისი რჩეული ირაკლი გაბიტაძეა.
ნინას ქორწილი ნამდვილ სოლოკონცერტად იქცა.
პატარძალმა დამსწრე საზოგადოებას შესანიშნავი შესრულება შესთავაზა და იცეკვა კიდეც.
ნინა fortuna.ge-ს უყვება თავისი მუსიკალური ქორწილისა და ბედნიერი დღის შესახებ.
ნინა ცხვარიაშვილი:
მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანი საერთო სამეგობრო შეკრებაზე. ურთიერთობა თავიდან არ გვქონია, ხუთი წელიწადი გავიდა, სანამ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, მანამდე ძალიან მაგრად ვმეგობრობდით. ცოტა რთული ადამიანები ვართ და რთულად გვიყვარდებოდა. ბოლო-ბოლო გადავწყვიტეთ, რომ ეს რთული ადამიანები ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები (იღიმის).

იყო ხელის თხოვნა?
რა თქმა უნდა!.. მაისში მთხოვა ხელი. რესტორანში წამიყვანა მოტყუებით, ვითომ მისი ძმაკაცი გემით მიემგზავრებოდა. შეკრიბა ჩვენი სამეგობრო. როცა ვმღეროდი სცენაზე, ხელი მთხოვა პირდაპირ, გაშტერებულზე (იცინის). ძალიან ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, სერიოზულად და ოფიციალურად. სანამ გავიაზრე ეს ყველაფერი, მეორე გააზრება დამჭირდა, რომ ხელი მთხოვა.

შენი სიმღერით მოხიბლულია ალბათ…
ძალიან მაგარი მსმენელია, სულ უნდა, რომ კადრები გადამიღოს. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ჩემი ერთგული მსმენელია და მოტრფიალე ქართული ხელოვნების.
მუსიკასთან აქვს შეხება?
თავად ბიზნესსფეროშია ჩართული, მუსიკასთან შეხება არ აქვს.

როგორ დაიგეგმა თქვენი ქორწილი?
დაახლოებით 400-მდე ქორწილში მაინც მაქვს ნამღერი ჩემს ბენდთან ერთად, ჩემს ქორწილზე ბევრი არ მიფიქრია, ვიცოდი, რომ თავად უნდა მეზრუნა მუსიკალურ მხარეზე. მომღერლები აღარ ავიყვანე და ვიმღერე ჩემს ბენდთან ერთად „ვაზისა“.

ფაქტობრივად, შენი სოლოკონცერტი გამოვიდა…
ბევრი არაფერი დაგვიგეგმავს. ზედმეტი არაფერი მინდოდა. მსურდა, ყველაფერი ბუნებრივად ყოფილიყო. არც დიჯეი გვყოლია. ქართული ტრადიციული ქორწილი გამოვიდა. საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ვმღერი ყველა ჟანრს, მაგრამ ფოლკში ისე ვარ, როგორც თევზი წყალში. ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ქორწილში ეს ხაზგასმული მქონოდა. მე და ჩემმა ბენდმა გადავწყვიტეთ, რომ უნდა ყოფილიყო ჩვენი რეპერტუარიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფოლკლორული სიმღერები. განახლებული და ჩვენებურად გვაქვს გაკეთებული რამდენიმე ძველი ქართული სიმღერა.
შენს მუსიკალურ კარიერაზეც მოგვიყევი…
ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა დიდ სცენაზე არასდროს მიმღერია, თუ არ ჩავთვლით „გვაჩვენე შენს ხმას“. ამ სტატუსით ოფიციალურად ვმუშაობ რვა წელია. ვმღერი ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ქორწილებზე – ბენდთან ერთად, რესტორნებში სოლოდ, ან დუეტში ალექსანდრე ზედანიასთან.

ნინა, ზუსტად ერთი წლის წინ დიდი ცვლილებები დაიწყო შენს გარეგნობაში და წონაში საგრძნობლად დაიკელი. ეს როგორ მოახერხე?
ჯამში დავიკელი 52 კილო. როცა უკვე სუნთქვა გამიჭირდა სიმღერის დროს, გადავწყვიტე, ბარიატრიული ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაციიდან 14 სექტემბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა. შემდეგ კი ფიტნესდარბაზში ვიარე, ვიცურავე, ფეხით დავდიოდი ძალიან ბევრს, არ ვიღებდი ისეთ საკვებს, რომელიც ჩემი ორგანიზმისთვის მიუღებელი იყო. ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. ოპერაციის შემდეგ, მეორე დღეს, ექვსასკაციან ქორწილში ვმღეროდი…
