LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მომღერალი, რომელიც ლელა წურწუმიამ სცენაზე ამღერა: „10 წლის ასაკში მამა დავკარგე, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და დიდი პაუზა მქონდა სიმღერაში…“

976
24

ახლახან „რუსთავი 2“-ის პროექტში „იმღერე“ გამოჩნდა საინტერესო მომღერალი თათია მერკვილაძე, რომელმაც მაყურებლისა და ჟიურის მოხიბვლა შეძლო. მანამდე მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გახდა პოპულარული, მათ შორისაა ერთი ვიდეო, სადაც ის ლელა წურწუმიას კონცერტზე მღერის. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, თუმცა თათიასთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ იქცა, როდესაც სცენაზე საყვარელ მომღერალთან ერთად აღმოჩნდა… თათია fortuna.ge-ს ესაუბრება.

თათია, დავიწყოთ შენი გამოსვლით პროექტში „იმღერე“, სადაც ბაიკერის როლი მოირგე და ჟიურის მოტყუება შეძელი, რომ არ მღერი… როგორ მოხვდი ამ პროექტში?

დამიკავშირდნენ პროექტიდან, რადგან ნახეს ჩემი ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში პოპულარული იყო. ეს იყო საოცარი გამოცდილება ჩემთვის – სცენაზე დგომა, სიმღერა, აუდიტორიის წინაშე დგომა არის დიდი ბედნიერება. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, მივიღე მონაწილეობა და რაც მთავარია, ვითამაშე არამომღერალი ისე, რომ ჟიურის მოტყუება შევძელი. ვერ გამოიცნეს, რომ მომღერალი ვიყავი. ბაიკერის ფორმა მეცვა, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ჰობი. სინამდვილეში პროფესიით ფარმაცევტი ვარ.

აღნიშნე, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა დიდი ბედნიერებაა. რა გამოცდილება გქონია ამ კუთხით „იმღერემდე“?

მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა არ მიმიღია. 14-15 წლის ასაკში ვმონაწილეობდი „ჯეოსტარში“, მაგრამ ჩემი გამოსვლა ეთერში ვერ მოხვდა. შემდეგ ვიყავი ანსამბლ „რუსთავის“ წევრი. გვქონდა კონცერტები ფილარმონიაში, გამოვსულვარ ოპერის სცენაზეც, მაგრამ ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს, არასდროს შემისრულებია საესტრადო ჟანრი, პედაგოგებიც არ მყოლია. ცოტა უფრო დიდობაში გავაღვიძე ჩემში ეს ნიჭი, რადგან 10 წლის ასაკში მამა გარდამეცვალა და დიდი პაუზა მქონდა…

ეს რთული პერიოდი როგორ გაიარე?

მამაჩემი იყო ჩემი დიდი გულშემატკივარი. დილას ჩემი სიმღერით იღვიძებდა, ძალიან უყვარდა ჩემი სიმღერა. მამის დაკარგვის მერე დიდი პაუზა მქონდა, სანამ დიდი არ გავხდი.

როგორ დაუბრუნდი სიმღერას?

ყოველთვის ვმღეროდი, ყველგან, სახლში, მანქანაში, სამეგობროში, კარაოკე ბარებში. სამსახურში, ფარმაცევტად რომ ვმუშაობდი ერთ-ერთ ქსელში, იქაც მეუბნებოდნენ გოგონები, აქ რა გინდა, სადმე პროექტში გამოდი და მიიღე მონაწილეობაო. ამდენი ადამიანების შეძახილმა გადამაწყვეტინა, რომ სოციალურ ქსელებში გავაქტიურებულიყავი. დავიწყე „ტიკ-ტოკით“. ერთი ვიდეო გახდა პოპულარული, მეორე, მესამე… შემდეგ „ფეისბუქზეც“ გადავინაცვლე. ხალხის ემოციებმა მომცა მოტივაცია, რომ დავბრუნებოდი სიმღერასაც და სცენასაც.

მამას რომ ენახა შენი წარმატება, როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებოდა?

როცა ამაზე ვფიქრობ, ძალიან დიდი ემოციები მიჩნდება. ძალიან გაუხარდებოდა, ბედნიერი იქნებოდა და ალბათ, ჩემი პირველი გულშემატკივარი იქნებოდა. ყოველთვის მეყოლებოდა ზურგ უკან, მეტყოდა, რომ წინ უნდა ვიარო, გავბედო, არაფრის უნდა შემეშინდეს. ალბათ, სცენაზე რომ დამინახავდა, გული გაუსკდებოდა სიხარულისგან…

ახლა თუ არიან შენს ცხოვრებაში ასეთი მოტივატორი ადამიანები?

რა თქმა უნდა, პირველი მოტივატორი არის დედიკო და შემდეგ ჩემი მეუღლე. მით უმეტეს, მამიკოს დაღუპვის მერე დედაჩემი იყო ის პირველი ადამიანი, ბოძი და კედელი, რომლის გარეშეც რას გავაკეთებდი, არ ვიცი. როცა გავთხოვდი და სიმღერას დავუბრუნდი, ჩემი მეუღლე არის ჩემი პირადი მძღოლი, ოპერატორი და „პიარშიკია“. მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა ვიდგე დიდ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე და მივაღწიო წარმატებას.

პირველი რომელი ვიდეო იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს?..

ეს იყო სიმღერა „გამიფერადე“. პატარა ნაწყვეტს ვასრულებ, ერთი მისამღერია მხოლოდ. მეგობარი მესტუმრა, გოგონების ჭორაობა იყო, ერთი ჭიქა ღვინო გვედგა. ვმღეროდი, გადამიღო ვიდეო, რომელიც „ტიკ-ტოკზე“ დავდე. მეორე დღიდანვე ატყდა ერთი ამბავი. მას მერე ყველა ვიდეო „გავარდა“.

ყველაზე მეტი ნახვა რომელ ვიდეოს აქვს?

ყველაზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც ლელა წურწუმიას კონცერტზე ვიმღერე. „შუაგულში“ ვიყავი ლელას კონცერტზე. კონცერტის ბოლო იყო… ძალიან დამწყდა გული, რომ ხმა ვერ მივაწვდინე. ბოლოს, „ღამის სიჩუმე გაფანტე“ რომ დაიწყო, ჩემკენ გამოიხედა და ხელით ვანიშნე, მამღერე-მეთქი. ლელას იმ დრომდე არ ვიცნობდი. ბავშვობიდან მისი რეპერტუარის დიდი მოყვარული ვარ, შეყვარებული ვარ მასზე. პირველად ვიყავი მის კონცერტზე. სცენაზე რომ ავედი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ მახსოვს, რა და როგორ ვიმღერე. ლელას რეაქციაც ძალიან საინტერესო იყო, არ ელოდა, რომ კარგად ვიმღერებდი… იმ დღეს ვიყავი ფრთაშესხმული. ყველაზე მეტი გაზიარება და კომენტარი ჩემი და ლელას სიმღერას აქვს. მას შემდეგ ლელასთან შეხება არ მქონია. „ტიკ-ტოკზე“ ლელას რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა მიდევს და მამულიჩას აქტიურად აქვს დაკომენტარებული, რაც ძალიან მახარებს.

რას აპირებ მუსიკალური კარიერის კუთხით?

ახლა ერთი დიდი სატელევიზიო პროექტი იწყება, სადაც ვფიქრობ, მივიღე მონაწილეობას. თუ სადმე რაიმე სასიმღერო კონკურსი იქნება, უკან აღარ დავიხევ, აღარ შემეშინდება და ფართო აუდიტორიას გავაცნობ ჩემს თავს.

სამი ბიჭის დედა ხარ. მათ, ალბათ, ძალიან მოსწონთ შენი სიმღერა… თავად თუ მღერიან?

სახლში ყოველთვის ვმღერი, ჩემი ბიჭებიც სულ მღერიან, გიტარაზე უკრავენ. უფროსი 14 წლისაა, შუათანა 12 წლის, პატარა სკოლაში მივიდა ახლა. ის აქტიურად მღერის, ძალიან მაგარი მონაცემები აქვს და მაიკო კაჭკაჭიშვილის სტუდიაში მივიყვანე. უფროსი და შუათანაც მღერიან, მაგრამ არ უნდათ თავიანთი მონაცემების გამოჩენა. რა თქმა უნდა, მგულშემატკივრობენ და უხარიათ ჩემი წარმატება.

რაზე ოცნებობ, როგორც მომღერალი?

ჩემი ოცნებაა, მყავდეს ჩემი ბენდი, ვიყო სოლომომღერალი და დავდიოდე ტურნეებსა და გასტროლებზე (იღიმის). ვფიქრობ, დროა კარიერაზე ვიფიქრო. ჩემი ახალგაზრდობა მივუძღვენი ჩემს შვილებს, დედა ყოველთვის სჭირდებათ შვილებს, მაგრამ ალბათ, იმაზე უფრო ნაკლებად, როგორც პატარაობისას. ამიტომ ახლა ჩემი მუსიკალური კარიერისთვისაც მექნება დრო (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები