LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (28 სექტემბერი–4 ოქტომბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3962
მიხეილ ცაგარელი

ეს კვირა გასულ კვირასთან შედარებით გაცილებით უკეთესია, რადგან დედამიწა შედის უფრო პოზიტიურ ენერგოველში. ეს გააძლიერებს თვითრწმენას, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და გაზრდის ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის. მოიმატებს შესაძლებლობები, მათ შორის იდეების რეალიზების კუთხით, რასაც ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს.

ვერძი:

დინამიკური პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ხართ ინიციატივიანი, ენერგიული, კომუნიკაბელური, მახვილგონიერი ლიდერი კარგი ორგანიზატორული უნარებით. გეზრდებათ თვითრწმენა და წარმატების მიღწევის სურვილი, არ აპირებთ მეორეხარისხოვანი როლის თამაშს და ყველგან პირველობაზე გექნებათ პრეტენზია. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის სტაბილური და ჰარმონიული პარტნიორული (როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო) ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან რაც უფრო ჰარმონიულია ეს ურთიერთობები, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. პერიოდი ასევე საკმაოდ კარგია ქორწინებისთვის.

კურო:

ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, რის გამოც ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. ყოველდღიური რუტინული საქმეები და მოვალეობები დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. პარტნიორულ ურთიერთობებს სჭირდება მეტი ყურადღება, რათა არ დაიძაბოს. მოსალოდნელია კრიტიკა პარტნიორებისგან თქვენი უმართავი ხარჯვის, მოქმედებების არათანმიმდევრულობის ან დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც დაძაბულობას გაზრდის. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და შეინარჩუნეთ ჰარმონიული ურთიერთობა კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან, რაც თქვენს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტყუპები:

აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი პერიოდია, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. ძალიან კარგი დროა ახალი შეხვედრებისთვის. შესაძლებელია ახალი საინტერესო იდეების გაჩენა, რის გამოც ზოგჯერ ყოველდღიური მოვალეობები ჯეროვნად ვერ შესრულდეს. ამავდროულად, შორ მანძილზე მგზავრობა და განსაკუთრებით საზღვარგარეთ ვიზიტები ნაკლებად სასურველია. თავი შეიკავეთ სასამართლო დავებისა და ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობებისგან, სადაც მოსალოდნელია სირთულეები. პერიოდი კარგია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის ან ძველის გაღრმავებისთვის. უმჯობესდება ურთიერთგაგება შვილებთან. საკმაოდ კარგი და წარმატებული იქნება კონკურსებში მონაწილეობაც.

კირჩხიბი:

პერიოდი მშვიდი ნამდვილად არ არის. მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები და კონფლიქტები ოჯახში, მშობლებთან, უფროსი თაობის ნათესავებთან ან სამსახურში ხელმძღვანელებთან. შესაძლოა მოხდეს პირადი და სოციალური ინტერესების დაჯახება, რაც ემოციურ გაღიზიანებას გამოიწვევს. თუმცა, ძალიან კარგი პერიოდია სწავლისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისთვის. რაც უფრო მეტად შეძლებთ ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების სტაბილიზაციას, მით უფრო მყარ საძირკველს შეიქმნით საკუთარი სიმშვიდისთვის.

ლომი:

ხართ აქტიური, ინიციატივიანი და ძლიერი ლიდერი, თუმცა მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, რომლებიც ძირითადად სახლს, ოჯახსა და პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება. თქვენმა არაპრაქტიკულმა მოქმედებამ და უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გარშემომყოფთა კრიტიკა და დაძაბულობა გამოიწვიოს. პერიოდი რთულია სწავლის პორცესისთვის, ნაკლებ პასუხისმგებლობას იგრძნობს ამ კუთხით ზოგიერთი თქვენგანი. გაღიზიანებას გამოიწვევს გარკვეული ნაცნობებისა და ნათესავების მცდელობა, თავისი პრობლემები თქვენი ხარჯით მოაგვარონ. მაღალია მცდარი ინფორმაციის მიღების ალბათობა, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერი ცნობა და დოკუმენტებს ხელს ნუ მოაწერთ ყველა პუნქტის საფუძვლიანი გაცნობის გარეშე.

ქალწული:

ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით და გადადით ენერგეტიკულად მშვიდ რიტმზე. საჭირო იქნება ფინანსური დაზოგვა, რადგან ზედმეტი ხარჯები სირთულეებს გაჩენს (მოსალოდნელია ფინანსური შეფერხებები, ამიტომ შეამცირეთ ხარჯები). განსხვავებული პოზიციებისა და შეხედულებების გამო მოსალოდნელია კონფლიქტები გარშემომყოფებთან, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და საქმიანობაზე (როგორც სახლში, ისე სამსახურში). გამოიჩინეთ სიფრთხილე და ამ პერიოდში ნუ განახორციელებთ სერიოზულ ინვესტიციებსა და კაპიტალდაბანდებებს.

სასწორი:

ამ პერიოდის მთავარი ფავორიტი სწორედ სასწორია, რადგან მზე ამ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ხოლო ემოციური მდგომარეობა სტაბილური. წარმატებისა და იღბლის ფაქტორი პირდაპირ თქვენკენ არის მომართული, ამიტომ წარმატების შანსი ყველა სხვა ნიშნთან შედარებით ყველაზე მაღალი გაქვთ. ეს ყოველივე შინაგანი ძალების გააქტიურებას და წინსვლას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც შესაძლოა გარკვეული დაძაბულობა და თქვენი შეზღუდვის მცდელობები გამოვლინდეს, კარგი იქნება, პრობლემას გვერდიდან შეხედოთ ან მესამე პირის აზრი გაითვალისწინოთ. ამავდროულად, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და მიზნები, რომლებიც თქვენს და თქვენი პარტნიორების ძალებს საერთო წარმატებისკენ გააერთიანებს.

მორიელი:

ეს პერიოდი თქვენთვის საკმაოდ რთული, დაძაბული და დისჰარმონიულია (ე.წ. „დაბადების წინა ზონა“). ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას და გაციებას. შეამცირეთ ყოველდღიური აქტივობა, კარგად გამოიძინეთ და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, სარისკო მოქმედებებსა და ზედმეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები და მოშურნეები თქვენს ზურგს უკან. „ენას კბილი დააჭირეთ“, შეინახეთ საიდუმლო და არავის გაუზიაროთ თქვენი სამომავლო გეგმები ან მდგომარეობა, რათა სხვებმა ეს თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენონ. მოერიდეთ დაუფიქრებელ და არასწორ ქმედებებს, რომლებიც პრობლემებს შეგიქმნით.

მშვილდოსანი:

ენერგოტონუსი მატულობს, თქვენ ხართ აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული და მიმზიდველი, მატულობს ფსიქოემოციური სტაბილურობაც. თუმცა, ზოგჯერ გაგიჭირდებათ საკუთარი თავის გაკონტროლება, რამაც შესაძლოა იმპულსური ქმედებები, ზედმეტი სულსწრაფობა და შეცდომები გამოიწვიოს. მოერიდეთ ზედმეტ აჩქარებას, რათა თქვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ლოგიკას მოკლებული და ზედმეტად ემოციური. ეს პერიოდი ხელსაყრელია რეფორმატორული მოქმედებებისთვის, სიახლეებისა და ახალი მეთოდოლოგიების დასანერგად. აქტიურად გამოიყენეთ ინტერნეტსივრცე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, თავისუფალი მიდგომა და სპონტანური იმპროვიზაცია კი წინ სვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური. მატულობს სხვადასხვა ტიპის ტრავმებისა და დაზიანებების ალბათობა. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რათა სიტუაცია არ დაიძაბოს და ხელი არ შეეშლოს თქვენს კარიერულ წინსვლას. პროფესიულ სფეროსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შესაძლოა სირთულეები და წინააღმდეგობები წარმოიშვას ადამიანებთან ურთიერთგაგების შემცირების გამო. მოსალოდნელია ფინანსური არასტაბილურობაც, ამიტომ მოერიდეთ მსხვილ შესყიდვებსა და კაპიტალდაბანდებებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებში, რათა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა კაპიტალის დაკარგვა არ გამოიწვიოს.

მერწყული:

ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური. პერიოდი საინტერესო და დინამიკურია, წინა პლანზე წამოიწევს ორიგინალური იდეები და გონებამახვილობა. თუმცა, თქვენი ენერგია არასტაბილურია, ამიტომ არ დახარჯოთ იგი ფუჭ საქმეებზე ან უსარგებლო კამათსა და კონფლიქტებზე პარტნიორებთან, რისი ალბათობაც მაღალია. პატარა უთანხმოებაც კი შესაძლოა სერიოზულ გარჩევებში გადაიზარდოს და დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. პერიოდი კარგია უცხოელებთან ურთიერთობისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, თუმცა მოგზაურობისას მეტი ყურადღება გმართებთ – არ დაკარგოთ საბუთები, ბილეთები ან პასპორტი, რათა ასეთმა დაბნეულობამ კონფლიქტურ ნიადაგზე არ წარმოქმნას დამატებითი სირთულეები.

თევზები:

ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა არასტაბილურია, მოერიდეთ გადაღლას და გაციებას. ემოციურმა დისკომფორტმა შესაძლოა ფიზიკური გადაღლილობა გამოიწვიოს, იჩენს თავს კარმული პრობლემებიც, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ურთიერთგავლენების ცვლილება და კონფლიქტები გარშემომყოფებთან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გამოიჩინეთ წინდახედულება, რომ სახიფათო სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ. ზოგჯერ სხვების დახმარების სურვილმა შესაძლოა საკუთარი საქმეები დაგავიწყოთ და შეგაჩეროთ. „ენას კბილი დააჭირეთ“, შეინახეთ საიდუმლო და ზედმეტი ინფორმაცია არ გასცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ.

გეომაგნიტური დღეები:

ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა ყურადღება უნდა მიაქციოს გეომაგნიტურ დღეებს. ამ პერიოდში ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას მეტი პრობლემა ექმნება, რაც იწვევს თავის ტკივილს, წნევის ცვალებადობას და სხვა დისკომფორტს. ასეთ დროს, აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ მედიკამენტები ან ყავა ორგანიზმის მოსაწესრიგებლად.

მიმდინარე კვირაში გეომაგნიტური დღეებია: ორშაბათი (28 სექტემბერი), ოთხშაბათი (30 სექტემბერი), ასევე შაბათი და კვირა (3 და 4 ოქტომბერი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები