„28 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც კვების რაიონში კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დადგენილი“, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გურამ ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
გურამ ოქროპირიძის თქმით, დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს, რაც თითოეულ აღსაზრდელზე დღიური 1292 კალორიაა.
„28 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც კვების რაიონში კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დადგენილი. დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ – დღიური 1292 კალორია თითოეულ აღსაზრდელზე.
ზოგადად, საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტი N485-ით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების” დამტკიცების შესახებ. 2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისში „ნოროვირუსით“ ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ კი საბავშვო ბაღებს მიეცათ დამატებითი მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ზოგადად, ბავშვთა და თანამშრომელთა ჰიგიენის დაცვის კუთხით, იქნება ეს პირადი ჰიგიენა, ჯგუფების დასუფთავება თუ საპირფარეშოს მოხმარების წესების კონტროლი“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს თბილისში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით „ნოროვირუსი“ იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.
