პოდკასტის, „მამების დრო“ სტუმარი ჟურნალისტი, წამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო.
ნანიკომ გადაცემაში აღზრდის საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა და გაიხსენა ამბავი, რომელიც მის შვილს, ლილუს შეემთხვა.
ნანიკო ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა დამოუკიდებელი იყოს.
„მე როგორი ტიპი ვარ იცი? აეროპორტში მივაცილე ჩემი შვილი, ჩემოდნები ქვედა სართულზე ჩააბარეს…უკვე კიბეზე რომ დადგა მთელი კლასი, კარგად ჩავკოცნე და დავემშვიდობე. ანუ, არ ავყოლივარ ზემოთ, არ შემიძლია რიგში დგომა და ეს სენტიმენტები ჩემთვის ზედმეტია. ჩავეხუტე, ჩავკოცნე და დავიშალეთ. მოვდივარ მანქანით და არ მგონია, რომ ამით სიყვარულს ვაკლებ ჩემს შვილს. ბევრი შენიშვნა მიმიღია ამის გამო.
უკვე სახლთან ვარ, ლილუს ნომერი რეკავს, გამარჯობა ქალბატონო ნანიკო, მე მესაზღვრე ვარ გიორგიო, თქვენი შვილის საბუთები მისმა კლასის დამრიგებელმა დაკარგა, მარტო პასპორტი და ბილეთი აქვს თანო.
არც მინდობილობა, არც დაზღვევა, ყველაფერი დაკარგული იყო. მე შემიძლია აქედან გავუშვაო, მხოლოდ შენზეა პასუხისმგებლობა, გაუშვებ თუ არა შენს შვილსო. წამში ვიფიქრე, მე რომ ჩემი შვილი დამეტოვებინა თბილისში, რანაირად ეწყინება, როგორ ვერ აიტანს თავის დამრიგებელს, როცა მთელი კლასი წავა საფრანგეთში. თუ მისმა დამრიგებელმა რაღაც ვერ ქნა სწორად, ეს რატომ უნდა დავჩაგროთქო. გადაწყვეტილება წამში მივიღე და უსაბუთო შვილი გავუშვი მარტო ევროპაში.
თუ არ მივუშვებთ ჩვენს შვილებს დამოუკიდებელ ნაბიჯებზე ვერასოდეს ვერ მიხვდებით ისინი რისი გამკეთებლები არიან. მე თანახმა ვიყავი, რომ ის იქ დაკარგულიყო და რაღაცნაირად თავისი თავისთვის მხარი გაემართა, ვიდრე დაჩაგრული, ცუდ ხასიათზე და დაბოღმილი ცუდ ხასიათზე თბილისში დამეტოვებინა,“ – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.
