„ტვ პირველის“ გადაცემაში „პირველი სტუდია“ ნანიკო ხაზარაძე საუბრობს, თუ როგორ შეხვდნენ მისი ახლობელი ადამიანები იმ ფაქტს, რომ მამა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანა, ვინაიდან ის ალცჰაიმერით იყო დაავადებული და თავად ვერ ახერხებდა მის მოვლას:
„ხალხისგან მზად ვიყავი, რომ გადამივლიდნენ და ნათესავებისგან არ ვიყავი მზად. ამბობდნენ, რომ მე მამა გადავაგდე, ჩავაბარე სადღაც, სადაც არ აჭმევენ, აშიმშილებენ, ცუდად ექცევიან, ცხოვრობს ანტისანიტარიაში. თითქოს ამას ვერ მპატიობდნენ, რანაირად უნდა გადააგდოს საყვარელი მამა, ჩვენ წამოვიყვანთ და მოვუვლითო. არც ერთი ნათესავი, ვინც მამაზე ხმამაღლა ყვიროდა, არ მინახავს მასთან მოსული. არც ყურადღება გამოუჩენიათ, არც ერთს დაურეკავს, იმ ნათესავებისგან, ვინც ასე ხმამაღლა ყვიროდა. დანარჩენისგან – კი…“
„ხალხის რისხვა ნაკლებად მტკივნეული იყო. საზოგადოებისგან რისხვა რომ დამატყდებოდა, ცალსახად ვიცოდი. ტელევიზიაში რომ მუშაობ ბევრი წელი, კარგად იცი მაყურებლის მენტალიტეტი, აზროვნების ლოგიკა და ფასეულობები. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი ამ ყველაფრის მეორე მხარე იყო, თუმცა ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემთვის ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო ჩემი ნათესავები, ბევრად უფრო მტკივნეული და ამოუხსნელი იყო, როდესაც შენიანი გეტაკება, რომელმაც ყველაზე კარგად იცის შენი მოცემულობა“.
