მიაქციეთ ყურადღება ე.წ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის 23:45 საათზე და გასტანს 01:00 საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია ადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ამ პერიოდში.
დღე გეომაგნიტურია (წინ გველოდება სამი გეომაგნიტური დღე: პარასკევი, შაბათი და კვირა). გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გუნება-განწყობის გაუარესება და წნევის ცვალებადობა. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.
დღეიდან მომავალ წლამდე ცის კაბადონზე ასტეროიდი ქირონი ბრუნდება ვერძის ნიშანში. ვინაიდან ქირონს არ უყვარს ვერძის ზოდიაქოში ყოფნა, მოიმატებს ფინანსური, პირადი და სამართლებრივი და სხვა საკითხების არაობიექტური შეფასების ალბათობა. გაძლიერდება დიალოგის აგრესიული ფორმები და უსამართლობის გამოვლინებები.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
დღეს მაღალია გზაში მოულოდნელი პრობლემებისა და დაბრკოლებების წარმოქმნის ალბათობა, შესაძლოა გართულდეს მოლაპარაკებები. შესაძლოა შეგახსენოთ თავი წარსულის ვალდებულებებმა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს მზრუნველობა.
დღე კარგია ახალ ბინაში გადასასვლელად, მოგზაურობისთვის, ტურისტული გასვლებითა და ექსკურსიებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებებისთვის, იურიდიული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისთვის, სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული ინვენტარის შესაძენად.
მოერიდეთ მშენებლობებს, ყურის გახვრეტას, სისხლის გადასხმას, ხასიათში სულსწრაფობის გამოვლენას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი კარგი სიზმრები ახდება.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების, მხრების, ხელების, ბრონქებისა და მეტყველების აპარატის მკურნალობა.
სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი და საზარდულის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. შეიტანეთ ცვლილებები რაციონში: მიირთვით მოთუშული ბოსტნეული და თევზი, რაც ამაღლებს იმუნიტეტს.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ფირუზი, ქარვა, ლალი, ამეთვისტო და ლაზურიტი. ხოლო ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.