გასულ კვირას, ქანთრი მუსიკის ახალმა ვარსკვლავმა, ელა ლენგლიმ ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორია გადაწერა, ამჟამად კი, მის გაუმჯობესებას განაგრძობს.
არტისტის სენსაციური ჰიტი – Choosin’ Texas კვლავ ინარჩუნებს საკულტო მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას და ლიდერობის 24-ე კვირას ითვლის.
ამრიგად, კომპოზიცია Billboard Hot 100-ის არსებობის 68-წლიან ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენია და ლეგენდარულ ჰიტებს შორის თავს ყველაზე ხანგრძლივად პირველადგილოსანი სინგლის ტიტულით იწონებს.
ლენგლის ტრიუმფმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ხელშეუხებელი მუსიკალური მონუმენტი, როგორიცაა მერაია ქერის საკულტო საშობაო ჰიმნი – All I Want for Christmas Is You. ქერის 1994 წლის ჩანაწერის 22-კვირიანი ლიდერობის რეკორდს ლენგლის სიმღერა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაუთანაბრდა, წინა კვირას კი მოხსნა და გასცდა მას.
,,ბილბორდის ცხელ ასეულში” ისტორიული რეკორდი მოიხსნა – ელა ლენგლიმ მერაია ქერის გადაასწრო
Choosin’ Texas მირანდა ლამბერტთან თანაავტორობით შექმნილი ქანთრი-პოპ შედევრია, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში აფეთქდა მუსიკალურ პლატფორმებზე. მას შემდეგ სიმღერამ გლობალური ფენომენის სტატუსი შეიძინა და კრიტიკოსების აღფრთოვანებასთან ერთად, მილიონობით მსმენელის გული დაიპყრო.
მუსიკალური ექსპერტების შეფასებით, ელა ლენგლიმ არა მხოლოდ პირადი წარმატება იზეიმა, არამედ თანამედროვე ქანთრი მუსიკის ახალი, ოქროს ეპოქა დაამკვიდრა, რომლის მთავარი მმართველიც დღეს თავად არის.