ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მისი ვიდეოების პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო სამ დღეში გაიზარდა – ნახვების რაოდენობამ რამდენიმე მილიონით მოიმატა და გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელი ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად ეხმაურებიან.
ევა ანა მარია სულ რამდენიმე თვის წინ ძირითადად ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის იყო ცნობილი. დღეს კი მისი ვიდეოები საქართველოს ფარგლებს გასცდა და განსაკუთრებული გამოხმაურება თურქეთიდანაც მოჰყვა.
ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოცეკვავემ დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram-ის Story-ში გააზიარა.
ვიდეოში პატარა ევა ბაბუასთან ერთად კამერის წინ პოზირებს და მისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული მანერით იქცევს ყურადღებას. „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, – დაწერა დემეთ ოზდემირმა ვიდეოს გაზიარებისას.
ამის შემდეგ ევას ვიდეოების ნახვებმა მკვეთრად იმატა. ბოლო სამი დღის განმავლობაში გავრცელებულმა ვიდეოებმა რამდენიმე მილიონი დამატებითი ნახვა დააგროვა.
ევას ვიდეოების კომენტარებში სულ უფრო ხშირად ჩნდება უცხოენოვანი, მათ შორის თურქულენოვანი და ინგლისურენოვანი გამოხმაურებებიც. მომხმარებლები პატარა გოგონას ბუნებრივ მანერას და არტისტულობას აღნიშნავენ.
