
მომღერალი კაკული გურიელაშვილი მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია. ამჯერად საქმიანი ვიზიტით არა, მერაბ სეფაშვილს სტუმრობს, თავისი დიდი ხნის მეგობარს. „არ დაიდარდომ“ დრო იხელთა და „სამი დალიეს“ შემსრულებელს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
კაკული გურიელაშვილი:
მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით იმიტომ, რომ ძალიან გვენატრება საქართველო. მით უმეტეს, ჩემი ძმა, მერაბი. ერთი კვირა მოვეფერებით ოჯახებით ერთმანეთს და ისევ უკან დავბრუნდებით.
მე და მერაბი 1989 წლიდან ვმეგობრობთ. ამ წელს ჩამოვიდა მერაბი ისრაელში. ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. მერაბმა შეასრულა „თეთრი რაში“, მთელი ისრაელი ფეხზე იდგა. კლუბში ვმღეროდი, მერაბი ბანკეტზე იქ მოიყვანეს და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. როცა მერაბმა პირველი დისკი გამოუშვა და აქ ჩაწერეს, ისრაელში გვინდოდა ალბომის პრეზენტაციის გაკეთება. მაშინ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი უფრო ღრმა მეგობრობა და ძმობა.
როგორი მეგობარია მერაბი?
(იღიმის) თუ ადამიანს უნდა, რომ მეგობარი ჰყავდეს, ძმა, ისეთი ადამიანი, რომელსაც თავის სიცოცხლეს ჩააბარებს და ანდობს, ეს არის მერაბ სეფაშვილი. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, როგორი ურთიერთობა გვაკავშირებს.
უამრავი კარგი ამბავი გვაქვს გასახსენებელი. საოცარი იყო, როცა ისრაელში მისთვის უნდა მემასპინძლა. გაიგეს, რომ მერაბი ჩამოდიოდა და ვინ მიმიშვა ახლოს? მე, როგორც მასპინძელმა, ყველაზე ბოლოს ვნახე (იცინის).
უამრავჯერ გვიმოგზაურია ერთად. ახლა საბერძნეთში ექნება კონცერტი და ვაპირებ, ჩავაკითხო. როცა გავიგებ, რომ ქართული საღამო იმართება, ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, მით უმეტეს, თუ მერაბის კონცერტია.
თქვენს შემოქმედებაში რა ხდება? არის სიახლეები?
ჩვეულებრივად მაქვს მიწვევები საზღვარგარეთ, ევროპის უამრავ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა და სიმღერა. მე და მერაბი ვფიქრობთ ერთობლივი ტურნეს გაკეთებას, ეს ჩემი იდეაა. მინდა, დაიწყოს ისრაელიდან, მოიაროს ევროპა, ამერიკა და ფინალი, რასაკვირველია, გაკეთდეს საქართველოში. ეს ჯერ იდეის დონეზეა, მე სხვა სტილს ვასრულებ, მერაბი – სხვას, მაგრამ უნდა მოვნახოთ საერთო რამ. ასე რომ სამუშაო წინ გვაქვს.
საქართველოში თქვენს კონცერტზე არ გიფიქრიათ?
ჯერჯერობით არა (იღიმის). ამისთვის არა მგონია, მზად ვიყო. არ მაქვს იმხელა ბიძგი, რომ ჩამოვიდე საქართველოში და დიდი კონცერტი გავაკეთო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მგონი, ერთობლივი ტურნეს შემდეგ ცალკე კონცერტზეც ვიფიქრებ.
რომ არა სიმღერა, რას დაუკავშირდებდით ცხოვრებას?
არაფერს. პროფესორი მე ვერ გამოვიდოდი, ისევ სიმღერას, სხვა რამეს ვერ მოვირგებდი.
სხვა სტილში გიცდიათ ძალების მოსინჯვა?
ახალგაზრდობაში როკი შემისრულებია, გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო ქართულ სიმღერაზე გადავინაცვლე. მცდელობა აღარ მქონია, რომ სხვა რამ შემესრულებინა. რაც მიყვარს, იმას ვმღერი.
ქართულ შოუბიზნესს ადევნებთ თვალს?
როგორ არა, ვადევნებ თვალს. ჩვენთან, ისრაელში, ტელევიზიის, რადიოსა თუ ინტერნეტის საშუალებით, ყველაფერი ვიცით. ჩვენი ლამაზი ხიდი, ისრაელსა და საქართველოს შორის არსებობს და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად იზრდება და ღრმავდება ჩვენი სიყვარული. ჩვენ ახალ თაობას უნდა გადავცეთ ეს სიყვარული და ჩვენს თაობაში არ უნდა დამთავრდეს. ჩემმა შვილიშვილებმაც კი იციან, რა ხდება საქართველოში, უსმენენ ქართულ სიმღერებს, თავად იციან მოძებნა ინტერნეტში, უყვართ ძალიან და აინტერესებთ. მოდიან და მეუბნებიან, ბაბუ, ნახე, რა ვიპოვეთ? ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. ვცდილობთ, დახვეწილი ქართველები გაიზარდონ, უნდა იცოდნენ, საიდან არიან მათი წინაპრები.
ისრაელში რამდენიმე ქართველი მომღერალია პოპულარული, მათ შორის მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე. ეს, თქვენი აზრით, რისი დამსახურებაა?
ვოკალის, პოპულარობისა და რეპერტუარის. სამივე შემსრულებელი არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში პოპულარულები არიან. ძალიან მაგრად მღერიან. რეპერტუარი ზოგჯერ უნდა ისეთი, ქართველს რომ ესიამოვნება, ასე ვთქვათ, საქეიფო (იღიმის). ამ ადამიანებს გააქვთ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ და დროშას ლაღად აფრიალებენ.
ნინო მურღულია







