მომხიბვლელი ახალგაზრდა წყვილი – დიმიტრი დუმბაძე და მარიამ ბალიაშვილი ახლახან დაქორწინდა და ზღაპრული ქორწილის მთავარი გმირები გახდნენ. დიმიტრისა და მარიამის ქორწილი „გარდენია შევარდნაძეში“ დაიწყო, სვეტიცხოველის ტაძარში „შვიდკაცას“ გალობის ფონზე გაგრძელდა და „შატო მუხრანში“ ხელისმოწერითა და 400-კაციანი ვახშმით გარე სივრცეში ვენახებთან დაგვირგვინდა.
ხელისმოწერას მუსიკალურად აფორმებდა 45-კაციანი ორკესტრი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ქორწილის დაგეგმვაში უამრავი პროფესიონალი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ რეჟისორი ზაალ ჩიქობავა და საღამოს წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე.


დიმიტრი და მარიამი ხუთი წლიდან იცნობენ ერთმანეთს, ვინაიდან მათი ოჯახები მეგობრობენ. წყვილის რომანტიკური ამბავი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, ოჯახურ და მეგობრულ გარემოში და მათ შორის ნელ-ნელა გრძნობა გაჩნდა. დიმიტრი აშშ-ში სწავლობს და ბანკში მუშაობს. როდესაც ის სასწავლებლად დაბრუნდა, ამერიკიდან მარიამთან კონტაქტი გააგრძელა, შემდეგ კი – საქართველოში გოგონას სანახავად ჩამოვიდა… ურთიერთობაც ძალიან მალე განვითარდა და ერთი წლის თავზე ქორწილი შედგა. დიმიტრის მეორე ნახევარი, მარიამ ბალიაშვილი 22 წლისაა, ის მარკეტერი გახლავთ. დიმიტრი ამჟამად საქართველოში საპენსიო ფონდში მუშაობს, მაგრამ იანვრიდან წყვილი აშშ-ში აპირებს გამგზავრებას.


სიძის, დიმიტრი დუმბაძის დედა, მხატვარი, ინგა ზეიკიძე იდეის, დეკორის და დიზაინის ავტორი გახლდათ. ორმეტრიანი დოქები ერთ-ერთმა ოსტატმა სოფელში სპეციალურად ამ ქორწილისთვის შექმნა, ბროლის ჭაღები კი ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული. ამ დეტალებმა სიძველით გაჟღენთილი, მაგრამ ახალი და უცხო გარემო შექმნა, რომელიც სტუმრების გაკვირვებას იწვევდა… ქორწილის მთავარი ორგანიზატორი კი, სიძის მამა, ბიზნესმენი ირაკლი დუმბაძე იყო, რომელმაც რეჟისორ ზაალ ჩიქობავასთან ერთად თავად იზრუნა, ზღაპრული და შთაბეჭდილებებით აღსავსე წვეულება ეჩუქებინა წყვილისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის.

საღამოს ჯადოსნურ ელფერს მატებდა ისიც, რომ ჟღერდა ცნობილი კინომუსიკა, ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით და 45-კაციანი ორკესტრის შესრულებით. ქორწილის ერთ-ერთი კულმინაცია იყო ტორტი, ექვსსართულიან კარკასზე განთავსებული გახლდათ ზუსტად 400 ცალი შოკოლადის დოქი, რომელიც თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად დაურიგდა.


ქორწილში ცეკვავდა ანსამბლი „ერისიონი“, მღეროდნენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, „შვიდკაცა“, ანა ქურთუბაძე და მარიამ როინიშვილი. სიძემ კი თავადაც შეასრულა გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოები – „როცა აყვავდა ნუში“, ნიკოლოზ რაჭველისა და ორკესტრის აკომპანემენტით.
პატარძალმა „ერისიონთან“ ერთად იცეკვა „მუხამბაზი“.
საღამოს კულმინაცია იყო სცენაზე ამერიკელი მომღერლის, დაიანა კინგის გამოჩენა, რომელსაც ინგა ზეიკიძის მიერ შექმნილი სამკაულები ამშვენებდა. დაიანა კინგი ქორწილამდე დიმიტრი დუმბაძის ოჯახს ესტუმრა, სადაც ქალბატონმა ინგამ მას საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულები და მინიატურული ნახატი გადასცა. მომღერალი ქართული ტრადიციებით, ცეკვითა და სიმღერით ძალიან არის დაინტერესებული და გადაწყვიტა, რომ ქორწილში ადრე მისულიყო, რათა საკუთარი თვალით ენახა ის მუსიკალური ზეიმი, რომელიც „შატო მუხრანში“ გაიმართა. დაიანა კინგმა წყვილს მათი საყვარელი სიმღერა – Say A Little Prayer შეუსრულა, ასევე სხვა კომპოზიციები საკუთარი რეპერტუარიდან, თუმცა წყვილის დიდი სურვილი გაითვალისწინა და იმღერა My Cherie Amour, სტივი უიანდერის ჰიტი, რომელიც დიმიტრისა და მარიამს განსაკუთრებულად უყვართ. ამერიკელი მომღერალი ქართული ქორწილით აღფრთოვანებული დარჩა.

ქორწილი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.






