
25 ივლისს, მწერალთა სახლში ნანი ბრეგვაძის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მომღერალთან ერთად დაესწრნენ: ეკა მამალაძე, ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეო ჯორბენაძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი, მარინა ბერიძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე.
16 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯია“ და „ ბლექ სი არენა“ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე გიწვევთ.
სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი!..
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტებთან ერთად, წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.
ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:
უკვე მესამე წელია, „ჩექ ინ ჯორჯიასთვის“ და „ბლექ სი არენასთვის“ არენაზე ქართული პროექტები პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენმა სტუმრებმა იხილონ სინთეზური პროექტები ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს შორის. გავამხელ, რომ მესამე წელია, ქალბატონ ნანის მივმართავთ თხოვნით, რომ იყოს ჩვენი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ავტორი და სტუმარი. როგორც იქნა, ეს შეთანხმება შედგა. ველოდებით სპეციალურ სტუმარს, ყველასთვის ძალიან საყვარელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. ვფიქრობ, ეს ღონისძიების მნიშვნელოვანი დეტალია. დღეს აქ ვართ დიდი გუნდის ნაწილი, რომელიც ამ კონცერტზე იმუშავებს. დიდი მადლობა ქალბატონ ნანის, რომ მიიღო ეს გამოწვევა და დაგვთანხმდა. ბილეთები უკვე იყიდება. ვფიქრობ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისთვისაც დაუვიწყარი კონცერტი შედგება.

გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია“ ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაესწრონ შესანიშნავ ღონისძიებებს და მილიონობით ტურისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობს ყოველწლიურად, უკეთესი შთაბეჭდილებებით წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. ამ ყველაფერში უდიდეს როლს თამაშობს ჩვენი საამაყო დარბაზი „ბლექ სი არენა“, თავისი ძალიან ძლიერი გუნდით. გვახარებს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ერთობლივი პროექტები. გვიხარია, რომ საზოგადოების წინაშე ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და კრის ბოტი წარდგებიან.
ხათუნა კაკაბაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
მესამე წელია, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენას“ გენერალური პარტნიორები ვართ. ასმაგად სასიხარულოა, რომ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის კონცერტი იქნება წელს. ვფიქრობ, ქართველ მელომანებს ძალიან დიდი სიამოვნება ელით წინ.