ტელესახე, უამრავი საინტერესო სიუჟეტის ავტორი, მერიკო კარტოზია აშშ-ში ემიგრაციიდან ახლახან საქართველოში დაბრუნდა და მალევე „რუსთავი 2“-ის დიდი ოჯახის წევრი გახდა, რაც ძალიან ახარებს – საყვარელ ქვეყანაში საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. მანამდე იყო ემიგრაცია და უბედური შემთხვევა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა… ერთ-ერთ გადაღებაზე ის ეტლიდან გადავარდა და ფეხის ისეთი მოტეხილობა მიიღო, რომლის გამოც გაუსაძლის ტკივილებს გაუძლო… აშშ-ში ორი ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ბოლომდე შეძლო ფეხზე დადგომა. ახლა კი „რუსთავი 2“-ის დილის მაყურებლისთვის მოამზადებს სიუჟეტებს მთელი საქართველოდან და ქვეყანას იმ თვალით დაანახვებს მაყურებელს, რომლითაც აშშ-ში ცხოვრების დროს უყურებდა სამშობლოს…

მერიკო, პირველ რიგში, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოჩენას. როგორ დაბრუნდი სატელევიზიო სივრცეში?
ასე ვხუმრობ, რომ ამერიკიდან პირდაპირ „რუსთავი 2“-შინ მოვედი. ბევრი ახლობელი დამხვდა აქ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი მეგობარი მყავს შეძენილი ამ სფეროში. 28 წელია, აქ ვტრიალებ. იმდენი ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი დამხვდა, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ ახალი სივრცე და გამოწვევაა. მგონია, რომ მათთან ერთად დიდი ხანია, ამ გზაზე მოვდივარ. ჩემთვის ახალი ეტაპია. შევეცდები, რომ გავამართლო მაყურებლის იმედი და ვაჩვენო ისეთი სიუჟეტები, როგორსაც ჩემგან მიჩვეულები არიან.

ჩემი სიუჟეტები „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში შეგიძლიათ ნახოთ. პატრიარქის ცნობილი სიტყვების მიხედვით, ჩემს რუბრიკას დავარქვი „საქართველო, მიყვარხარ“. როგორ მყვარებია ჩემი ქვეყანა, ამას მაშინ მივხვდი, წასული რომ ვიყავი. ჩემი თვალით, შორიდან დანახული საქართველო მინდა ვაჩვენო მაყურებელს. ძირითადი სიუჟეტები მექნება თბილისს გარეთ, ბევრი გმირი ცხოვრობს ჩვენ შორის, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ახლახან მაყურებელს ძველი იმერული კერძი გავაცანი, ბევრი მასტერკლასი გვექნება კულინარიის მიმართულებით, ბებოს რეცეპტებით. არაფერი დადგმული არ იქნება, რა ტიპებიც ვართ ქართველები, ყველა კუთხის მიხედვით, იმას ვაჩვენებ. შეიძლება ვესტუმრო საერთოდ უცნობ ადამიანებსაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მსოფლიო მაქვს მოვლილი, არ დამიტოვებია არც ერთი საინტერესო და გამორჩეული წერტილი. ყველა ქვეყანა გამოირჩევა და ერთმანეთზე კარგია, მაგრამ ჩემი საქართველო ისე მიყვარს, რომ მინდა, ეს ყველამ გაიგოს.
ამბობ, რომ შენი თვალით დანახული საქართველოს ჩვენება გსურს მაყურებლისთვის. დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ – ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებულად მძაფრად უღვივდებათ ხოლმე…
როცა ჰოსპიტალში ვიწექი, ჩემ გვერდით ხშირად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი სხვა პაციენტებთან დაკავშირებითაც. ეტყობა იმდენად არავის სცალია და დრო არ აქვს საკუთარი ახლობლების მოსანახულებლად, არც ემიგრანტს და არც ოჯახის წევრებს, არსებობს მოხალისეთა სამსახური, რომელთაც მიჰყავთ ძაღლები და კატები პაციენტებთან მოსაფერებლად, რომ მარტო არ იგრძნონ თავი.

როგორც ჩანს, საჭიროებამ მოითხოვა, შეექმნათ ასეთი სამსახური, ფიქრობენ ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების შესახებ. სულ ვფიქრობ, საქართველო როგორი უნიკალური ქვეყანაა… ვინ დაგტოვებს აქ ჰოსპიტალში მარტო? ფსიქოთერაპევტის როლს ყოველთვის მეგობარი ითავსებდა. ეს ძალიან დიდი თერაპიაა ზოგადად. ის, რაც ქართველებს შეგვიძლია, ერთმანეთის გვერდში ყოფნას ვგულისხმობ, მგონია, რომ ბევრს არ შეუძლია… 90-იანებში ისეთი პერიოდი გამოვიარეთ და ერთმანეთსაც გამოვატარეთ… იმდენჯერ გვაქვს ერთი და იგივე ამბები ერთმანეთისთვის მოყოლილი, მაგრამ არ გვბეზრდებოდა და ყველა ჯერზე გვაინტერესებდა ერთმანეთი… გამორჩეული ხალხი ვართ, ჭირსა თუ ლხინში, ისეთი ენერგიის გაცვლა მიდის… ასეთი ურთიერთობები არ არის იქ, სადაც მე ვცხოვრობდი. წუხილის გადატანა შეგვიძლია, რადგან გვერდზე გვეგულება ახლობელი, მეზობელი, ნათესავი. ეს არ ხდება ამერიკაში, თუმცა გამონაკლისები იქაც არის. ექთნების დამოკიდებულებამ გამაკვირვა. ფეხმოტეხილი რომ შემიყვანეს ჰოსპიტალში და იქ ორი კვირა ვიწექი, პირველ და მესამე დღეს ერთი და იგივე ექთანი იყო, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. როგორც აღვნიშნე, ეს იშვიათად ხდება, ზედაპირულია ყველაფერი და ყალბი. ერთ დღეს, ბარში ვიჯექი და ცხარე ცრემლით ვიტირე, ისე მენატრებოდა თბილისი…

მერიკო, რომ არა ის შემთხვევა, ძალიან მძიმე ტრავმა, რომელიც გადაღებაზე მიიღე, დარჩებოდი ამდენ ხანს ამერიკაში?
ერთი წელი ზედმეტად მომიწია ამის გამო ამერიკაში ყოფნამ. თავიდან საქმის გამო ჩავედი, გადაღებები მქონდა. აუცილებლად დავბრუნდებოდი უფრო ადრე, რომ არა ეს უბედური შემთხვევა… არის ერთადერთი რამ, რაზეც გული მწყდება. ერთმა ადამიანმა ჩემ შესახებ პორტფოლიო მოამზადა, რომელიც განათავსა საიტზე, რომელსაც „ნეტფლიქსის“ და სხვა კომპანიების პროდიუსერები ხშირად სტუმრობენ. ფეხმოტეხილი რომ ვიწექი ჰოსპიტალში, რამდენიმე შემოთავაზება მივიღე. გამიჩნდა ამბიცია, რომ მიმეღო სამსახიობო გამოცდილება ჰოლივუდში. ამ კუთხით, ამერიკაში ყოფნას ყოველთვის სინანულით გავიხსენებ. საქართველოში აუცილებლად წამოვიდოდი, მაგრამ იმ ბექგრაუნდით, რომ სადღაც გადამიღეს, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად… ქუჩაში ყოველთვის მაჩერებდნენ და ჩემი ტიპაჟი მათთვის საინტერესო იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა, კარგად გამოვიყენებდი… სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი…

ახლა რა ეტაპზეა შენი გამოჯანმრთელების პროცესი?
შვიდი თვის განმავლობაში ორი ოპერაცია ჩამიტარდა, ამას მოჰყვა ძალიან დიდხნიანი რეაბილიტაცია. ვერ ვიტყვი, რომ რეაბილიტაცია დავასრულე და ისე წამოვედი. ვეღარ ვძლებდი საქართველოს გარეშე და დავბრუნდი თბილისში. რეაბილიტოლოგი ქეთი მარიცაშვილია ის ადამიანი, რომელმაც ჩემი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა. მისმა სასწაულმა პროცედურებმა და მეთოდმა დამაყენა ფეხზე. მე ჯოხით დავბრუნდი ამერიკიდან, მაინც ვკოჭლობდი, მქონდა ბევრი ტკივილი. დღეს რა შედარებაა, გადატვირთვის დროს მახსენებს თავს ტკივილი, მაგრამ კუნთებიც აღდგა, მოტორიკაც, აღარ ვკოჭლობ, თითქმის არაფერი არ მემჩნევა.
ამ შემთხვევამ რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში?
უფრო მეტად შემიყვარდა ყოველი წუთი და ყოველი წამი. რასაც ადამიანები არ ვაფასებთ, უფრო მეტად ვაფასებ. გავხდი უფრო ფრთხილი. წლების განმავლობაში, ამ შემთხვევამდე, გადაღების გამო დიდ რისკზე შემეძლო წასვლა. 2023 წელს, თურქეთში რომ დაიქცა ყველაფერი, ჩავედი ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც მივაგენი ქართველ გოგონას, რომელიც გადარჩა. ისეთ სასტუმროში ვცხოვრობდი, რომელსაც ნაპრალები ჰქონდა… ახლა ჩემს ცხოვრებასაც და უსაფრთხოებასაც ვუფრთხილდები და ადამიანებსაც… ვიცი, რა არის სანერვიულო და რა – არა. ის, რომ დღეს კიბეზე თავისუფლად ავდივარ, ესეც მაბედნიერებს, რადგან რთული პერიოდები გამოვიარე, როცა ორი ადამიანი მეხმარებოდა, რომ ნაბიჯი გადამედგა. მახარებს ის, რომ ორი ფეხი და ხელი მაქვს, დავდივარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ…

ამ რთულ გზაზე ფსიქოლოგის დახმარება თუ დაგჭირდა?
ყოველთვის კარგი ხასიათი მქონდა, სულ პოზიტიური ვიყავი. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ თავად. თავიდანვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, არ ჩავვარდნილვარ არც პანიკაში და არც დეპრესიაში. პირველივე დღეებში, როცა გაუსაძლის ტკივილებს ვებრძოდი, ოჯახის წევრებს იქით ვამშვიდებდი. ეს ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის შედეგი იყო, არ მინდოდა, სხვებს ენერვიულათ და დაძაბულიყვნენ და არც ჩემი თავის დამძიმება მსურდა. ეს რთული პერიოდი მშვიდად და სიწყნარეში გავიარე… წოლის დროსაც რეჟიმში ვიყავი… იმდენად დავიტვირთე თავი, თუნდაც ვარჯიშით… თავს ვაძალებდი, ვვარჯიშობდი და სასწაულებს ვაკეთებდი. სწრაფად გადიოდა დრო ამ ყველაფერში, უსაქმოდ არ ვიყავი, დიდი დრო მიჰქონდა ჩემს რეაბილიტაციას…
ამ პერიოდმა ძალიან გამზარდა. ჩემი გიჟური გრაფიკი წარსულს ჩაბარდა. უცებ გამაჩერა ცხოვრებამ. ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის. სრულიად გადავაფასე მიდგომები… ღმერთმა უკეთ იცის, ჩვენთვის რა ჯობია. ოცნების გზაზე შეიძლება ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ოცნებებშიც კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ… „იყოს ნება შენი, უფალო“ – ეს არის ყველაზე სწორი სიტყვები. დიდი ხანია, აღარ ვოცნებობ არაფერზე, სურვილები არ მაქვს… ცხოვრების დინებას მივყვები…
ფოტო: დათუნა აგასი
