„ტატიანას სამზარეულო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულინარიული ბლოგია „ფეისბუქზე“. ტატიანა კვეკვესკირი კი მისი შემქმნელია. მზარეულობა დედისგან ისწავლა, ხოლო ახალ-ახალი რეცეპტების შექმნის მთავარი მოტივატორები მისი გურული შვილები არიან. დედას ბლოგის გაკეთებისკენ სწორედ მათ უბიძგეს. ბოლო წლებში ტატიანას სამზარეულოს რეცეპტებმა მთელი ინტერნეტი მოიცვა.
ტატიანა კვეკვესკირი:
ყველაფერი დაიწყო „ლოქდაუნის“ პერიოდში. კულინარია ჩემი ჰობი იყო, უბრალოდ, მიზეზი მოგვეცა, რომ ამ საქმით უფრო მეტად დავკავებულიყავით, იმ დროს ხომ ჩავიკეტეთ. ჩემი ბიჭი არის გრაფიკული დიზაინერი. შემიქმნა ბლოგი და ვდებდი ფოტოებს, ფეისბუქზეც ვათავსებდი სხვადასხვა ფოტოს კულინარიულ ჯგუფებში. შემდეგ ვიდეობლოგის შექმნა გადავწყვიტე. თავიდან არ ვახმოვანებდი, მერე დავიწყე გახმოვანებაც. 2020 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყე ვიდეოების დადება და ამაში ჩემი გურული ბიჭები მეხმარებოდნენ…

თავიდან, ასე აქტიურად, როგორც ახლა, არ ვდებდი ვიდეოებს, მაგრამ ნელ-ნელა პირადში შემოსულმა წერილებმა იმატა, კითხვებს მისვამდნენ სხვადასხვა კერძთან დაკავშირებით, ეს სტიმული იყო ჩემთვის, რომ უფრო მეტად გავაქტიურებულიყავი სოციალურ ქსელში.
თავიდან ბევრი გამომწერი არ მყავდა. ერთ-ერთი პოსტის დადებიდან მეორე დილას რომ ვნახე, ძალიან ბევრი გამომწერი დამემატა. უკვე ინტერესიც მქონდა, რა ხდებოდა ჩემს ბლოგზე. საუკეთესო ადამიანები შემომიერთდნენ, რომლებიც აფასებდნენ სხვის შრომას, თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ნეგატივსაც მიწერდნენ. ყველას მოსაწონი ვერ იქნები. ნეგატიურ კომენტარებს თავიდანაც ნეიტრალურად შევხვდი და ახლაც არ ვაქცევ ყურადღებას…

ყველაზე მეტი გაზიარება რომელ რეცეპტს ჰქონდა?
ჩემმა კეტჩუპის რეცეპტმა მილიონი ნახვა დააგროვა. ტელევიზიაშიც პირველად სწორედ ამ კეტჩუპის გამო მიმიწვიეს.

როგორ იგონებთ ამ რეცეპტებს?
როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ხშირად დავდიოდით სურამში. ტყემლის მომზადება არ იცოდი, არც კეტჩუპის, თორემ დედაჩემის შემხედვარეს, თავიდანვე მიზიდავდა კულინარობა. სურამში ერთმა ქალბატონმა მასწავლა იქ კეტჩუპისა და ტყემლის გაკეთება. მისი წყალობით, საუკეთესო ტყემლისა და კეტჩუპის გაკეთება ვიცი. სამწუხაროდ, ის ქალბატონი გარდაიცვალა.
რაც შეეხება რეცეპტებს, რასაკვირველია, საკუთარი და ჩემი შვილების გემოვნებით ყოველთვის რაღაცას ვმატებ ძველ რეცეპტებს…
კულინარიის სიყვარული დედისგან გაქვთ?
გურმანი დედა მყავს, სხვათა შორის, მამაც ძალიან კარგად ამზადებს. მეგრელი კაცია. ოჯახში საკმაოდ გამჯდარი გვაქვს მეგრული გემოები.
საუკეთესოდ რომელ კერძს ამზადებთ?
ერთს ვერ გამოვყოფ – უფრო ალბათ, ღომი თავისი ატრიბუტებით, პიტნიანი გებჟალიით და ა.შ. თუმცა ყოველდღე მეგრულს არ ვამზადებთ, ერთფეროვნება არ უყვართ ჩემს შვილებს. ახალი კერძების მოფიქრებისას მთავარი სტიმული ჩემი შვილები არიან.
კრიტიკა თუ მიგიღიათ მეგრელებისგან მეგრულ სამზარეულოზე?
მეგრელები უფრო მინდობენ, არ მიწერენ ცუდ კომენტარებს (იღიმის).
ყველაზე მეტად გამომწერებმა რომელი კერძი გაგიკრიტიკეს?
გუშინდელ ამბავს მოგიყვებით, ლეღვის მურაბა მოვამზადე, რომლის რეცეპტიც დედისგან ვიცი, თუმცა მიყვარს ტრადიციული რეცეპტებიდან გადახვევა და დატესტვა, როგორი გამოვა რაღაცის დამატებით. ლეღვის მურაბამ გამოიწვია ბევრი კომენტარი. პატივს ვცემ ყველას აზრს, რეალურ და საღ კრიტიკას ვიღებ, იდეალური არავინაა, თუმცა ჩემი პრინციპი არის – ჩემი სამზარეულო, ჩემი წესები. გამომწერებისგან სასარგებლო ინფორმაციასაც ვიღებ და ვიყენებ. სხვათა შორის, მომწერეს, ლეღვის კომპოტი ძალიან გემრიელიაო, მე კი პირველად გავიგე და მე და დედაჩემიც გაკვირვებულები ვიყავით.
ოჯახზე მოგვიყევით, თქვენს გურულ ბიჭებზე…
ჩემი გურული ბიჭები დიდები არიან. მუშაობენ. ძალიან მოსწონთ დედის წარმატება. რჩევებსაც მაძლევენ, სხვათა შორის. ხუმრობით რომ ამბობენ, სამი დედამთილი მყავს ოჯახშიო, ასე ვარ. აკონტროლებენ ჩემს ბლოგს და შენიშვნებიც აქვთ, მაგრამ მე ჩემი მეგრული ხასიათით წინ მივდივარ. ბავშვობიდან ასეთი ვარ, ეს ხასიათში მაქვს. ხშირად მეკითხებიან ჩემს წარმატებაზე. წარმატება ბავშვობიდან მესმის ასე – უნდა იყო ინდივიდუალური, ის აკეთებს და მეც უნდა გავაკეთო, – ასე არა. შენ როგორც გინდა, ისე უნდა გააკეთო… ამ ხასიათის გამო ბავშვობიდან მაკრიტიკებდნენ, მაგრამ წარმატებისთვის მუდამ ჩემს გზას ვირჩევ, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ სკოლაში რამე არ სცოდნოდათ, მაგრამ შვილებსაც ასე ვარიგებდი, – არასდროს გადაიწეროთ სხვისგან-მეთქი, ყოველთვის განსხვავებული უნდა იყო, მე ასე ვფიქრობ.

სხვა კულინარიულ ბლოგებს ადევნებთ თვალს?
მომწონს ბევრი და ზოგთან ურთიერთობაც მაქვს. ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ ცხოვრობს, დამირეკა და ერთ-ერთი კულიინარიული ბლოგის ვიდეო ჩამიგდო, შენ მეგონე, შენი ფრაზებით დაიწყო ერთი ვიდეოო. მეც რომ ვუსმინე, ჩემი თავი მეგონა… ეს ნამდვილად არ არის კარგი. ჯობია, ბუნებრივად ვინც ხარ, ის იყო… ერთხელ გამოვაცხე მჭადები პიტნით. ვეძახი მჭადუნებს. ერთმა ქალბატონმა მძაფრი კომენტარი დამიწერა. თავად ეს ქალბატონი თურმე დებდა კულინარიულ ჯგუფში პოსტებს, დადო ეს რეცეპტი და დააწერა, იცით, რა გემრიელი მჭადუნები გვაქვს დღესო? მე კი გემრიელად გამლანძღა (იღიმის).
სპეციალურად fortuna.ge-ს მკითხველს ტატიანა კვეკვესკირი თავის ერთ-ერთ საინტერესო რეცეპტს უზიარებს.
კვალამ-კვარეფი (მეგრული ყველიანი კვერები)
1 ც კვერცხი
2ს/კ ზეთი
1 ჭ ადუღებული წყალი
ფქვილი 2,5 -3 ჭიქა შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ
გულსართი:
300 ნადუღი
500 გრ მარილიანი სულუგუნი
100 გრ კარაქი
2 ქ მაწონი
2ს/კ პიტნის აჯიკა:პიტნა,ნიორი,მწარე წიწაკა,მარილი
მომზადება:
მოვზილოთ ცომი, თავიდან ხის კოვზით მოვურიე და ოდნავ რომ შეთბა, ხელით გავაგრძელე ზელვა. ცომი ძალიან ელასტიური გამოდის და არ არსებობს, რომ ხარშვის დროს გასკდეს კვერი. ცომს ვასვენებთ.მანამდე მოვამზადე გულსართი. გავხეხე სულუგუნი, შევურიე ნადუღი და კარაქი. სტანდარტულად გავაბრტყელე ცომი, მოვათავსე გულსართი, მივეცი შესაბამისი ფორმა და მოვხარშე მარილიან წყალში.
ცალკე ჯამში მოვათავსე მაწონი და შევურიე პიტნის აჯიკა. მოხარშული კვერები მოვათავსე მაწვნის მასაში და ზემოდან მოვასხი გამდნარი კარაქი. უგემრიელესი კერძიც მზად არის. ისიამოვნეთ ამ გემრიელობით.
