LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავხდი პირველი ქართველი არტისტი, რომელმაც შექმნა ქართულ-ჩინური ფოლკლორული კოლაბორაცია…“ – დათო კენჭიაშვილის ექსპერიმენტი ჩინეთის დიდ სცენაზე

1704
დათო კენჭიაშვილი

დათო კენჭიაშვილი უკვე მეორე წელია, ჩინეთისა და ყაზახეთის მასშტაბური მუსიკალური პროექტის ჟიურის უცვლელი წევრია. ახლახან შედგა მისი კოლაბორაცია ჩინელ მუსიკოსებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართული ფოლკლორის საფუძვლებზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი მსმენელი, მუსიკალური კონკურსის ფარგლებში, მალე მოისმენს. დათო კენჭიაშვილი fortuna.ge-ს ვრცლად უყვება იმ საინტერესო თავგადასავალის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში ახლა ხდება…

დათო, პირველ რიგში, მოგვიყევი, რამ გამოიწვია მცირე პაუზა, როცა მედიის წინაშე ნაკლებად ჩანდი?

პაუზა ნამდვილად მქონდა, ოღონდ მედიასთან ურთიერთობაში, შემოქმედებითად კი პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდი მაქვს. დგება ხოლმე მომენტი, როცა მთლიანად მუსიკას უნდა მიეძღვნა და მეც ინტენსიურად ვმუშაობდი ჩემი სტუდიისა და ანსამბლის – ,,თაობა” ბავშვებთან ერთად ახალ პროგრამაზე. სულ მალე რამდენიმე პრემიერა გვექნება. პედაგოგებმაც და ბავშვებმაც ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ კომპოზიციებში და შედეგიც მივიღეთ. თუმცა წლის მთავარი ამბავი მაინც ჩემი ჩინეთში გამგზავრება იყო, „სილქ ვეი სთარის“ მეორე სეზონზე.

„სილქ ვეი სთარის“ ჟიურიში ყოფნის შესახებ ქართველმა მსმენელმა ინტერნეტის საშუალებით შეიტყო, თუმცა სრული ინფორმაცია არ გვაქვს – როგორ მიგიწვიეს, რა მასშტაბის კონკურსზეა საუბარი და როგორ აღმოჩნდი მის მუდმივ ჟიურიში? ასევე მოგვიყევი, როგორ გამოჩნდი ჩინეთის ტელევიზიაში და რა ტიპის გამოცდილება იყო ეს?


„სილქ ვეი სთარი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული მუსიკალური კონკურსია – მედია გიგანტის „ჩაინა მედია გრუფის“ და ყაზახეთის პრეზიდენტის ერთობლივი ინიციატივით შექმნილი პროექტი, რომლის მიზანია აბრეშუმის გზის მონაწილე და მეგობარი ქვეყნების კულტურული დაახლოება. მუსიკა კი, მოგეხსენებათ, სიყვარულის მთავარი იარაღია (იღიმის). მან არ იცის ეროვნება, რელიგიური მრწამსი თუ კანის ფერი… ის აერთიანებს და ამთლიანებს და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დესპანი გახლავართ ამ უმნიშვნელოვანეს გლობალურ პროექტში.

„სილქ ვეი სთარზე“ შარშან ყაზახეთის მიწვევით მოვხვდი, ვიცოდი, რომ ყაზახეთში უსმენენ ჩემს სიმღერებს და უყვართ ჩემი შემოქმედება, თუმცა ასეთი დიდი მასშტაბის პროექტში ჟიურის ამპლუაში ყოფნა ჩემთვის გამოწვევა იყო.

წელს მეორე სეზონი ჩინეთში გაიმართა და ჩინეთის მხარემ სპეციალური მიწვევით ჟიურის უცვლელ წევრად დამასახელა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ჩინური მხარის თხოვნით, ჟიურის ერთადერთი წევრი ვარ, ვინც „სილქ ვეი სთარის“ სცენაზე უნდა დამდგარიყო და ემღერა.

იმისთვის, რომ მიხვდეთ რამხელა აუდიტორიაზეა საუბარი, გეტყვით, რომ კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობს და თორმეტივე ქვეყანაში ხდება პროექტის ტრანსლაცია ტელევიზიით. ბუნებრივია, სოციალური ქსელებითაც. ჩინეთში „სილქ ვეი სთარმა“ სტარტი 6 სექტემბერს აიღო ცენტრალური სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით (CCTV China Central Television). რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ძალიან საინტერესო თვენახევარი გავატარე ჩინეთში. სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ისეთი ტრადიციული მუსიკის და ისეთი ქვეყნების ფოლკლორის გაცნობა, რომლებთანაც ამ დრომდე შეხება არ მქონია – ესაა აფრიკა, ვიეტნამი, ბრაზილია, სერბეთი და მრავალი სხვა…

განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო ქართული კულტურისა და ქართული ეთნომუსიკის ამ უზარმაზარ პლატფორმაზე წარდგენა. სიამაყით მინდა გახაროთ, რომ სულ მალე ქართველ მსმენელს დიდი სიურპრიზი ელოდება, ჩინურმა მხარემ ეს უკვე შეაფასა, როგორც უპრეცედენტო მოვლენა ჩვენი ქვეყნების კულტურული მეგობრობის ისტორიაში, რადგან მე გავხდი პირველი ქართველი არტისტი, რომელმაც შექმნა ქართულ-ჩინური ფოლკლორული კოლაბორაცია. თუ წარმოგიდგენიათ, როგორ ჟღერს ქართული მთის სიმღერა ნაციონალური ჩინური ინსტრუმენტების შესრულებით?.. თითქოს დაუჯერებელი ექსპერიმენტი იყო.

ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკოსი, ბატონი ჰონგ ბინგი გახლავთ ამ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და მან სრული ნდობა გამომიცხადა, მიიღო ჩემი არაორდინარული იდეა და ყველა პირობა შემიქმნა, რომ ჩინური ტრადიციული ინსტრუმენტების თანხლებით ინტენსიურად მემუშავა ამ კოლაბორაციაზე, ვირტუოზ ჩინელ მუსიკოსებთან ერთად. ამ სასწაულს ძალიან მალე, მერვე ეპიზოდში იხილავს ჩვენი ქართველი მსმენელი, ჩემი ქვეყნის და ხალხის შეფასება ჩემთვის ყველა ქვეყნის ერთად აღებულ ტაშზე უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში წარვდგები ქართული სიმღერით.

უზომოდ ბედნიერი ვარ ხოლმე, როდესაც პირველად მიმაქვს ქართული ჰანგები ისეთ აუდიტორიასთან, რომელიც არ იცნობს ჩვენს კულტურას. და როცა სხვა ქვეყნის მუსიკოსები, ხელოვანები და უბრალო მსმენელი მეუბნება, რომ ქართული სიმღერის მოსმენისას ცრემლები წამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არ ესმოდათ, რომ ჩემი სიმღერის შემდეგ შეუყვარდა საქართველო , რა უნდა იყოს ამაზე მეტი ჯილდო ხელოვანისთვის. ჩვენი მისიაც ხომ ესაა…

საზღვარგარეთ არაერთი კონცერტი გამართე…

ეს წელი დატვირთული იყო ასევე გასტროლებითაც. 5 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანში 4 კონცერტი ჩავატარე. 3 კონცერტი ოპერის სცენაზე და ბოლო მასშტაბური ღონისძიება ივნისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში გაიმართა, სადაც უკვე ჩემი სტუდია-ანსამბლი „თაობაც“ მონაწილეობდა. აზერბაიჯანულმა მედიამ ჩვენი კონცერტები ქართული გენისა და მუსიკის ტრიუმფად შეაფასა. ორმაგად მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ ძალიან დიდ და პრესტიჟულ სცენაზე ჩემ გვერდით ჩემი მოსწავლეები იდგნენ.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა გეტყვით, რომ მოლაპარაკება გვაქვს აშშ-სა და ევროპის ორ ქვეყანაში კონცერტების თაობაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ, ჩავიტანო ჩემი შემოქმედება მსოფლიოს არაერთ კუთხეში, სადაც ჩემი ქართველები ცხოვრობენ და ამით მადლიერება გამოვხატო იმ უზარმაზარი სიყვარულისთვის, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ.

ქართველი მსმენელი რა სიახლეებს უნდა ელოდოს?

ქართველი მსმენელი ცოტა გავანაწყენე (იღიმის). ბოლო დროს უფრო საზღვარგარეთ ვარ და ჩემი ერთგული მსმენელი ინტენსიურად ითხოვს თბილისში კონცერტს. ასე რომ, ახლო მომავალში ჩემს ოფიციალურ გვერდებზე გამოჩნდება ინფორმაცია, რომელიც გაგახარებთ, რადგან რა მასშტაბის სცენაზეც უნდა ვიდგე, ჩემი ქართველების სიხარულით და სიამაყით ანთებული თვალები ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც მაძლიერებს და მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო შორს და დიდ მასშტაბზე გავიტანო ქართული ბგერები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები