ასტროლოგი რამაზ გიგაური სექტემბრის ასტროლოგიურ პერიოდებზე საუბრობს და საზოგადოებას „უკურსო მთვარის“ კალენდარს უზიარებს.
მისი განმარტებით, აღნიშნული პერიოდი დროის ის მონაკვეთია, როდესაც მთვარე ერთ ზოდიაქოს ნიშანში პლანეტებთან ძირითად ასპექტებს ასრულებს, თუმცა შემდეგ ნიშანში ჯერ არ გადასულა.
ასტროლოგის შეფასებით, ამ გარდამავალ პერიოდში თითქოს „შესვენების რეჟიმი“ მოქმედებს და ახალი საქმეების დაწყება სასურველი არ არის, რადგან ისინი შესაძლოა შეფერხდეს ან მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღოს.
ასტროლოგი სექტემბრისთვის რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს და იმ საკითხებს გამოყოფს, რომელთა განხორციელებისგანაც, მისი მოსაზრებით, „უკურსო მთვარის“ პერიოდში თავის შეკავება სჯობს.
რას უნდა მოვერიდოთ?
რამაზ გიგაურის თქმით, ამ პერიოდში სასურველი არ არის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება – მათ შორის ვალის აღება, ნივთის განვადებით შეძენა ან თანხის გასესხება. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ფინანსური საკითხების მოგვარება შესაძლოა გაჭიანურდეს.
ასტროლოგი ასევე გვირჩევს, აღნიშნულ საათებში არ დავიწყოთ ახალი პროექტები და მნიშვნელოვანი იდეების პრეზენტაცია სხვა დროისთვის გადავდოთ.
გიგაური ყურადღებას ამახვილებს დაპირებებზეც და ამბობს, რომ ამ პერიოდში მიღებულ ან გაცემულ დაპირებებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
მის რეკომენდაციებში ასევე შედის მნიშვნელოვანი ნივთების, განსაკუთრებით ტექნიკის, შეძენისგან თავის შეკავება. ასევე, მისი აზრით, სასურველია ადამიანებმა თავი აარიდონ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს – ახალი ვარცხნილობის გაკეთებას ან აქამდე გამოუცდელი კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებას.
რას გვირჩევს ასტროლოგი „უკურსო მთვარის“ პერიოდში?
რამაზ გიგაურის შეფასებით, ეს დრო შეიძლება გამოვიყენოთ ყოველდღიური, ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმეებისთვის. მათ შორის, სამუშაო სივრცის მოწესრიგებისთვის, კომპიუტერსა და ტელეფონში ზედმეტი ფაილების წასაშლელად და იმ საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც დიდ გონებრივ დატვირთვას არ მოითხოვს.
ასტროლოგი ამ პერიოდს ასევე უკავშირებს ძველი ურთიერთობებისა და ვალდებულებების დასრულებას. მისი თქმით, ვისაც ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება აქვს გადაწყვეტილი, შეუძლია ეს პერიოდი გამოიყენოს, ასევე კარგი დროა ძველი ფინანსური თუ მორალური ვალდებულებების დასახურად.
გარდა ამისა, რამაზ გიგაური ადამიანებს ფსიქოლოგიური განტვირთვისკენ მოუწოდებს – სოციალური ქსელებისგან დასვენებას, წიგნის კითხვას, ფილმის ყურებასა და უბრალოდ მოდუნებას ურჩევს.
„შეინახეთ ეს კალენდარი და გამოიყენეთ, როგორც პირადი ნავიგატორი, რათა ყოველთვის ზუსტად იცოდეთ, როდის იმოქმედოთ და როდის დააპაუზოთ“, – წერს რამაზ გიგაური.
