ექიმი, ნინო ვადაჭკორია „პირველი კლინიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს თუ რატომ არის მაღალი ქოლესტერინი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის:
„შესაძლოა თავს კარგად გრძნობდეთ, მაგრამ სისხლში გქონდეთ მაღალი ქოლესტერინის დონე, რომელიც ხელს უწყობს არტერიების შევიწროებას და ნადების დაგროვებას, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს. რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ ხშირად გაქვთ მაღალი წნევა, ხართ ჭარბწონიანი, გაქვთ დიაბეტი, ეწევით ან გენეტიკური განწყობა გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ… ქოლესტერინის დონის გასაგებად, მხოლოდ ერთი სისხლის ანალიზია საჭირო“, – ამბობს ექიმი.
ნინო ვადაჭკორია პასუხობს პაციენტების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვასაც, რომლის თანახმადაც მედიკამენტები, (სტატინები) რომლებიც ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად ინიშნება, აზიანებენ ორგანიზმს:
„ბევრისგან მსმენია, რომ ეს მედიკამენტები ღვიძლს შლიან, კუნთებს აზიანებენ, დიაბეტს იწვევენ მაგრამ მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში: სტატინებს, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ მოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ – რა არის უფრო საშიში კონკრეტულ პაციენტში? სტატინის შესაძლო გვერდითი ეფექტი, თუ მაღალი ქოლესტერინით გამოწვეული ინსულტისა და ინფარქტის რისკები. მთავარია ვიცოდეთ რატომ გვჭირდება და გვაქვს თუ არა მართლა მისი მიღების ჩვენება“, – ამბობს ექიმი.
