სელინ დიონი 6-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა. 12 სექტემბრის საღამოს, მომღერალმა პარიზის Plénitude Arena-ზე გამართულ კონცერტზე 30 000-ზე მეტ გულშემატკივარს უმღერა.
ეს იყო არტისტის პირველი სრულფასოვანი შოუ მას შემდეგ, რაც მძიმე ნევროლოგიური დაავადების – „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვეს.
შოუს დასაწყისი ემოციური აღმოჩნდა. პოპ-დივამ კონცერტი ფრანგულენოვანი ჰიტით – On Ne Change Pas გახსნა, რის შემდეგაც ემოციები ვერ შეიკავა და აცრემლებულმა მიმართა პუბლიკას:
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი… მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ნახვით. მომენატრეთ! მე დავდე პირობა, რომ დავბრუნდებოდი და აი, აქ ვარ – ვმღერი თქვენთვის და ვმღერი ჩემთვის.”
ორსაათიანი კონცერტის განმავლობაში 58 წლის შემსრულებელმა 25 სიმღერა შეასრულა. ცოცხალი ბენდისა და 20 მოცეკვავის თანხლებით, მან მსმენელს თავისი საკულტო ჰიტები შეახსენა, მათ შორის: The Power of Love, All by Myself და ფილმ „ტიტანიკის“ ლეგენდარული საუნდტრეკი – My Heart Will Go On.

დარბაზში შეკრებილ თაყვანისმცემლებს შორის უამრავი ცნობილი ადამიანიც იმყოფებოდა, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი – მიშელ ობამა.
ეს გრანდიოზული გამოსვლა სელინ დიონის პარიზის დიდი რეზიდენციის დასაწყისია, რომელიც ჯამში 26 კონცერტს მოიცავს. მომღერალი საფრანგეთის დედაქალაქში შოუებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ხოლო დარჩენილ 10 კონცერტს მომავალ გაზაფხულზე გამართავს.