LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახური: „დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია“

117
საბაჟო გამშვები პუნქტი

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, შსს-ს ცნობით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დილით შემოვიდა.

პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.