იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, „თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს“.
აღნიშნული განცხადებით მინისტრი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა“.
„ჩანაწერები აქვს პროკურატურას, რომელიც იძიებს საქმეს და როცა გვექნება შედეგი, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს.
ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.
ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული […] კიდევ ერთხელ განვმარტავ: იყო თუ არა ამდენი ადამიანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო. რაც კადრებიდან ერთი შეხვედით ჩანს, პატიმრის დამოკიდებულებიდან, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ამდენი ადამიანის ჩარევა ყოფილიყო საჭირო, იმისთვის, რომ კანონით დადგენილი პროცედურები განხორციელებულიყო. როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები. როცა დასრულდება გამოძიება და გამოიკვეთება, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
მთავარია პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვენს სისტემაში, პატიმრების უფლებები,მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღირსება იყოს დაცული. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. რა თქმა უნდა, არცერთ სისტემაში, არცერთ ქვეყანაში არ არის გამორიცხული მსგავსი შემთხვევები. არ არის არცერთი ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემა თავისუფალი მსგავსი ბრალდებებისგან და ჩვენი ამოცანა სწორედ არის ის, რომ დროულად, სწორი, სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ მსგავს ბრალდებებზე. ბრალდებას სჭირდება დადასტურება. დადასტურებას ვერც ჟურნალისტები და ვერც მე, მინისტრი მოვახდენთ, ეს უნდა მოახდინოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
