„დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, რომელიც მრავალშვილიან დედობაზე საუბრობს:
„მრავალშვილიანი დედობა, მიმაჩნია, რომ საამაყოა. ყველა ქალს მინდა ვუსურვო, რომ ეს ბედნიერება ჰქონდეს. ის სტატუსი, რომ დედა ვარ, უკვე ყოვლისმთქმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, მაშინ სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც. დედამ პირველ რიგში, თავის შვილებს, ერთმანეთის სიყვარული უნდა ასწავლოს. სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობა, სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაგალახვინებს. ეს ფრაზა მომეწონა და მინდა, რომ ეს ჩემი დევიზი იყოს. თუ შევძლებთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ეს არის ის, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ.
პატარაობიდან მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ გიორგი და ეთერი. ბიძაშვილებთან ერთად დებივით ვიზრდებოდით. ერთი თაობის ბავშვები ერთად ვიზრდებოდით, ეს ფუფუნება იყო და დას და ძმას ვუძახდით ერთმანეთს. ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემს შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდა. არ მიფიქრია, რომ ოთხი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს. ახლა რომ ვუყურებ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ.
ერთი შვილი და მრავალი შვილი დიდად არ ცვლის დედის სტატუსს, ერთი შვილი რომ გყავს, უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ მასთან იყო. შენ გარდა არავინ ჰყავს, რომ გაართოს, შენ უნდა ეთამაშო, წაუკითხო წიგნი, მრავალშვილიან ოჯახში უნებურად დები და ძმები ასრულებენ ამ მოვალეობას. შეგიძლია შენს თავთან მარტო დარჩე, რადგან ერთმანეთზე ზრუნავენ. მეოთხე შვილი უფრო ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით, ლიზამ გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ჩვენ ყველამ, რადგან მას აქვს დისა და ძმის გამოცდილება, დანახული, ნასწავლი, მოსმენილი… მრავალშვილიანი ოჯახი ერთი გუნდია, რომელიც ყველა სიძნელეს გადალახავს…“
