26 სექტემბერს, ჯაზ-კლუბი „თათუზა“ მომღერალ თათა ოქრუაშვილის სოლოკონცერტს უმასპინძლებს. საღამოსთვის მზადებამ უკვე აქტიურ ფაზაში გადაინაცვლა. თათა მეგობარ მუსიკოსებთან ერთად რეპეტიციებს მართავს, რათა საღამომ სასიამოვნო და დაუვიწყარი ელფერი შეიძინოს.
26 სექტემბერს გაქვს სოლოკონცერტი „თათუზაში”, როგორ ემზადები ამ საღამოსთვის?
თათა ოქრუაშვილი:
ლაივისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. აქტიურად ვრეპეტიციობთ და პროგრამაც თითქმის მზად არის. ჩემთვის მთავარია, სცენაზე თავისუფლად ვიყო, ვისიამოვნო ამ საღამოთი და ეს განწყობა მსმენელსაც გადავცე.
გაგვაცანი მუსიკოსები, რომლებიც ამ საღამოს შენთან ერთად დაუკრავენ…
ჩემთან ერთად სცენაზე იქნებიან: ლუკა თოფურია, საბა კასრაშვილი, ხატია ქორიძე და დემნა ამაშუკელი. ძალიან მიხარია ეს შემადგენლობა, იმიტომ რომ თითოეულ მათგანთან მუსიკალური კომუნიკაცია ჩემთვის ძალიან კომფორტულია.
რეპერტუარის შერჩევისას უფრო საკუთარ სურვილებს მიჰყვები თუ ფიქრობ იმაზეც, რა უნდა მოისმინოს შენგან მსმენელმა?
რა თქმა უნდა, ვფიქრობ მსმენელზეც, მაგრამ საბოლოოდ უნდა ვიმღერო ის, რასაც იმ მომენტში თავად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ თუ შემსრულებელს სიმღერა რეალურად არ სიამოვნებს, ამას მსმენელიც ძალიან მარტივად ამჩნევს.
არის სიმღერა, რომლის შესრულებასაც ამ კონცერტზე განსაკუთრებით ელოდები?
არის რამდენიმე და ერთის გამორჩევა გამიჭირდება. ზოგ სიმღერას ჩემთვის კონკრეტული ემოცია და ისტორია აქვს, ზოგს კი უბრალოდ სცენაზე შესრულებისას სრულიად სხვა ენერგია მოაქვს. ვფიქრობ ლაივზე გამოჩნდება, რომელი გახდება ჩემთვის განსაკუთრებული.
შენთვის რა არის უფრო რთული -კონცერტამდე მოლოდინი თუ სცენაზე გასვლის პირველი რამდენიმე წუთი?
უფრო მოლოდინი. სცენაზე რომ გავდივარ და პირველი სიმღერა იწყება, ნერვიულობა ნელ-ნელა ქრება. მანამდე სულ დეტალებზე ვფიქრობ- ყველაფერი მზად არის თუ არა, როგორ წავა საღამო… და მერე ვიწყებ სიმღერას და რაღაცნაირად ვმშვიდდები და საერთოდ აღარ ვნერვიულობ.

რატომ აირჩიე ამ კონცერტისთვის სწორედ „თათუზა“?
„თათუზას“ გარემო თავიდანვე მომწონდა. ჩემთვის, როგორც შემსრულებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჟღერადობა და ის, რომ მსმენელთან ძალიან ახლოს ხარ. აქ შეგიძლია იმღერო, იყო თავისუფლად და უბრალოდ მუსიკით ისიამოვნო. „თათუზა“ ამ საღამოსთვის ზუსტად ის სივრცეა რაც მინდოდა.
როგორი გინდა იყოს 26 სექტემბრის საღამო ერთი სიტყვით?
ყველაზე მეტად მინდა, რომ ისეთი საღამო გამოვიდეს, როგორზეც თვითონაც სიამოვნებით წავიდოდი. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვანიჭებდეს სიამოვნებას და ზუსტად ისეთი პროგრამა ავარჩიე, რომელიც მე ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, მსმენელსაც ძალიან მოეწონება.
