Rolls-Royce-მა დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ღირებულების ექსკლუზიური Nightingale-ის საბარგულის მექანიზმი საინტერესო მეთოდით გამოცადა. სპეციალური „ფორტეპიანოს“ სტილის საბარგულის სახურავი 15 ათასჯერ უნდა გახსნან და დაკეტონ.
Nightingale Rolls-Royce-ის ახალი Coachbuild Collection-ის პირველი პროექტია და მხოლოდ 100 ეგზემპლარად შეიქმნება. თითოეული ავტომობილის ფასი დაახლოებით 9,5 მილიონი დოლარია, დამატებითი ინდივიდუალური პერსონალიზაციის გარეშე.

ავტომობილის სიგრძე 5,76 მეტრს აღწევს, თუმცა სალონში მხოლოდ ორი ადგილია. დიზაინი შთაგონებულია ძვირად ღირებული იახტებით, რასაც განსაკუთრებით მისი გრძელი უკანა ნაწილი და გვერდზე გასახსნელი საბარგულის სახურავი უსვამს ხაზს.

Rolls-Royce-ის ინჟინრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ეს უჩვეულო საბარგულის კონსტრუქციაა. მექანიზმის 15 000-ჯერ გახსნა-დაკეტვის შემდეგ კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ მისი მუშაობა ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც შეუფერხებელი დარჩება. გამოცემის შეფასებით, თუ ავტომობილს კვირაში დაახლოებით ერთხელ გამოიყენებენ და საბარგულს ყოველ ჯერზე ორჯერ გახსნიან, ასეთი ტესტირება დაახლოებით 150 წლის გამოყენებას შეესაბამება.

თუმცა Rolls-Royce Nightingale-ს მხოლოდ საბარგულის მექანიზმზე არ ამოწმებს. პროტოტიპები დაახლოებით 350 კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლიმატურ და საგზაო პირობებში გაივლიან გამოცდებს – მათ შორის ხმელთაშუა ზღვის მოსახვევებიან გზებზე, არქტიკული წრის თოვლიან მონაკვეთებზე, ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებსა და დაახლოებით 2750 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გზებზე.