LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2027 წლიდან უნგრეთის ცირკებში გარეული ცხოველები აღარ გამოჩნდებიან

126
ქირიას NEWS შაბლონი (2)

უნგრეთში გარეული ცხოველების წარმოდგენებში გამოყენება აიკრძალა. ახალი წესები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და შეეხება არა მხოლოდ ცხოველების წარმოდგენებში მონაწილეობას, არამედ მათ შეძენას, მოშენებას, შენახვასა და გაწვრთნასაც.

აკრძალვა, მათ შორის, სპილოებს, ვეფხვებს, სელაპებსა და სხვა გარეულ ცხოველებს შეეხება. გადაწყვეტილება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ მიიღეს, რომლებიც ცხოველების გასართობ ინდუსტრიაში გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ.

კანონი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდსაც. ის ცხოველები, რომლებიც ახალი წესების ამოქმედებამდე კანონიერად იმყოფებოდნენ ცირკებში, იქ დარჩენას სიცოცხლის ბოლომდე შეძლებენ. თუმცა მათი გამრავლება, გაწვრთნა, მაყურებლისთვის ჩვენება და წარმოდგენებში გამოყენება აიკრძალება.

ახალი რეგულაცია უცხოურ ცირკებსაც მოიცავს. უნგრეთში ვეღარ შეძლებენ გასტროლების ჩატარებას ის უცხოური ცირკებიც, რომელთა პროგრამებში გარეული ცხოველები მონაწილეობენ.

უნგრეთი ამ გადაწყვეტილებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობას უერთდება. ევროკავშირის მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანას უკვე აქვს ეროვნული შეზღუდვები ცირკებში ცხოველების გამოყენებაზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალვა მხოლოდ გარეულ სახეობებს ეხება, ზოგან კი ყველა ცხოველზე ვრცელდება.

ცხოველების ცირკებში გამოყენებაზე ყველაზე მკაცრი მიდგომა საბერძნეთს აქვს – ქვეყანამ 2012 წელს სრულად აკრძალა ცხოველების მონაწილეობა ცირკსა და გასართობ წარმოდგენებში. უნგრეთის ახალი რეგულაციაც იმავე ევროპული ტენდენციის ნაწილია, რომლის მიზანი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები