1966 წელს გამოშვებული იშვიათი Honda RC173 ნოემბერში აუქციონზე გაიყიდება და მისი სავარაუდო ფასი 750-950 ათას ფუნტს, ანუ დაახლოებით 1,02-1,30 მილიონ დოლარს შეადგენს. ასეთი ღირებულება მას ბევრ თანამედროვე სუპერქარზე ძვირად აქცევს.
მოტოციკლის განსაკუთრებულ ფასს მისი ისტორიული მნიშვნელობა განაპირობებს. ზუსტად 60 წლის წინ, 1966 წელს, ამ Honda-თი ცნობილმა ბრიტანელმა მრბოლელმა მაიკ ჰეილვუდმა მსოფლიო ჩემპიონატზე რბოლა მოიგო და კარიერაში მეშვიდე მსოფლიო ტიტული გაიფორმა.

RC173 სპეციალურად ჰეილვუდისთვის შეიქმნა. მოტოციკლი მან 1967 წლამდე შეინარჩუნა, შემდეგ კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში Wheatcroft Donington-ის კოლექციაში ინახებოდა. ამჟამინდელ მფლობელს უნიკალური Honda 1997 წლიდან ეკუთვნის.
მოტოციკლს 2005 წელს Honda-ს სპეციალისტებმა სრული რესტავრაცია ჩაუტარეს. შედეგად, ის დღეს არა მხოლოდ საკოლექციო ექსპონატია, არამედ სარბოლო ტრასაზე კვლავ გამოსაყენებლად მზადაა. ლოტს ასევე მოჰყვება სათადარიგო ნაწილები, სპეციალური ხელსაწყოები, ქარხნული დოკუმენტაცია და მოტოციკლის ისტორიის ამსახველი დიდი არქივი.

აუქციონის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ Honda RC173-ის ფასი მისი ტექნიკური მახასიათებლებით კი არა, პირველ რიგში, ისტორიითა და უნიკალურობით არის განპირობებული. სწორედ ასეთი წარმომავლობის მქონე სარბოლო მოტოციკლები დღეს კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით ძვირფას აქტივად ითვლება.

შედარებისთვის, ამ ზაფხულს სხვა უნიკალური მოტოციკლი – Millyard Viper V10 აუქციონზე 149,5 ათას ფუნტად, დაახლოებით 203,3 ათას დოლარად გაიყიდა. Honda RC173-ის მოსალოდნელი ფასი კი ამ თანხაზე რამდენჯერმე მაღალია.