აშშ-ში იანვრის შუა რიცხვებში აუქციონზე გაიტანენ უნიკალურ Bugatti Type 57S-ს, რომელიც 1936 წლის ბოლოს არის აწყობილი. ავტომობილი ფრანგული ატელიე Gangloff-ის მიერ შექმნილი კუპეს ძარითაა აღჭურვილი და ამ მოდელის სხვა იდენტური ეგზემპლარი არ არსებობს.
Bugatti Type 57S 1930-იან წლებში Type 57-ის უფრო სპორტულ ვერსიას წარმოადგენდა. მას უფრო მოკლე ბორბლების ბაზა და შემცირებული კლირენსი ჰქონდა. გასაყიდი ავტომობილი აღჭურვილია 3.3 ლიტრიანი რვა ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 ცხენის ძალაა. ძრავა ოთხსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული.

ავტომობილის ისტორია თითქმის თავიდან ბოლომდეა ცნობილი. მან არსებობის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მანქანა დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა. 2010-იან წლებში იშვიათი Bugatti ჩრდილოეთ ამერიკაში გადაიყვანეს, სადაც ავტომობილმა რამდენიმე რესტავრაცია გაიარა. ბოლო აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა.

Bugatti-ს საბოლოო ფასი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა აუქციონზე ერთ-ერთ მთავარ ლოტად არის წარმოდგენილი. მსგავსი ავტომობილების წინა ვაჭრობები მის შესაძლო ღირებულებაზე წარმოდგენას ქმნის: აგვისტოში კალიფორნიაში კიდევ ერთი Type 57S 4,995,000 დოლარად გაიყიდა.